"სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს" - კვირის პალიტრა

"სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს"

"თუ ეს პოლიტიკური ბულინგი დიდხანს გაგრძელდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების ნაწილი რაღაც ეტაპზე იფიქრებს, რომ ოპოზიცია ძალას იკრებს და ინიციატივა მის ხელშია, რის შედეგადაც შეიძლება ბევრი გადავიდეს ოპოზიციურ ფლანგზე"

30 ნოემბერს გაიმართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსი გახლდათ. პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მოჰყვა, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპონენტები ერთ მაგიდასთან დასხდნენ. მათი მსჯელობის მთავარი საგანი იყო ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის ინტერპრეტირებული ვარიანტის დაკანონებასაც ითხოვს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსში ამგვარი ცვლილება არაკონსტიტუციურია. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთი შეხედვით უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ როგორც შეხვედრის ინიციატორებისგან მოვისმინეთ, დიალოგი გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვანია. თუ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გაგრძელდა, ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი გართულებები მოჰყვეს, მით უფრო, რომ ქუჩაში დაპირისპირებები ვიხილეთ არა მხოლოდ პროტესტანტებსა და სამართალდამცავებს, არამედ სამოქალაქო ჯგუფებს შორისაც. ვფიქრობთ, სახიფათო ნიშანია, რაც მოხდა ქუთაისში, როდესაც ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს "ქართული ოცნების" ოფისის ე.წ. დაბოქლომება, ცოტა ხანში კი მმართველი პარტიის მხარდამჭერები დაესხნენ თავს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი, სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე

- მოდი, შევთანხმდეთ, რომ რადგან ამ პროცესში გაჩნდა მოლაპარაკების მაგიდა, ეს უკვე კარგია, მით უფრო, რომ ამას ხელმძღვანელობს დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დაინტერესებულია ვითარების განმუხტვით. ისიც საყურადღებოა, რომ მოლაპარაკებებმა თითქმის ხუთ საათს გასტანა, რაც ნიშნავს, რომ იქ მიდიოდა ცხარე დებატები, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდიდან პროტესტის ნიშნად არავინ გაქცეულა, ესე იგი, მხარეები მხოლოდ ემოციებით არ ხელმძღვანელობდნენ. რთული სათქმელია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დიალოგმა, თუმცა ესეც მალე გაირკვევა. ვის როგორი განზრახვა აქვს, არ ვიცი, მაგრამ მთავარია, ნავსი გატყდეს. ერთმანეთთან საუბრის შემდეგ პროცესი შეიძლება დაბრუნდეს კონსტრუქციულ კალაპოტში და მხარეებმა ძალის დემონსტრირება შეწყვიტონ. ამას შემთხვევით არ ვამბობ. თქვენ ქუთაისში მომხდარი დაპირისპირება ახსენეთ, რაც მართლაც საყურადღებოა. ერთია, როდესაც პროტესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის ხდება შეჯახება და მეორე, როცა მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს, რის შედეგადაც ქვეყანა დიდ ქაოსში გადაეშვება. დიახ, ბოლო პერიოდში უკვე მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც ძალიან სახიფათოა. თუ დროულად არ გამოვედით ამ ჩიხიდან, შესაძლოა, "გუნდა" ზვავად გადაიქცეს. აქ გასათვალისწინებელია გარე საფრთხეებიც. დარწმუნებული ვარ, არც ერთ და არც მეორე მხარეს შეგნებულად არ სურს, მტრის თამაშის მონაწილედ იქცეს, მაგრამ ეს შეიძლება ისე მოხდეს, ისე იქცე ადამიანი ბრმა იარაღად, რომ ვერც მიხვდე. ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ჩვენმა არაკეთილმოსურნე ქვეყანამ არ გაიმარჯვოს.

- მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტში ჩააგდო თავისივე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "იმედს". ამ ინტერვიუს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მაგალითად, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ის ასე შეაფასა: "ივანიშვილის მთელი ინტერვიუ გამოხატავდა ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ავტორიტარი მმართველის დაუოკებელ წყურვილს, ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ერთპიროვნული ძალაუფლება..." - იაგოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად დავსვამდი საკითხს. ჩემი აზრით, ივანიშვილის საქციელის ახსნა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების გადაჭარბებული სურვილით საკმარისი არ არის. ეს სურვილი ყველა პოლიტიკოსს აქვს. ძალაუფლება გავლენაა. თუ გავლენაზეა ლაპარაკი, მაშინ ივანიშვილს გავლენა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან - მმართველებს მართავდა; თუ სახელისუფლებო თანამდებობაზეა ლაპარაკი - ის პრემიერი იყო, რაც ახალი კონსტიტუციით თითქმის პირველი პირის სავარძელს ნიშნავს და თვითონ წავიდა ამ თანამდებობიდან; ფინანსური ძალაუფლება მას ჰქონდა ადრეც და აქვს ახლაც, ასე რომ, ძალაუფლების სურვილი მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს. ამიტომაც მგონია, შაბლონად იქცა შეხედულება, რომ თუ ადამიანი პოლიტიკაშია და იბრძვის, მისი მიზანი ძალაუფლებაა... იშვიათად გვახსენდება, რომ ადამიანისთვის ძალაუფლება შეიძლება საშუალება იყოს და არა მიზანი. სხვა ინტერვიუებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ივანიშვილს აქვს გარკვეული წარმოდგენა და სურვილი, თუ როგორ ქვეყნად უნდა იქცეს საქართველო და ამის განსახორციელებლად სჭირდება ძალაუფლება, მაგრამ ერთია წარმოდგენა და სურვილი, მეორე - რამდენად სწორია მისი წარმოდგენა-სურვილები, მესამე და მთავარი კი - შესწევს თუ არა ივანიშვილს ძალა მათ განსახორციელებლად გუნდის შეკრებისა და ამუშავების.

მან ბოლო ინტერვიუშიც აღნიშნა, პოლიტიკა ჩემთვის უცხო ხილიაო, ანუ დღემდე პოლიტიკა მას უხერხულობას უქმნის... სამწუხაროდ, ერთია კეთილი სურვილები, დაპირებები, მაგრამ მეორეა პოლიტიკური, ეკონომიკური და თუნდაც დიპლომატიური კომპეტენცია. აქვთ კი ეს კომპეტენცია მას და მის გუნდს? ვფიქრობ, პოლიტიკაში მან ისეთივე შთამბეჭდავი შედეგი ვერ მიიღო, როგორიც ბიზნესში, რადგან პოლიტიკა მისთვის უცხო ხილია. სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბიზნესმენები მაინცდამაინც კარგად ვერ უღებენ ალღოს პოლიტიკას. პოლიტიკა და ბიზნესი სხვადასხვა რამაა, სხვადასხვა უნარს მოითხოვს.

ჩემი აზრით, ამ ინტერვიუმ გამოაჩინა, რომ მთავარი პრობლემა კვლავაც არის ივანიშვილის პოლიტიკისადმი დამოკიდებულება და არა ის, რა სურს მას. არადა, ჩვენში მას, ძირითადად, ამ სურვილებზე ეკამათებიან. ოპოზიცია გამუდმებით ლაპარაკობს, რომ მას ქვეყნის დანგრევა უნდა, რომ სურს, მთელი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს და ა.შ. არადა, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილს შეუძლია, ერთ დღეს მართლაც ადგეს და წავიდეს არა მხოლოდ ხელისუფლებიდან, არამედ ქვეყნიდანაც და აღარ იდარდოს, ქვეყანაში ქაოსი იქნება თუ არა! ფინანსური ძალა მას ყოველთვის დაუკმაყოფილებს ძალაუფლების სურვილს.

მოკლედ, ჩემი აზრით, ივანიშვილს სურს, შექმნას ნორმალური სახელმწიფო. პრობლემა ის არის, შეუძლია თუ არა ეს.

დავუშვათ, არ შეუძლია და როგორც თვითონ ამბობს, ის არ არის პოლიტიკისთვის დაბადებული, მაგრამ ცდილობს, განახორციელოს ჩანაფიქრი. ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობას, დღეს გვყავს ალტერნატიული ფიგურა, სურვილიც რომ აქვს და უნარიც? ადამიანი, ვისაც მართლაც შესანიშნავი პოლიტიკური ინტუიცია აქვს, მიხეილ სააკაშვილია, "ქართული ოცნების" საპირწონე პოლიტიკურ ძალად კი რჩება "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფებით... დღესდღეობით ალტერნატივა არ ჩანს. საკითხი ასე დგას: რა ურჩევნია საქართველოს მოქალაქეს - ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ამ შვიდი წლის განმავლობაში გზადაგზა სწავლობს პოლიტიკას, უშვებს შეცდომებს, მაგრამ აშკარაა, რომ გვამების სახურავზე შემოდებით არ უნდა ქვეყნის წინ წაყვანა, თუ ის ძალა, რომელსაც, მშვენივრად ვიცით, რა შეუძლია, როცა საქმე ძალაუფლების შენარჩუნებაზე მიდგება...

აი, ეს არის დღევანდელი პოლიტიკური პროცესის დილემა...

- თუმცა ისიც ცხადია, რომ დღეს შექმნილი ვითარებით ორივე ძალა მშვენივრად სარგებლობს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფებით ისე ავსებენ მთელ პოლიტიკურ სივრცეს, რომ ახალი ფიგურებისა და ძალებისთვის ადგილს არ ტოვებენ და ამაში ისინი პარტნიორებიც კი არიან... პროპორციული საარჩევნო სისტემა სწორედ ამ "დახუთულ სივრცეში" ფანჯრის გაჩენის შესაძლებლობად განიხილებოდა... - უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკაში მე ჯერ არ მინახავს, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ერთმანეთისთვის ადგილი ისე დაეთმოთ, როგორც ტრანსპორტში უთმობენ ხოლმე მგზავრები... პოლიტიკურ სარბიელზე ყველა ახალი ფიგურა შემოდის ბრძოლით და ამ ბრძოლით მოიპოვებს საკუთარ ადგილს.

- დავუბრუნდეთ ივანიშვილის ინტერვიუს... არაერთი ექსპერტისგან მოვისმინეთ, რომ ის შექმნილ რეალობას მაინცდამაინც ადეკვატურად ვერ აღიქვამს. - მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა. ვფიქრობ, რეალისტური იყო მისგან პარტიების შეფასება. საკუთარ გუნდზე საუბრისას შეიძლება გადააჭარბა, მაგრამ რომელი ლიდერისგან მოგისმენიათ განცხადება, ჩემი გუნდი არ მომწონსო? ეს პარტიული ლიდერის სავალდებულო რიტორიკაა.

ივანიშვილის ინტერვიუც გარკვეულწილად გათვლილი იყო "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებზე. აშკარაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, შიგნიდან არ აუფეთქდეს ვითარება.

- რას იტყვით მის განცხადებებზე დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის მხარდაჭერაზე იმ დროს, როდესაც უცხოეთიდან მკაცრი შეფასებები ისმის? ამავდროულად, მან მკაცრად გააკრიტიკა NDI და IRI. მათ აშშ-ის ხელისუფლებასთან ჩივილითაც კი დაემუქრა... - რაც შეეხება აშშ-თან დაკავშირებულ პასაჟს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ინტერვიუს წინადღეს ივანიშვილი შეხვდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს უკვე შეთანხმებული პოზიცია იყო. ეს უნდა ვივარაუდოთ იმიტომაც, რომ თვითონ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას ლობიზმისა და "ენჯეოების" მიმართ. ივანიშვილმა სცადა ეთქვა, რომ არ არის აშშ-ის ინტერესების საგანი ის შედეგები, რომლითაც ოპერირებენ NDI და IRII. ამიტომ ივანიშვილის კრიტიკა იმას ეხება, რასაც ტრამპიც აკრიტიკებს. ეს სახიფათოდ არ მიმაჩნია.

რაც შეეხება იმას, როგორ აღიქმება, რომ ივანიშვილმა "გადააგდო" ოპოზიცია... გადაგდების თემა პოლიტიკაში იშვიათობა არ არის. გავიხსენოთ, როგორ "გადააგდო" მერკელმა ჰელმუტ კოლი, ანუ ის, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში. სააკაშვილ-ჟვანიამაც "გადააგდეს" შევარდნაძე... მოკლედ, ეს ხერხი, სამწუხაროდ, შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკოსმა, მაგრამ აქ სხვა საფრთხე ჩნდება - თუ აკრძალულ ხერხს იყენებ, მერე აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, არ უნდა დამარცხდე. თუ ვერ გაიმარჯვებ, ხუთჯერ უარეს შედეგს მიიღებ, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდი.... გათვალა თუ არა ეს ივანიშვილმა, არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ეს ნაბიჯი მიიყვანს თუ არა მას გამარჯვებამდე... ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" საიმისო არაფერი სჭირდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ვფიქრობ, გაცილებით ადვილად შეეძლოთ წარმატების მიღწევა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ვიდრე ახლა ასეთი ხმაურის, აურზაურისა და "გადამგდებლის" იმიჯის შეძენის შემდეგ.

ჩემი აზრით, ეს არის "ოცნების" პოლიტიკური შეცდომა. იმიჯი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. შეიძლება "ოცნებას" ალღომ აქაც უღალატა. ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

- რას ფიქრობთ ოპოზიციის აქციებზე, იმ პერფორმანსებზე, რაც გასული კვირის განმავლობაში ვნახეთ? - ხელისუფლება ტყუილად ინუგეშებს თავს იმით, რომ ეს აქციები მრავალრიცხოვანი არ არის და მილევადია. მართალია, ბოლო აქციების დროს არც ბევრი ხალხი იყო, სამართალდამცავთა მოქმედებებიც გამოირჩეოდა სიფრთხილითა და კანონის შესაბამისობით, მაგრამ პარლამენტის სხდომების ჩატარება სპეცრაზმის დახმარებით ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ქვეყნის შიგნიდან და არც გარედან.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლოკალური პრობლემების შექმნა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ეს პერფორმანსები, რაც ვნახეთ, პრეზიდენტის, პარლამენტარებისა თუ მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას მუდმივად ტოვებს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში, მოქმედებს საზოგადოებაზეც. ლაპარაკი, რომ თურმე ოპოზიცია არასერიოზულად იქცევა და ამით თავის დამშვიდება პრობლემების გამარტივების ცდაა... გარდა ამისა, ეს ყველაფერი აჩენს არასტაბილურობის განცდას, მუდმივად სტრესში ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს, მოქმედებს ეკონომიკაზე.

თუ ეს პოლიტიკური ბულინგი დიდხანს გაგრძელდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების ნაწილი რაღაც ეტაპზე იფიქრებს, რომ ოპოზიცია ძალას იკრებს და ინიციატივა მის ხელშია, რის შედეგადაც შეიძლება ბევრი გადავიდეს ოპოზიციურ ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელთან შედარებით დღეს კარდინალურად შეცვლილი ვითარებაა, "ვარდების რევოლუციით" "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად ისწავლა, რომ ასეთი რყევებით შეიძლება ხელისუფლებას აგურ-აგურ გამოაცალო მისი გუნდისა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, ეს სტრატეგია, რაც მათ და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გვაჩვენეს, ნამდვილად არ არის უმიზნო...

აქ გასათვალისწინებელია გარე საფრთხეებიც, რაც თავიდანაც ვახსენეთ. ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის ინტერესებში არ შედისო. ვფიქრობ, მისი ინტერვიუს ხარვეზი იყო ის, რომ არ დააზუსტა, რომელი ქვეყნის ინტერესებში შედის არეულობა საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობა და ქაოსი ისე არავის აძლევს ხელს, როგორც რუსეთს. მას ანაკლიის პროექტის ჩაშლა სჭირდება. ეს ყველას უნდა ახსოვდეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც!

- კარგი იქნებოდა, ამაზე ივანიშვილიც და "ქართული ოცნებაც" მაშინ დაფიქრებულიყვნენ, როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა. ხომ აშკარაა, რომ სწორედ ხელისუფლებამ უბიძგა ოპოზიციას ქუჩაში გასვლისკენ... - სამწუხაროდ, ფიქრის, ანალიზის დეფიციტი ახალი პრობლემა არ არის ქართულ პოლიტიკაში. კარგი იქნება, ოპოზიციაც დაფიქრდეს იმაზე, როგორ გაძლიერდეს. ინტელექტუალურად და პოლიტიკურად ძლიერი ოპოზიცია იქნება ამომრჩევლისთვის საშუალება, რომ აიძულოს ხელისუფლება, მოიქცეს სწორად. როცა ოპოზიცია სუსტია, ნებისმიერი ხელისუფლება თამამდება.

- როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მამუკა ხაზარაძის "ლელო", დავით უსუფაშვილის "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" თანამშრომლობას აპირებენ... - მე მივესალმები ამ თანამშრომლობას. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ და რით დაამახსოვრებენ თავს საზოგადოებას. ჯერჯერობით ამ პროცესების ფონზე მიჭირს მათი შანსების შეფასება.

- კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ კარასინისგან ქართველმა საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე დეკემბერში საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. აუხსნელი იყო ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ არაფერი იცოდა და ეს ამბავი კარასინისგან გაიგო... მოგვიანებით ითქვა, რომ ეს თურმე კერძო ინიციატივაა. რასთან გვაქვს საქმე? - გგონიათ, კარასინმა ტყუილად შემოაგდო თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა?!

ეს ყველაფერი სახიფათო ამბავი მგონია... უკვე ვთქვით, რომ რუსეთს სჭირდება არეულობა საქართველოში. ზაფხულში ამ არეულობის ერთ-ერთ ბერკეტად მან გამოიყენა გავრილოვი. გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რუსეთისთვის მოულოდნელი იყო, რაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა... ამ რაღაც ცენტრის შექმნის ინიციატივით რუსეთი არეულობის ახალ ნაღმს ხომ არ დებს საქართველოში?!

მით უფრო, თუ კარასინის ინიციატივის შესახებ ხელისუფლებაში მართლაც არაფერი იცოდნენ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაღვივება-გაღრმავებაც არის. შესაძლოა, ამასაც ცდილობდნენ.

უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იყოს - სხვაგვარად დემოკრატიული ბალანსი ვერ შეიქმნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკა. ჩვენთან შეიძლება იყოს ღელვა, მაგრამ ისე, რომ წყალი რუსეთის წისქვილზე არ დავასხათ.

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდა, დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. თUუ რყევები გაგრძელდა, ეს სავარაუდოდ მძიმედ აისახება ლარის კურსზე, საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმზე და შემდეგ მოვლენები ჯაჭვური რეაქციით განვითარდება და ყველა სფეროს შეეხება.