ანა დოლიძე: "ფსიქოანალიტიკური დუელი უნდა დამთავრდეს!" - კვირის პალიტრა

ანა დოლიძე: "ფსიქოანალიტიკური დუელი უნდა დამთავრდეს!"

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი ანა დოლიძე ივანიშვილსა და სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს და ორივეს წასვლისკენ მოუწოდებს. "თქვენი მენტალური პენსიის დროა, დაგვღალეთ, წადით!"

- 14 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა. ხელისუფლებამ საბოლოოდ შეირცხვინა მსოფლიოში თავი. მე სამოქალაქო სანქციის მომხრე ვარ, ხელისუფლებამ სილის შემოლაწუნება უნდა იგრძნოს.

- არის კი ისეთი საპროტესტო მუხტი, რომ ხელისუფლებამ ეს სილა იგრძნოს? - ამას ორი მიზეზი აქვს - ეს თემა ემოციურად არ არის ახლოს ხალხთან. 11-წლიანი უმაღლესი იურიდიული განათლება მაქვს და მეც ძლივს ვიგებ გერმანული მოდელის არსს; მეორე - უამრავ ადამიანს და მათ შორის მეც არ მსიამოვნებს, რომ აქციაზე "ნაცმოძრაობის" სახეები დომინირებენ. მივესალმები პროცესებს, რომლებსაც "სირცხვილიას" ახალგაზრდები ატარებენ, მაგრამ იქ დგანან გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, რომლებმაც 20 წლის წინ უკვე ჩაატარეს ასეთი ოპერაცია სახელად "კმარა" და ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს.

მე დავდივარ აქციებზე, მაგრამ უამრავი მოქალაქე მწერს სოციალურ ქსელში, რომ არ მოსწონთ ეს პროცესები, თორემ მოსახლეობის უმეტესობას პროპორციული არჩევნები უნდა.

- თქვენ წერილში ივანიშვილსა და სააკაშვილს წასვლისკენ მოუწოდეთ... - მე საზოგადოებრივი საკითხებით ვარ დაკავებული და მინდა რაღაცები შეიცვალოს. თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება არ შედგება, მომხრე ვარ, წნეხი გაგრძელდეს.

- რიგგარეშე არჩევნები ვის აწყობს? - მხოლოდ ორ ძალას - "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" და ეს ქვეყანაში ახალი ძალების გამოჩენის საშუალებას არ იძლევა.

- ანუ წინააღმდეგი ხართ? - მე ამ ოპოზიციურ ფორმატში არ ვმონაწილეობ. თუ ოპოზიციური სპექტრი ამას მიაღწევს, ვფიქრობ, ისევ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, "ოცნება" ვერ მოიგებს და რიგგარეშე არჩევნები იმიტომაც არის ცუდი, რომ ახალ ძალებს ვერ წარმოშობს, ამას დრო სჭირდება.

- წერილში აღნიშნეთ, წინასწარ ვიცით, რაც მოხდებაო. რა იგულისხმეთ? - სატელევიზიო გამოსვლები. ზუსტად ვიცი, სააკაშვილი გამოვა და იტყვის, რომ ივანიშვილი უნდა დამთავრდეს, ივანიშვილი კი ყველას "ნაციონალად" მონათლავს. ქართველი ხალხი, რომელსაც ათასი პრობლემა აქვს, საერთოდ არ ადარდებს მიშა-ბიძინას. ეს ფსიქოანალიტიკური დუელი უნდა დამთავრდეს!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი? - არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სურთ, პოლიტიკური ველი გაინაწილონ და საბოლოოდ შემოგვრჩეს ორპარტიული სისტემა. 2020 წლის არჩევნებში გვექნება ამ სისტემის გარღვევის შანსი.

- "ლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" თანამშრომლობას იწყებენ... - თუ ვიღაცებს ამბიცია აქვთ, გააღვივონ ორპარტიული მონოპოლია, მისასალმებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ დასავლური კურსი. ვინ მოახერხებს ამას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჰორიზონტზე ახალი ძალების გამოჩენა მნიშვნელოვანია!