ალეკო ელისაშვილი: "ხელისუფლება პოლიტიკურ ბუნკერშია ჩამძვრალი" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "ხელისუფლება პოლიტიკურ ბუნკერშია ჩამძვრალი"

"დისკომფორტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდით დგომა, მაგრამ ახლა ის უფრო სიკეკლუცე იქნება, თქვა, ამათ გვერდით არ დავდგები და ამიტომ ვემიჯნები აქციებსო. მირჩევნია, აქციაზე ვიდგე და ვიღაცამ "ნაციონალის" იარლიყი მომაკეროს, დრო მოვა, მიხვდებიან, რომ სწორად მოვიქეცი"

ადეკვატურად აფასებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი შექმნილ მდგომარეობას და მოსალოდნელია თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ალეკო ელისაშვილი ესაუბრა.

- ჩვენი ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, პოლიტიკურ ბუნკერშია ჩამძვრალი. სპეცრაზმის გარეშე გადაადგილება აღარ შეუძლიათ პრეზიდენტს თუ დეპუტატებს. ასევე გვყავს ოპოზიცია, რომელიც ახლა ერთჯერადად გაერთიანებულია ერთი ძალიან კონკრეტული მიზნით - ხელისუფლებამ შეასრულოს დაპირება და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა, ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, "ოცნების" ხელისუფლებას დაასრულებს, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ მომავალში ვერც ერთმა ძალამ, მათ შორის ვერც "ნაციონალურმა მოძრაობამ", ვერ მოიპოვოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება.

- კი ამბობთ, ათასი ჯურის ოპოზიციონერი ერთად დგასო, მაგრამ საზოგადოება მხოლოდ "ნაციონალებისა" და "ევროპელების" აქტიურობას ხედავს. - მხოლოდ იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგომა არ შეიძლება, ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გვკადრებს, თუ ხმას ამოვიღებთ, "ნაციონალებს" დაგვიძახებს, მაგრამ ბოდიში მომითხოვია და, ახლა მან ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, რომ ამის გადაყლაპვა და ძახილი, "ნაციონალების" გვერდით ვერ დავდგებიო, არ გამოვა.

თუ ეს გადავყლაპეთ, ესე იგი, ხელს ვაწერთ ივანიშვილისა და მისი დინასტიის ხელისუფლებაში დარჩენას უკუნითი უკუნისამდე. ეს კაცი ბოლომდე დააჩმორებს ქვეყანას და პრივატიზებას მოახდენს. დისკომფორტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდით დგომა, მაგრამ ახლა ის უფრო სიკეკლუცე იქნება, თქვა, ამათ გვერდით არ დავდგები და ამიტომ ვემიჯნები აქციებსო. მირჩევნია, აქციაზე ვიდგე და ვიღაცამ "ნაციონალის" იარლიყი მომაკეროს, დრო მოვა, მიხვდებიან, რომ სწორად მოვიქეცი.

- გუბაზ სანიკიძესავით თქვენც ჩახვალთ კიევში სააკაშვილთან შესახვედრად?

- არავისთან ჩასვლას არ ვაპირებ. ვდგავარ რუსთაველზე და ჩავდივარ რეგიონებში, რომ ვამხილო მაჟორიტარები და მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს. დღევანდელი საარჩFევნო სისტემა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს. თუ რევოლუციები და გადატრიალებები არ მოხდა, მანამდე ხელისუფლებები არ იცვლებიან. "ნაციონალური მოძრაობა" იმავე ძალაუფლებით რომ არ დაბრუნდეს, იმიტომ ვდგავარ აქციებზე. თუ ამათ პროპორციულ სისტემას გამოვგლეჯთ, ქვეყანა ამოისუნთქავს.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება და ივანიშვილი ადეკვატურად აფასებენ ვითარებას? - რა თქმა უნდა, არაადეკვატურად. ივანიშვილმა ყველანი კიდევ ერთხელ აბუჩად აგვიგდო. ხომ ყველას ახსოვს, რომ ამბობდა, 1 წელი ცოტა რთული იქნება, მეორე და მესამე უფრო უკეთესიო. 8 წელი გავიდა და ახლა გვეუბნება, აქ არანაირი ეკონომიკა არ იმუშავებს, ბილეთები აიღეთ და წადით ქვეყნიდანო. აი, ამ განცხადების შემდეგ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც ამ კაცის სჯერა? აქ დარჩებიან მისი ყურმოჭრილი მონები, დანარჩენები წადით აქედანო.

არჩევანი გვაქვს - ვიყოთ ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები ან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ეს კაცი გავუშვათ ხელისუფლებიდან.

- როგორ აპირებთ მის გაშვებას? რიგგარეშე არჩევნებით? - სრულიად ოპოზიციამ ერთობლივ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, სადაც ხელისუფლებას გამოსავალს ვთავაზობთ - გადავიდეთ გერმანულ მოდელზე. გერმანული მოდელის ქართულ ვერსიას გადავგზავნით ვენეციის კომისიაში და თუ იქნება დასტური კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ეს იქნება შანსი, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ამას აუცილებლად მივაღწევთ, რადგან პროტესტი არ შეწყდება. ჩვენ, "სამოქალაქო მოძრაობა", ხან თბილისის პიკეტირებაში ვმონაწილეობთ და ხან რეგიონებში დავდივართ, ფეოდალ წურბელებს - მაჟორიტარებს ვამხელთ. ამას წინათ ბოდბისხევში ვიყავი, მერე გორში. ხალხი ისეთი აღშფოთებულია, ისე ილანძღება, რომ გვეხვეწებოდნენ, უკან არ დაიხიოთ, ბოლომდე იბრძოლეთო. ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვისაც "ქართულ ოცნებაში" გონება შემორჩა და სინდისი აქვს, მინდა ვუთხრა, მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად და თუ მაგარი გოგო-ბიჭები არიან, იქიდან გამოადგნენ ქვეყანას.

- ივანიშვილმა დაკავებების სერიის გაგრძელება არ გამორიცხა. - ივანიშვილმა ირაკლი შიოლაშვილი, დაჩი ბერაია, იოსებ მაკრახიძე და ეგეთი ტიპები შეაშინოს. ამით თვითონ თავს იმხნევებს, თორემ მე არაფრის არ მეშინია.