"ხალხი ჩვენზე განაწყენებულიც რომ იყოს, "ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს პერსპექტივა არა აქვთ" - კვირის პალიტრა

"ხალხი ჩვენზე განაწყენებულიც რომ იყოს, "ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს პერსპექტივა არა აქვთ"

"სამწუხაროდ, დაპირებების თემაზე ზუსტი ვორდინგი არ ვიცი"(?!)

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი იმ პარლამენტართა შორისაა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს "ურჩობა" გაუბედეს და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს. 37 წლის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და განმარტავს, რომ მისი ქმედება "ურჩობა" არ ყოფილა, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა პარტიის ლიდერმა მისცა.

- ეს არ იყო ურჩობა, რადგან უამრავ თემაზე გვქონია დისკუსია. მე არ მიკამათია მასთან, მაგრამ დიტო ხუნდაძეს მართლაც ჰქონია ცხარე კამათი ივანიშვილთან. საბოლოოდ, პარტიის ლიდერმა გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად თავისუფალი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტა და თითოეულ ჩვენგანს მიეცა საშუალება, გადაეწყვიტა ის, რასაც საჭიროდ თვლიდა.

- მანამდე არსად გითქვამთ, რომ არ მოგწონდათ პროპორციული სისტემა, პირიქით, სოციალურ ქსელში მის დადებით მხარეს ვრცელი პოსტიც მიუძღვენით... - საჯაროდ ბევრი რამ არ მითქვამს და არც გუნდში ყოფილა საუბარი. როგორც კი პროცესი დასრულდა, საჯარო განხილვები და ღია შეხვედრები გადაწყდა.

წესია, კანონპროექტი და მით უმეტეს, საკონსტიტუციო განიხილება საჯაროდ... კანონში საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირდაპირ წერია, რომ უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები, რადგან ამ დროს შესაძლებელია პრინციპებისა და მოსაზრებების უკეთესობისკენ ან პირიქით, უარესობისკენ შეცვლა, შეიძლება საერთოდ გადაიფიქრო და ა.შ. რადიკალური და დრამატული ცვლილებები ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფაქტია, დრამატული შედეგი მივიღეთ.

- საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც დაუჯერებელია, რომ ეს დამოუკიდებლად გააკეთეთ, მით უმეტეს მაშინ, როცა თქვენი მეუღლე და მამა ბრალდებული არიან და საქმეს უკვე 7 წელია განიხილავენ.

- 2016 წელს, როგორც კი პარლამენტში ამირჩიეს, მთლიანად ჩამოვშორდი ჩემი ოჯახის საქმიანობასა და პრობლემებს. ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოსა და განაჩენის მიღების უფლება. ეს პროცესი, რომელიც არც ისე წყდება და არც ასე, გულდასაწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში, მაგრამ მე ჩამოშორებული ვარ ამ პროცესს და ჩემი ოჯახის ეს ქეისიც არ მონაწილეობს ჩემს საქმიანობაში.

- მაგრამ ეს საქმე თქვენც გეხებათ. პროკურატურა წლებია ამტკიცებს, რომ თქვენმა მეუღლემ და მამამ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები მიითვისეს. ედავებიან იმ პერიოდზე, როცა კომპანიის ფინანსური დირექტორი თქვენც იყავით. ამ ფონზე თქვენ წახვედით ივანიშვილის წინააღმდეგ და არ გაითვალისწინეთ თუნდაც მისი თხოვნა? ფიქრობთ, ამას საზოგადოება დაიჯერებს? - თავად ივანიშვილი მკაფიოდ ამბობს, რომ ბოლოს თხოვნა არ ყოფილა. ბოლოს თქვა, რადგან გუნდში რადიკალური განსხვავებებია, მოდი, გაიმარჯვოს იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც გაიმარჯვებსო.

- ანუ გითხრათ, რაც გინდათ, ის ქენით და ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავსო? - რა თქმა უნდა... ბოლოს თქვა, მე შეიძლება დავზიანდე, მაგრამ დაე, იყოს ისე, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს და როგორც კანონის მიღების პროცესი მოითხოვსო.

- ის რისკები, რაც ამ პროცესს შეიძლებოდა მოჰყოლოდა, გათვლილი გქონდათ? - მართალი გითხრათ, ისიც არ ვიცოდით, რომ ჩავარდებოდა. ჩვენ ერთმანეთთან ჯგუფურად არ გვისაუბრია. გამოდიოდნენ, მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, ზოგი აგრესიულადაც და მეტ-ნაკლებად ვიცოდით ერთმანეთის პოზიციები.

- ერთმანეთთან გასაუბრება არც მაშინ გიცდიათ, როცა არსებული ინფორმაციით, გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე? - პარლამენტში იყო დაპირისპირება და ძალიან მძაფრიც, მაგრამ არა "ქართული ოცნების" ოფისში.

- ადგილს არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის საქმე და მაინც არ იხევთ უკან, აგდებთ კანონპროექტს, რომლის გატანის პირობა ივანიშვილმა ხალხს მისცა. - მაშინ იმ მხარემ რატომ არ დაიხია უკან? როგორც ის იყო დარწმუნებული, ასევე - მეორე მხარეც.

- იმის თქმა გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს უნდა დაეხიათ უკან? - თქვენ ამას ჩემს გადაწყვეტილებას ნუ მიაბამთ. მე გპასუხობთ ფიზიკურ დაპირისპირებაზე - თითოეულ ადამიანს აქვს განცდა, რომ მართალია, მე რატომ დავიხიო უკან და ვთქვა, ის გადმოვიდეს ჩემს მოსაზრებაზეო.

- საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ ეს არ იყო წინასწარ დაწერილი სცენარი. - იმის გარდა, რასაც ვამბობ, ვერაფრით დავამტკიცებ.

- თქვენ მხოლოდ სიტყვებს უპირისპირებთ მოსაზრებას, რომ ეს წინასწარი სცენარი იყო და მასში მონაწილეობისთვის თანამდებობაც მიიღეთ... - არავინ იცოდა, რომ ეს თანამდებობები გათავისუფლდებოდა. ჩემი გულისთვის არც არავინ გაუშვიათ და არც დაუსჯიათ. გუნდში შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ საჭირო გახდა საკადრო ცვლილებები და ამ არჩევანში მოვხვდით ის დეპუტატებიც, რომლებმაც კანონპროექტს არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა დიდწილად მოხვდნენ ისინი, ვინც მხარი დაუჭირეს პროპორციულ არჩევნებს. დაწინაურება ამ ნიშნით არ მომხდარა და ვერ მიაბამთ ამ თემას.

- აბა, რა დამსახურებისთვის ჩაგაბარეს გარემოს დაცვის კომიტეტი? - ბოლო ორი წელია, ყველა მსხვილ პროექტში, რომელსაც კახა კუჭავა ახორციელებდა, მე ვიყავი ჩართული. ჩატარებული გვქონდა ორი თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერულ ჰაერსა და ნარჩენების მართვაზე; გვქონდა ცხოველთა დაცვის, მწვანე ხაზებზე, გამონაბოლქვზე საკანონმდებლო ინიციატივები... კახა სულ მეუბნებოდა, ჩვენს კომიტეტში გადმოდიო. უბრალოდ, ჩემი უშუალო მიმართულება ეკონომიკაა, განათლებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული და ამის გამო ვერ ვაკეთებდი არჩევანს.

- თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ თქვენ ნეკერჩხალსა და წიფელასაც ვერ არჩევთ ერთმანეთისგან. - ოპოზიციას ცუდი იუმორის გრძნობა აქვს, მათ ხუმრობებზე არ მეცინება.

- ეს ოპოზიცია სწორედ თქვენმა გადაწყვეტილებამ გამოიყვანა ქუჩაში. ამაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

- პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე და არასდროს წავიღებ უკან, მაგრამ ოპოზიცია ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ პარლამენტში მოხვედრის სხვა შანსი არა აქვს, არა აქვს ხალხის მხარდაჭერა! ხალხი ჩვენზე ძალიან განაწყენებულიც რომ იყოს, იმ ოპოზიციას, რომელსაც დიდი დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პერსპექტივა არა აქვს. ვგულისხმობ "ნაცმოძრაობასა" და მის სატელიტებს.

- მაგრამ "ნაცმოძრაობასთან" მშვენივრად გრძნობდით თავს. სწორედ მისი მმართველობის დროს დაიბრუნეთ ვაგონშემკეთებელი ქარხანა და როგორც ამბობენ, ამაში დავით კეზერაშვილი დაგეხმარათ. - ვერ დაამტკიცეს, რომ ეს კეზერაშვილის დახმარებით მოხდა. ქარხანა გაკოტრებული იყო, 70 მილიონი ვალი ჰქონდა და 3 მილიონად გამოვისყიდეთ ეს წილი. ეს არანაირ ბიზნესმოდელსა და ფინანსურ გარიგებაში არ ჯდება, გარდა იმისა, რომ მამაჩემისთვის ამ ქარხანას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენ ამ ქარხანაში ნიკა გვარამია გყავდათ დასაქმებული.

- ნიკა მუშაობდა მაშინ, როცა ჩვენ მინორიტარები ვიყავით და იმ გუნდში იყო, რომელიც ამ წილის მაჟორიტარი მფლობელი გახლდათ.

- იმ დავაზე, რომელიც პროკურატურას თქვენს ოჯახთან აქვს, გასულ წელს "რუსთავი 2"-მა სიუჟეტი მოამზადა, ანონსიც გავიდა, თუმცა ეთერში არ გასულა... - არ მახსოვს ეს ფაქტი... არ ვიცი...

- ის თუ იცით, რომ თქვენი გადაწყვეტილების გამო ქუჩაში მხოლოდ "ნაცმოძრაობა" არ გამოსულა. პარლამენტთან ბევრი ისეთიც დგას, წინა ხელისუფლებას რომ ებრძოდნენ მაშინ, როცა თქვენ მათთან თანამშრომლობდით - ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო ელისაშვილი... - თქვენ დიდი ხანია პოლიტიკას ადევნებთ თვალყურს და იცით, რომ თითოეული პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების გამოცნობა ძალიან მარტივია. ელისაშვილმა წააგო კახი კალაძესთან თვითმმართველობის არჩევნები...

- მეორე ადგილზე გავიდა იმ ფონზე, როცა კალაძეს ადმინისტრაციული რესურსი, დიდი ფული და მხარდაჭერა ჰქონდა. - მესმის, მაგრამ სახელისუფლებო რესურსმა შეიძლება რაღაც დრომდე იმუშაოს და მუშაობდა წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ დღეს ამომრჩეველს არავინ არაფერს აიძულებს. მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

- ვერც იმაში ხედავთ პრობლემას, რომ პარლამენტში შესასვლელად სპეცრაზმის დახმარება გჭირდებათ? - სამართალდამცავების მოვალეობაა, დაიცვან მართლწესრიგი და ჩემი მოვალეობაა, შევასრულო ხალხის არჩეული მაჟორიტარის ფუნქციები. ვერც ერთი მოძალადე ვერ გაიტანს თავისას - ამ ნერვების თამაშში გაიმარჯვებს ის, ვინც მართალია. მე ჩემს თავთან იმდენად მართალი ვარ, რომ გარეთ მდგომ მოძალადეებთან, რომლებიც ითხოვენ, პარლამენტში არ შეხვიდეო, მოსარიდებელი არაფერი მაქვს. მაგალითად, გურამ ჩალაგაშვილმა რამდენიმე პარტია გამოიცვალა, იყო გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში და ყოველ ჯერზე ნაკლები და ნაკლები ხმა მიიღო. ასეთი ადამიანების დიქტატურას ნამდვილად ვერ დავემორჩილებით.

- თქვენ იმ გურამ ჩალაგაშვილს 2016 წელს გურიაში, მეორე ტურში, დახმარებისთვის მიმართეთ და მხარდასაჭერი წერილის გამოქვეყნება სთხოვეთ? - არ ვიცი, ეს ალბათ, მან გადაწყვიტა, ვინ აიძულებდა?

- "ოცნების" კანდიდატს რატომ დაგჭირდათ ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა? - არასტანდარტული სიტუაცია იყო, მოგვიანებით შევუერთდი კამპანიას. ვინ თქვა, რომ დამჭირდა? ან რატომ გგონიათ, რომ მე ვთხოვე? ეგებ მან გაავრცელა?

- საინტერესოა, ისევ გინდათ დეპუტატობა და პროპორციული არჩევნები ამის გარანტიას არ გაძლევთ? - არც ახლა მაქვს ამის გარანტია. შემიძლია დამოუკიდებელი კანდიდატობა, მაგრამ მირჩევნია, გუნდის წევრი ვიყო. თუ დავინახე, რომ არა მაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, დეპუტატობა არ მომინდება. ვიცი, ბევრი რამ არ მოსწონთ. მეც არ მომწონს - ბევრის გაკეთება მინდოდა და გავაკეთე ნაკლები, მაგრამ გურიაში ცხოვრობენ გონიერი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ მაკრიტიკებენ, ხედავენ, რა გაკეთდა. შედარებას აუცილებლად ვაკეთებ - სად ვიყავით, რა დამხვდა და რა გავაკეთე. ობიექტური დასკვნისთვის შედარება აუცილებელია.

- სად ისმენთ პოზიტიურ შეფასებებს? სოციალურ ქსელში თქვენს პოსტებზე დიდწილად უარყოფითი კომენტარებია, თანაც ხისტი გამონათქვამებით გამოირჩევით. - რასაც ვფიქრობ და რისიც მჯერა, იმას ვამბობ. ყველას არ მოეწონება, მაგრამ ძალიან არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხმის ამოღების გეშინია.

- გულწრფელად შეგვიფასეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ... - ძალიან ბევრ საკითხზე ილაპარაკა. საზოგადოებას უნდა გაეგო, რომ არანაირ აჯანყებასა და ამბოხზე არ ყოფილა საუბარი და იცოდა, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებდით.

- ივანიშვილმა თქვა, რომ არ ახსენდება ბოლო 7 წლის განმავლობაში გაცემული მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც არ შესრულებულა. ეთანხმებით? მაგალითად, "ოცნება" ამბობდა, რომ საწვავის ღირებულებიდან წინა ხელისუფლება 1 ლარს ჯიბეში იდებდა და ამას მიხედავდა, ახლა საწვავის ფასი გაორმაგდა... - ვიღაცები ვიღაცებს წილში რომ ესხდნენ და ამიტომ იყო საწვავი ძვირი, ეჭვი არ მეპარება.

- მაგ ლოგიკით გამოდის, ახლაც ზის ვიღაც საწვავის წილში. - შეიძლება საწვავის ფასი გაიზარდოს, მაგრამ არავინ იჯდეს წილში. ფასები ძალიან მზარდია...

- დენის, გაზის ტარიფიც უნდა განახევრებულიყო და 100 ქარხანაც აგუგუნებულიყო... - არ დამითვლია ქარხნები...

- ყველა დასაქმებული რომ უნდა იყოს, ამასაც დაგვპირდნენ, ახლა კი უცხოეთში გაგვიშვეს სამუშაოდ... - წელს პირველი წელია, რაც დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა კერძო სექტორში და ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორის ხარჯზე არ გაზრდილა. რაც შეეხება შრომით მიგრაციას, ეს დასაქმების გაზრდის შესაძლებლობაა, რასაც გვაძლევს ევროკავშირი და უარი არ უნდა ვთქვათ.

- კითხვას თავს არიდებთ. ივანიშვილმა და "ოცნებამ" შეასრულეს დაპირებები? - სამწუხაროდ, დაპირებების თემაზე ზუსტი ვორდინგი არ ვიცი. ვიცი, რომ ხალხს უჭირს და ეს მძიმე თემაა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ხელშესახებად ვერ შევცვალეთ.

ნატო გოგელია