"სკამი, რომელზეც შეიძლება გაიშხლართო, ნეტარების მწვერვალად არ უნდა მოგეჩვენოს"
"სკამი, რომელზეც შეიძლება გაიშხლართო, ნეტარების მწვერვალად არ უნდა მოგეჩვენოს"
"ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა, საქართველოში ერთპარტიული დიქტატი დასრულდეს"

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" პოეტი ერეკლე საღლიანი­ ესაუბრება.

- მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე მიცემული პირობა დაარღვია, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა.

- იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ვითარება, დღეს ერთადერთი გზა გვაქვს - პროპორციული არჩევნები. თავის დროზე 97%-ით აირჩია ხალხმა სააკაშვილის ხელისუფლება, რამაც განაპირობა ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ხალხის
სახელით ომი გააჩაღა სამაჩაბლოში.

ომის დაწყებას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ხელი შეუწყვეს რუსეთის პროვოკაციას. მე ვიტ­ყოდი, სააკაშვილიც­ და მისი ხელისუფლებაც­ ჩვენმა ხალხმა დაღუპა. როცა 97%-ით­ ირჩევ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი არ არსებ­ობს, რომ მიდრეკილი ვართ ბელადომანი­ისკენ.

და რატომ ეთაყვანებიან ბელადს? იმიტომ, რომ მთელ პასუხისმგებლობას
მას გადააბა­რებენ. ჩვენ გვაშინებს პასუხისმგებლობა. დღესაც ამ მდგომარეობაში ვართ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ვიღაცამ ურჩია, არჩევნებს ვაგებთ, ხსნის ერთადერთი­ გზა მაჟორიტარული არჩევნებიაო, მაგრამ მე სხვანაირად ვიტყოდი: ნუ გაშინებს, თუ პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური ძალა იქნება, ყველასთან უნდა გამოძებნო საერ­თო ენა. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა, საქართველოში ერთპარტიული დიქტატი დასრულდეს.

- როგორ ფიქრობთ, პროპორციული წესით არჩევნების ჩაგდება მმართველ პარტიაში წინასწარ გათვლილი არ იქნებოდა?
- არა მგონია, ამაზე არ ეფიქრათ...

- მაშ, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ეს მართლაც ე.წ. მაჟორიტარების აჯანყება იყო?
- დიდია ძალაუფლების შენარჩუნების წადილი და სიხარბე.
როცა თვალნათლივ ხედავ, რომ ქვეყანას ვერ მიხედე და კიდევ ფიქრობ, ქვეყანა მოლიპული გზით ატარო, ეს ღალატია.
გენიალურად ამბობს რაბიდრანათ თაგორი: "რა პატივისცემა უნდა გამაჩნდეს ცივილიზაციის იმ კარიკატურის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ძალის სჯერა, მხოლოდ და მხოლოდ ძალაზე ამყარებს იმედს?!" დავძენ, რომ სკამი, რომელზეც შეიძლება გაიშხლართო, ნეტარების მწვერვალად არ უნდა მოგეჩვენოს.

- ქუჩის პროტესტს იზიარებთ?
- დარწმუნებული რომ ვიყო, ეს ქვეყნისთვის ხდება, პირველი დავდგებოდი მათ გვერდით, მაგრამ ახალგაზრდების გულწრფელ­ ტკივილს ეს პოლიტიკური პარტიები­ აემგზავრნენ. მე მხოლოდ ძალაუ­ფლებისთვის ბრძოლას ვხედავ. რაც შეეხება საზოგადოებას, ის უნდა იყოს გაერთიანებული სასიკეთო იდეით. აქვთ მათ ასეთი იდეა?

- ხალხმა როგორ ამოიცნოს, რომელია სასიკეთო იდეა?
- დამისახელეთ ამ გაერთიანებაში პარტია, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში არ იყო. ვინ რა გააკეთა, ისიც გაიხსენეთ. ინკუბატორის წიწილებივით ერთმანეთს ჰგვანან.
მგონია, ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებასაც აძლევს ხელს და ამ გაერთიანებულ ოპოზიციასაც. "ოპოზიცია" ბრჭყალებში ჩაწერეთ. ხალხი არ შეიძლება დადგეს რომელიმე პარტიის მხარეს. ხალხი უნდა დადგეს თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. როცა რომელიმე პარტიას მიჰყვები, ყოველთვის აღმოჩნდები ვაგონის მდგომარეობაში. ჩაგიბამენ ორთქლმავალს და ივლი ხრიგინ-ხრიგინით.
ხელისუფლებას სჭირდება სახელგატეხილი და არა ჯანსაღი ოპოზიცია!

- სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს დაძაბულობა?
- სანამ გონს არ მოვალთ და სანამ სხვის თარგზე მოჭრილი კანონებით ვმართავთ ქვეყანას...

- "ლელოს", "შენების მოძრაობისა" და "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურ თანამშრომლობაზე რას იტყვით?
- გააჩნია, რა უდევს საფუძვლად ამ ერთობას.

- დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელი დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლასო.
- სამოქალაქო დაპირისპირების დროს ფრონტის ხაზი უხილავია და ამ ფრონტის ხაზზე ვდგავართ ჩვენ. ჩემი აზრით, არ იყო საჭირო მტრის ხატის შექმნა. საქართველოში ყველაფერი ისე რომ წარმართულიყო, როგორც დაგვპირდნენ, თავისთავად გაცამტვერდებოდა "ნაციონალური მოძრაობა". ბატონმა ბიძინამ ბევრი სიკეთე გააკეთა, მაგრამ ქვეყნის გადარჩენისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

- კიდევ რა იყო საჭირო?
- ქვეყნის მართვა. საჭირო იყო სოფლის მეურნეობის აღორძინება. არ გაგვაჩნია ჩვენი პროდუქცია, არ გაგვაჩნია ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მრეწველობა. ლარის ასე გაუფასურება არის შედეგი ქვეყნის არასწორი მართვისა.
რა თქმა უნდა, ეს ქუჩის გამოსვლები დადებით ზემოქმედებას არ მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ყველაფერი რომ ამას გადააბრალო, უსაფუძვლო თავის მართლება გამოვა. როცა ნავთობზე მთელ მსოფლიოში ეცემა ფასი, ჩვენთან მაშინ ძვირდება ბენზინი. რაღაცამ ხომ უნდა შეგაწუხოს?!
ხელისუფლებას მეტი კავშირი უნდა ჰქოდეს ეკლესიასთან. ბრძენი პატრიარქი გვყავს და ეს ხელისუფლებამაც უნდა გამოიყენოს.

- ცოტა ხნის წინ ეკლესიაში არეულობის მცდელობაც იყო.
- ეკლესია არის მტკიცე ბურჯი, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამ ბურჯის მორყევას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს ყველაფერი გარეშე ძალების მიერ შინაურის ხელით კეთდება. ვფიქრობ, ასეთი შემოტევები კიდევ იქნება.

- ეკლესიის მიმართ შეტევა დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ახლა მიმდინარეობს?
- ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამით უნდათ არეულობა გამოიწვიონ, მერე კი მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. მაგრამ მჯერა ჩემი ხალხის სიბრძნის. მჯერა, რომ ეს პოლიტიკური უამინდობა დიდხანს არ გასტანს და გამოიდარებს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები