"მთავარია, დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ..." - კვირის პალიტრა

"მთავარია, დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ..."

"დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ფონზე, ტენდენცია, რომ კარელიის დაბრუნებაზე ვისაუბროთ, ვფიქრობ, აღარ არსებობს"

30 ნოემბერს 80 წელი შესრულდა ზამთრის ომიდან - საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში ეს უკანასკნელი ქაღალდზეც დამარცხდა და ტერიტორიაც დაკარგა, მაგრამ კრემლის გარდა, მთელი სამყარო დავითისა და გოლიათის ჭიდილში გამარჯვებულად სწორედ ფინეთს მიიჩნევს. 40-წლიანი სამხედრო სტაჟის მქონე გენერალ-მაიორ ჰარი ოჰრა-აჰოს სწორედ დიდ მეზობელთან ურთიერთობის ფინური გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.

- როდესაც საქართველოში ჰიბრიდულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, რუსეთზეა ლაპარაკი. ფინეთში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც ჰიბრიდულ საფრთხეებს ქმნიან. რუსეთი ჩვენი მეზობელია და ეს არც მომავალში შეიცვლება, ამიტომ ვცდილობთ მასთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ფინეთში არ არსებობს კონსენსუსი, კონკრეტულად როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ისეთ მეზობელ ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია.ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება რუსეთში და როგორ იქცევა ის - ყირიმის არალეგალური ანექსია, ის, რაც ამას მოჰყვა აღმოსავლეთ უკრაინაში, მანამდე 2008 წლის მოვლენები საქართველოში, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები - ეს კარგს არაფერს გვეუბნება რუსეთზე.

- ფინეთმაც დაკარგა მიწა, რომელიც დღეს რუსეთისაა. აქვს ამას გავლენა იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთს ფინელი ხალხი? - ჩვენმა წინაპრებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს სსრკ-ფინეთის ომის დროს. ჩვენ სრულიად მარტო ვიყავით და ეს ომი ჩვენი ტერიტორიების 10 პროცენტად დაგვიჯდა - ამ ომმა დაახლოებით 400 000 კაცი ლტოლვილად გადააქცია. ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მთავარია, დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ.

- რა არის ფინური გამძლეობის საიდუმლო? - გავიხსენებ, რომ ჩვენთან 1918-ში ეროვნული თავისუფლების ომი სამოქალაქო ომში გადაიზარდა, მაგრამ 20 წლის შემდეგ ყველანი ერთად ვიდექით, რათა აგრესორი მოგვეგერიებინა. სწორედ ამას ვეძახით ზამთრის ომის სასწაულს - ეს იყო ჩვენი ხალხის ნება და თავგანწირვა, დაეცვა ქვეყანა.

- დღეს რამდენად შემოგრჩათ ეს ნება? - ეს დღესაც ძალიან აქტუალურია - ჩვენთან საყოველთაო-სავალდებულო გაწვევაა მამაკაცებისთვის და სამოხალისო - ქალებისათვის. როდესაც ფინელ ახალწვეულს ვეკითხებით, რამდენად აქვს სურვილი საკუთარი ქვეყანა დაიცვას 1-დან 5 ბალამდე სისტემით, პასუხი განურჩევლივ 4-სა და 5-ს შორის მერყეობს. მსგავს შეკითხვას ვუსვამთ მშვიდობიან მოსახლეობასაც: მზად ხართ თუ არა, იარაღით დაიცვათ ქვეყანა, მიუხედავად გამარჯვების შანსებისა? 80%-მდე პასუხობს, რომ მზად არის. თუ ევროპის სხვა ქვეყნებს შეადარებთ, ნახავთ, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს.

- კიდევ ერთი კითხვა დაკარგულ ტერიტორიებზე: ფინელი ხალხი შეეგუა ამ ფაქტს? - ომის დასრულებისას, როდესაც 400 000 კაცი კარელიიდან ფინეთში გადმოვასახლეთ, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ მსგავსი სენტიმენტები, საკუთარ სახლებსა და ფერმებში დაბრუნება სურდათ, მაგრამ ეს რთული დრო იყო -

1940 წელს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ურთულესი საქმე იყო საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ ევროპას შორის მოქცეული ფინეთისთვის. ამიტომ ვარჩიეთ, ვყოფილიყავით რეალისტები და პრაგმატულები. დღეს უკვე მეორე-მესამე თაობა ცხოვრობს ამ რეალობაში.

დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ფონზე, ტენდენცია, რომ კარელიის დაბრუნებაზე ვისაუბროთ, ვფიქრობ, აღარ არსებობს.

- მაგრამ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს, რუსეთშიც კი. - რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ძალიან რეალისტურად ვცდილობთ შევხედოთ ამ საკითხს. თქვენი დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ თქვენ სხვა ქვეყანა ხართ...

- ალბათ, საზოგადოების ნაწილი იტყვის, რომ ეს პესიმისტური მიდგომაა. რას ურჩევდით მათ? - არ მინდა სხვა ქვეყნებს ჭკუა დავარიგო. თქვენ ძალიან რთული სიტუაცია გაქვთ, მაგრამ კარგი ის არის, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას და საერთაშორისო საზოგადოებრიობა თქვენ გიჭერთ მხარს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიბრუნოთ ეს ტერიტორიები, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის რჩევების მიცემა მართებული არ იქნება.

- ფინეთი ნატოს წევრი არ არის, ის სამხედრო ბლოკებში გაწევრებაზე უარს ამბობს. საქართველოში ზოგჯერ გვესმის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია ჩვენთვის - ვიყოთ ნეიტრალურები, სამხედრო ალიანსებში არ გავწევრდეთ და ა.შ. საინტერესოა, რომ ეს უმეტესად პრორუსული სეგმენტისგან ისმის. შეგიძლიათ ფინეთის მაგალითზე დაყრდნობით განმარტოთ, რის ფასად მიიღწევა ნეიტრალიტეტი დღევანდელ სამყაროში? - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისევ და ისევ საყოველთაო სამხედრო სამსახურია. ქვეყნის მამრობითი სქესის მოსახლეობის დაახლოებით 80% მსახურობს ჯარში. ყველა ამ ახალგაზრდის უკან მისი ოჯახი დგას, ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია ქვეყნის დაცვის საქმეში.

ჩვენ სულ 5,5 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან დიდი სარეზერვო ნაწილები გვყავს, მეტი, ვიდრე, მაგალითად, გერმანიას ჯარისკაცები ჰყავს. გვყავს 280 000 ჯარისკაცი და თუ იმათაც მივათვლით, ვისაც სამხედრო წვრთნები გავლილი აქვს, დაახლოებით 900 000-მდე ავალთ.

- და ტექნიკის კუთხით? - ამჟამად ჩვენ Hornet-ის ტიპის F-18-ის საჰაერო ხომალდების ფლოტის შეცვლის პროცესში ვართ. დღეს 60-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს. ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რით შევცვლით საჰაერო ხომალდების ფლოტს. ამ გადაწყვეტილებას 2021 წელს მივიღებთ და რამდენიმე არჩევანიც გვაქვს: F-35, F-18, "რაფალი", "ეუროფაიტერი" და Jas Gripen-ი. მათ ტესტირებას ჩავუტარებთ იანვარ-თებერვალში, მკაცრი კლიმატის ლაპლანდიაში. რაც შეეხება საზღვაო ძალებს, გადავწყვიტეთ შევიძინოთ კორვეტები ბალტიის ზღვისთვის.

- ანუ ფინეთი მუდამ ფხიზლობს... - რა თქმა უნდა.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) პროექტის Talking NATO for Georgia ფარგლებში.

ვაჟა თავბერიძე