"ივანიშვილს სურს, შექმნას ნორმალური სახელმწიფო. პრობლემა ის არის, შეუძლია თუ არა ეს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს სურს, შექმნას ნორმალური სახელმწიფო. პრობლემა ის არის, შეუძლია თუ არა ეს"

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტში ჩააგდო თავისივე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "იმედს". ამ ინტერვიუს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მაგალითად, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ის ასე შეაფასა: "ივანიშვილის მთელი ინტერვიუ გამოხატავდა ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ავტორიტარი მმართველის დაუოკებელ წყურვილს, ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ერთპიროვნული ძალაუფლება..." - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- იაგოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად დავსვამდი საკითხს. ჩემი აზრით, ივანიშვილის საქციელის ახსნა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების გადაჭარბებული სურვილით საკმარისი არ არის. ეს სურვილი ყველა პოლიტიკოსს აქვს. ძალაუფლება გავლენაა. თუ გავლენაზეა ლაპარაკი, მაშინ ივანიშვილს გავლენა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან - მმართველებს მართავდა; თუ სახელისუფლებო თანამდებობაზეა ლაპარაკი - ის პრემიერი იყო, რაც ახალი კონსტიტუციით თითქმის პირველი პირის სავარძელს ნიშნავს და თვითონ წავიდა ამ თანამდებობიდან; ფინანსური ძალაუფლება მას ჰქონდა ადრეც და აქვს ახლაც, ასე რომ, ძალაუფლების სურვილი მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს. ამიტომაც მგონია, შაბლონად იქცა შეხედულება, რომ თუ ადამიანი პოლიტიკაშია და იბრძვის, მისი მიზანი ძალაუფლებაა... იშვიათად გვახსენდება, რომ ადამიანისთვის ძალაუფლება შეიძლება საშუალება იყოს და არა მიზანი. სხვა ინტერვიუებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ივანიშვილს აქვს გარკვეული წარმოდგენა და სურვილი, თუ როგორ ქვეყნად უნდა იქცეს საქართველო და ამის განსახორციელებლად სჭირდება ძალაუფლება, მაგრამ ერთია წარმოდგენა და სურვილი, მეორე - რამდენად სწორია მისი წარმოდგენა-სურვილები, მესამე და მთავარი კი - შესწევს თუ არა ივანიშვილს ძალა მათ განსახორციელებლად გუნდის შეკრებისა და ამუშავების.

მან ბოლო ინტერვიუშიც აღნიშნა, პოლიტიკა ჩემთვის უცხო ხილიაო, ანუ დღემდე პოლიტიკა მას უხერხულობას უქმნის... სამწუხაროდ, ერთია კეთილი სურვილები, დაპირებები, მაგრამ მეორეა პოლიტიკური, ეკონომიკური და თუნდაც დიპლომატიური კომპეტენცია. აქვთ კი ეს კომპეტენცია მას და მის გუნდს? ვფიქრობ, პოლიტიკაში მან ისეთივე შთამბეჭდავი შედეგი ვერ მიიღო, როგორიც ბიზნესში, რადგან პოლიტიკა მისთვის უცხო ხილია. სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბიზნესმენები მაინცდამაინც კარგად ვერ უღებენ ალღოს პოლიტიკას. პოლიტიკა და ბიზნესი სხვადასხვა რამაა, სხვადასხვა უნარს მოითხოვს.

ჩემი აზრით, ამ ინტერვიუმ გამოაჩინა, რომ მთავარი პრობლემა კვლავაც არის ივანიშვილის პოლიტიკისადმი დამოკიდებულება და არა ის, რა სურს მას. არადა, ჩვენში მას, ძირითადად, ამ სურვილებზე ეკამათებიან. ოპოზიცია გამუდმებით ლაპარაკობს, რომ მას ქვეყნის დანგრევა უნდა, რომ სურს, მთელი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს და ა.შ. არადა, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილს შეუძლია, ერთ დღეს მართლაც ადგეს და წავიდეს არა მხოლოდ ხელისუფლებიდან, არამედ ქვეყნიდანაც და აღარ იდარდოს, ქვეყანაში ქაოსი იქნება თუ არა! ფინანსური ძალა მას ყოველთვის დაუკმაყოფილებს ძალაუფლების სურვილს.

მოკლედ, ჩემი აზრით, ივანიშვილს სურს, შექმნას ნორმალური სახელმწიფო. პრობლემა ის არის, შეუძლია თუ არა ეს.

დავუშვათ, არ შეუძლია და როგორც თვითონ ამბობს, ის არ არის პოლიტიკისთვის დაბადებული, მაგრამ ცდილობს, განახორციელოს ჩანაფიქრი. ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობას, დღეს გვყავს ალტერნატიული ფიგურა, სურვილიც რომ აქვს და უნარიც? ადამიანი, ვისაც მართლაც შესანიშნავი პოლიტიკური ინტუიცია აქვს, მიხეილ სააკაშვილია, "ქართული ოცნების" საპირწონე პოლიტიკურ ძალად კი რჩება "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფებით... დღესდღეობით ალტერნატივა არ ჩანს. საკითხი ასე დგას: რა ურჩევნია საქართველოს მოქალაქეს - ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ამ შვიდი წლის განმავლობაში გზადაგზა სწავლობს პოლიტიკას, უშვებს შეცდომებს, მაგრამ აშკარაა, რომ გვამების სახურავზე შემოდებით არ უნდა ქვეყნის წინ წაყვანა, თუ ის ძალა, რომელსაც, მშვენივრად ვიცით, რა შეუძლია, როცა საქმე ძალაუფლების შენარჩუნებაზე მიდგება...

აი, ეს არის დღევანდელი პოლიტიკური პროცესის დილემა...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად