"მე ჩამოშორებული ვარ ჩემი ოჯახის საქმიანობასა და პრობლემებს" - რას ამბობს დეპუტატი მისი მეუღლის და მამის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე? - კვირის პალიტრა

"მე ჩამოშორებული ვარ ჩემი ოჯახის საქმიანობასა და პრობლემებს" - რას ამბობს დეპუტატი მისი მეუღლის და მამის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე?

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი იმ პარლამენტართა შორისაა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს "ურჩობა" გაუბედეს და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს. 37 წლის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და განმარტავს, რომ მისი ქმედება "ურჩობა" არ ყოფილა, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა პარტიის ლიდერმა მისცა.

- ეს არ იყო ურჩობა, რადგან უამრავ თემაზე გვქონია დისკუსია. მე არ მიკამათია მასთან, მაგრამ დიტო ხუნდაძეს მართლაც ჰქონია ცხარე კამათი ივანიშვილთან. საბოლოოდ, პარტიის ლიდერმა გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად თავისუფალი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტა და თითოეულ ჩვენგანს მიეცა საშუალება, გადაეწყვიტა ის, რასაც საჭიროდ თვლიდა.

- საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც დაუჯერებელია, რომ ეს დამოუკიდებლად გააკეთეთ, მით უმეტეს მაშინ, როცა თქვენი მეუღლე და მამა ბრალდებული არიან და საქმეს უკვე 7 წელია განიხილავენ.

- 2016 წელს, როგორც კი პარლამენტში ამირჩიეს, მთლიანად ჩამოვშორდი ჩემი ოჯახის საქმიანობასა და პრობლემებს. ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოსა და განაჩენის მიღების უფლება. ეს პროცესი, რომელიც არც ისე წყდება და არც ასე, გულდასაწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში, მაგრამ მე ჩამოშორებული ვარ ამ პროცესს და ჩემი ოჯახის ეს ქეისიც არ მონაწილეობს ჩემს საქმიანობაში.

- ეს ოპოზიცია სწორედ თქვენმა გადაწყვეტილებამ გამოიყვანა ქუჩაში. ამაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

- პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე და არასდროს წავიღებ უკან, მაგრამ ოპოზიცია ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ პარლამენტში მოხვედრის სხვა შანსი არა აქვს, არა აქვს ხალხის მხარდაჭერა! ხალხი ჩვენზე ძალიან განაწყენებულიც რომ იყოს, იმ ოპოზიციას, რომელსაც დიდი დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პერსპექტივა არა აქვს. ვგულისხმობ "ნაცმოძრაობასა" და მის სატელიტებს.

- მაგრამ "ნაცმოძრაობასთან" მშვენივრად გრძნობდით თავს. სწორედ მისი მმართველობის დროს დაიბრუნეთ ვაგონშემკეთებელი ქარხანა და როგორც ამბობენ, ამაში დავით კეზერაშვილი დაგეხმარათ.

- ვერ დაამტკიცეს, რომ ეს კეზერაშვილის დახმარებით მოხდა. ქარხანა გაკოტრებული იყო, 70 მილიონი ვალი ჰქონდა და 3 მილიონად გამოვისყიდეთ ეს წილი. ეს არანაირ ბიზნესმოდელსა და ფინანსურ გარიგებაში არ ჯდება, გარდა იმისა, რომ მამაჩემისთვის ამ ქარხანას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

ნატო გოგელია