"ცილისწამებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ეს აბსურდია" - სად მიდის პოლიტიკიდან წასული აკაკი ზოიძე? - კვირის პალიტრა

"ცილისწამებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ეს აბსურდია" - სად მიდის პოლიტიკიდან წასული აკაკი ზოიძე?

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა და სოციალურ ქსელში  დამშვიდობების ვრცელი, ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, რომლიდანაც გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან მიდის, არამედ მიდის პარლამენტიდანაც. Kvrisipalitra.ge-სთან საუბარში ზოიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკას ტოვებს, თუმცა თუ "ქართული ოცნების" მხრიდან რაიმე სასიკეთო განხორციელდება, როგორც ექსპერტი, მხარს აუცილებლად დაუჭერს.

- თქვენი განცხადების თანახმად, ფიქრი გჭირდებოდათ, ვიდრე ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გადაწყვეტდით დარჩებოდით მმართველ გუნდში, თუ - არა. საინტერესოა, გადაწყვეტილების მიღებამდე ისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილთან? - პარტიის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, მქონდა კონსულტაცია. უმრავლესობაში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იყო. ამის გარდა გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი კანონებთან, ინიციატივებთან და მოვალეობებთან მიმართებაში. შესაბამისად, შევეცადე, რომ ყველაფერი ბოლომდე მიმეყვანა და ისე გამეკეთებინა ეს განცხადება.

- ამ წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ძმა დააკავეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, მართალია თქვენ უარყავით ეს ინფორმაცია, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქართულ ოცნებაში თქვენი დარჩენა, სწორედ ამან გამოიწვია, რას იტყვით ამაზე? - ცილისწამებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ, ეს აბსურდია.

- სად უნდა გიხილოთ მომავალში? ხომ არ შეუერთდებით მამუკა ხაზარაძის პარტიას? - ჩემი ბიოგრაფია პარლამენტით არც დაწყებულა და არც დასრულდება, ვარ საერთაშორისო ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში და 14 წელია ამ განხრით ვმუშაობ. არავითარი პოლიტიკა, პოლიტიკიდან მოვდივარ. თუ რაიმე სასიკეთო განხორციელდება "ქართული ოცნების" მხრიდან, აუცილებლად მხარს დავუჭერ და ჩავერთვები, თუმცა როგორც ექსპერტი.

იხილეთ ასევე: "ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო პოლიტიკაში და შესაბამისად, პარლამენტში ვეღარ ვხედავ" - აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

ელენე მეტრეველი

(სპეციალურად საიტისთვის)