"გერმანული მოდელის" ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ" - რას ამბობს კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე - კვირის პალიტრა

"გერმანული მოდელის" ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ" - რას ამბობს კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

"გერმანული მოდელის" ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.

კახა კალაძე კონტრაქციებისა და სამართალდამცველების დროულ რეაგირებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვის ნიშნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება.

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.

არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"