"ის ფაქტი, რომ სვანეთი ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, ადამიანების ნაწილმა ნეგატიურად გამოიყენა და ბიტკოინების წარმოება დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ის ფაქტი, რომ სვანეთი ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, ადამიანების ნაწილმა ნეგატიურად გამოიყენა და ბიტკოინების წარმოება დაიწყო"

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ზემო სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ნეგატიურად გამოიყენა და სვანეთში ბიტკოინების წარმოება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, არსებობს სამი გამოსავალი და მათ შორის ერთ-ერთი გამოსავალია ის, რომ სვანეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს.

"პრობლემაა ერთი რამ, სვანეთში არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ამით ტყეზე ზეწოლა შეემცირებინა და გათბობისთვის ტყის გამოყენება არ მომხდარიყო, თუმცა ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ეს ძალიან ნეგატიურად გამოიყენა და დაიწყო ბიტკოინების წარმოება იქ, სადაც ელექტროენერგიის ფასი არის ნული და ამით შესაბამისად უფრო მეტი მოგება აქვთ. ბიტკოინის წარმოებას ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას დანახარჯს უზრდის. აქ სამი გამოსავალია: ის ადამიანები, რომლებიც უფასო ელექტროენეგიის გამოყენებით აწარმოებენ ბიტკოინს, მიხვდნენ, რომ საფრთხეს უქმნიან მთელ რეგიონს და შეწყვიტონ წარმოება, მეორე გამოსავალია, რომ მთელი ამ რეგიონის ხარჯი, რომელიც აქვს კომპანიას, ტარიფში აისახოს და გამოდის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გადავიხადოთ ფული იმაში, რომ ვიღაც სვანეთში ბიტკოინს აწარმოებს და მესამე ვარიანტია, რომ სვანეთის მოსახლეობამ გადაიხადოს ელექტროენერგიის ტარიფი, ოღონდ გარკვეული შეღავათი დაწესდეს, მაგალითად 100 ან 200 კილოვატი თითოეულ ოჯახს უფასოდ მიეცეს და ამის ზემოთ გადაიხადონ თანხა. სხვა გამოსავალი ვერ იქნება და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ," - აცხადებს ვეფხვაძე.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

"ინტერპრესნიუსი"