"ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია" - როგორ დასრულდა უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ოფისში - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია" - როგორ დასრულდა უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ოფისში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს.

"მაშინ, ჩვენ გვჭირდებოდა პრაქტიკულად ყველა დეპუტატის თანხმობა და თუ ყველა დეპუტატი არ დაეთანხმებოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდმა მიიღო, ეს გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო სიტუაცია. ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების ნაწილი, უნდა დაეთანხმოს ყველა, დეპუტატების დანარჩენი ნაწილი, რაც არ მოხდება ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ვამბობ მყარად, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ისინი ამბობენ - ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, მე არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე, ყველა მსგავსი სისტემა, სრულად მაჟორიტარული, შერეული, პროპორციული - ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. შეუძლებელია პარლამენტში დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემზე გადასვლის იდეამ. საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე",- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა საკითხმა დაპირისპირება უმრავლესობაში, მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ამაზე მხოლოდ კამათი მიმდინარეობს.

"არ დაგიდასტურებთ დაპირისპირებას. ამაზე საუბრობდნენ რამდენიმე დღის წინაც, როდესაც ჩემს ოთახში ხდებოდა კამათი და ჩვენ არასდროს უარვყოფთ კამათს მსგავს საკითხებზე, მაგრამ, გთხოვთ, ამას დაპირისპირებას ნუ დავარქმევთ. მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძეს, ასევე გოგა გულორდავას, აქვთ იმის ლეგიტიმური უფლება და ვერავინ ვერ წაართმევთ, რომ ილაპარაკონ ნებისმიერ მსგავს თემაზე, მაგრამ მეორე საკითხია, ჩვენ დავეთანხმებით თუ არა ამაზე. როდესაც საზოგადოებაში არის კონსენსუსი იმაზე, რომ პროპორციული სისტემა ამ ქვეყნისთვის არის კარგი, აბსოლუტურად საპირისპირო სისტემაზე არც უნდა ვისაუბროთ"-, განაცხადა მდინარაძემ.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ ვაგრძელებთ პროცესს, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე, კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღო.

"დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ განსხვავებული სხვა შეხვედრებისაგან. არ იყო აქ ზედმეტი დაძაბულობა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კანონპროექტი წარგვედგინა და დაგვესვა ის ძირითადი კითხვები, რასაც არაერთხელ ვცდილობდით. ვცდილობდით მიგვეღო პასუხები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ. ჩვენ არ ვეხებით შერეულ საარჩევნო სისტემას, რომელიც გვაქვს 2020 წელს. ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემა და საკონსტიტუციო ჩანაწერები იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისა, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში, მათთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ამ სისტემით შეიქმნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო და ეს იქნება მუდმივად რყევადი და ქუჩური გარჩევების საგანი. ხედავთ, რომ დესტრუქციული ძალა ქუჩაშია და ისინი ამას ძალიან კარგად იყენებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ საკითხებზე ჩვენ გვჭირდება ამომწურავი პასუხი და ვერ მივიღეთ ეს პასუხები. მოვისმინეთ იგივე, რაც აქამდე," - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმარისი არ იყო, თუმცა მომდევნო შეხვედრის ჩანიშვნაზე მმართველი გუნდისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო.

ბიძინა ივანიშვილი უსმენდა ჩვენს ინიციატივას, ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩვენ გვაქვს შიდა დემოკრატია და გვინდა, რომ გადავარწმუნოთ თანაგუნდელები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ე.წ ამერიკული მოდელთან დაკავშირებით ხელმოწერებს შეაგროვებენ.

"სხდომაზე საუბარი იყო ჩვენს ინიციატივაზე, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის პირადად ეს სისტემა უფრო მარტივი აღსაქმელია, სადაც პირდაპირი წესით ირჩევა და პიროვნებებზე აკეთებ აქცენტს და ეს სისტემა უფრო მეტ გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. პროპორციული სისტემა განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ინსტიტუტები ძლიერია, პრობლემააა, მთავრობა ვერ იქმნება, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ძალიან სახიფათო ჩვენთვის", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების შემთხვევაში, არსებული რეალობის ფონზე წარმოდგენილ პარტიებს შორის კონსოლიდაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"ახლაც თითქოს კონსოლიდაცია არსებობს პარტიებს შორის, ვთქვათ, ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით, რას ვიღებთ? ის პარტიები, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში შეძლებენ კონსოლიდაციას ისეთ რეალობაში რაც გვაქვს? განვითარებულ ქვეყნებშიც დიდი პრობლემაა. სტატეგიულ პარტნიორებს სურთ, რომ კონსოლიდაცია მოხდეს პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ არსებულ რეალობაში გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო კარგია, ვიდრე პროპორციული. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება შევაგროვოთ 200 ათასი ხელმოწერა და გავაგრძელოთ ეს პროცესი,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით