"არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტზე" - ნინო ბურჯანაძის პარტია განცახდებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტზე" - ნინო ბურჯანაძის პარტია განცახდებას ავრცელებს

პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია.

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. საუბრის თემა იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა რამდენიმე გამოცემამ სცადა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინცინდენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბნატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია"- განაცხადა "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯილდა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სააგენტომ "ტასს" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"