"ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის" - კვირის პალიტრა

"ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის"

"თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსამართლეობის კანდიდატების გაყვანა, კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობას მიიღებს"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 8 ნოემბერს დასრულდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. ამ კვირიდან კი მათ კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ, რაც, სავარაუდოდ, რთულ პოლიტიკურ ვითარებას უფრო გაართულებს. "დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის, კლანის წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს არის - ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. მან მოუწოდა ადვოკატებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებსა და სხვებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ პარლამენტის წევრებზე, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდეს. შეგახსენებთ, არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. თითქმის ყველგან ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან გამართული საპროტესტო აქციები. ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა გამართა ქუთაისში, სადაც ასევე შეხლა-შემოხლა იყო. ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებს მთელ ქვეყანაში გეგმავენ და თუ ამის მერეც არ შეისმენს მათ მოთხოვნებს ხელისუფლება, საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობით იმუქრებიან. "ქართული ოცნება" კატეგორიულ უარს ამბობს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული წინადადებების გაზიარებაზე. შექმნილ ვითარებას აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე

- რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ამ ტიპის განუწყვეტელი აქციები ქვეყანას ნამდვილად დიდ დარტყმას აყენებს. ეს ხელისუფლების იმიჯზეც უარყოფითად აისახება. საქართველო პოლიტიკურად ნელ-ნელა არასტაბილური ქვეყანა ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს მტერს თუ მოყვარეს შესაბამისი დასკვნა გამოაქვს.

თუ ასე გაგრძელდა, ეს იმოქმედებს როგორც ტურიზმის განვითარებაზე, ასევე საზოგადოდ, ეკონომიკაზე. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ შეიძლება ქვეყანა კვლავაც ორად გაიხლიჩოს. უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნიშნები.

ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება. როგორც 90-იანი წლების დამდეგის მძიმე მოვლენების მომსწრე, გეტყვით, რომ ჩემმა თაობამ ეს უკვე გაიარა. კარგად გვახსოვს, იმჟამინდელმა მოვლენებმა საქართველო როგორ გადაისროლა ისეთ ქაოსში, რასაც დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი.

იმას, რაც მოხდა 1991 წლის 2 სექტემბერს, როდესაც პირველად დაიღვარა სისხლი ქართველებს შორის, სისხლის მდინარეები მოჰყვა. ის ჭრილობები დღესაც არა აქვს ქვეყანას მოშუშებული. აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტელიტის შეცდომების ბრალი იყო, თუმცა მასში, რა თქმა უნდა, გარე მტრის ხელიც ერია. დღესაც ამ პროცესებში ქართველები ჩანან წინა პლანზე, მაგრამ ამის უკან იმდენი ძალაა თავმოყრილი, იმდენი ქვეყნის აგენტურა მუშაობს...

ოპოზიციამ პროტესტი უნდა გამოთქვას, მაგრამ უკვე პროტესტშიც აღარ არის საქმე, ლაპარაკია ორმხრივ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ და კვლავაც უშვებენ. სამწუხაროდ, სურათი ასეთია და ამისი გამოსწორების პერსპექტივა ამწუთას არ ჩანს.

ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა - ნახა, რომ აქციებზე ბევრი ხალხი ვერ გამოჰყავს და სხვადასხვა ადგილას გადაწყვიტა აქციების ჩატარება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონებშიც გააქტიურდება დაპირისპირება. ქუთაისში დანთებული პატარა ცეცხლი ყველა რეგიონს რომ გადასწვდეს, წარმოიდგინეთ, რამხელა ხანძარი აგიზგიზდება. ეს ძალიან სახიფათოა, მით უფრო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ საფრთხილო რეგიონები გვაქვს.

- დამეთანხმებით, ალბათ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ბოლოდროინდელ პროცესებზე "ქართული ოცნება" ორმაგად აგებს პასუხს, რადგან სწორედ პარლამენტართა ყოვლად მოულოდნელი გადაწყვეტილება გახდა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მიზეზი. თქვენი აზრით, რა არის "ქართული ოცნების" შეცდომების მიზეზი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვა? - დავიწყოთ იმით, რაც ცხადად გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არიან პირები, რომლებიც ცდილობენ მას ინფორმაცია ისე მიაწოდონ, როგორც თვითონ აწყობთ, რაც აზარალებს პოლიტიკურ პროცესს,

მაგრამ მე მაინც მინდა დავუბრუნდე ერთ საკითხს - ის, რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდებოდა არჩევნებამდე სხვა მიზეზით. საქმე ის არის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიზანია, ქვეყანაში არეულობა იყოს და ამ ქაოსით მივიდეთ არჩევნებამდე. ეს მათი სტრატეგიული გათვლაა, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სხვა მეთოდით ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", მთელი მათი რესურსის გათვალისწინებით, ვერ დაამარცხებენ.

სწორედ ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლების გადამწყვეტი შეცდომა კოაბიტაცია იყო. ერთმა შეცდომამ სხვა - მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. განაპირობა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნ კანდიდატთა შორის ბევრი ვერ მოხვდებოდა და ეს პრობლემაც მოიხსნებოდა; არც იმ ადამიანების ნაწილი დადგებოდა რუსთაველზე, ვისაც დღეს ვხედავთ, რადგან პატიმრობის მოხდა მოუწევდათ; ასევე არ გვეყოლებოდა უამრავი პორტირებული პირი მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ. ეს ყველაფერი სხვანაირ შედეგს მოიტანდა და ქვეყანა განვითარდებოდა. შეიძლება მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური გარღვევა არ ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება კვლავაც ღირსებაშელახულად არ იგრძნობდა თავს.

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ამ კვირიდან უნდა უყარონ პარლამენტში კენჭი. - დიახ, და საპროტესტო აქციების მოთხოვნებს მალე დაემატება კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება - ეს არის სამართლიანობის მოთხოვნა. მოსამართლეთა დანიშვნა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა წარდგენილი კანდიდატების გაყვანა, უფრო დიდ წინააღმდეგობას მიიღებს. ამ კანდიდატების დიდი ნაწილის მიმართ უარყოფითად განწყობილია არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ მოსამართლეების არაერთი ჯგუფიც.

- ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამ კანდიდატების გაყვანას გეგმავს? - არ ვიცი, რას გეგმავს, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ აირჩია ტაქტიკა - უკან არაფერზე დაიხიოს. ვფიქრობ, კომპრომისი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. ხელისუფლებამ რაღაც უნდა დათმოს და თავისი მოქმედება გადააწყოს. ასეთი უკომპრომისობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცამდე მართალი ხარ, ჩვენი ხელისუფლება კი ცამდე მართალი ნამდვილად არ არის.

- ამ უკომპრომისობით "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება? - ნაწილობრივ. კარგად ვხვდებით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ ვითარებაში როგორ მოიქცეოდა - ხვალვე დაარბევდა აქციებს, ყველას მიწასთან გაასწორებდა და ზეგ დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს ისეთი ფორმატით, როგორიც მოუნდებოდა, და მიიღებდა იმ შედეგს, რაც გაუხარდებოდა.

"ქართული ოცნება" ამას არ აკეთებს. მას სხვა ტიპის ტაქტიკა აქვს, მაგრამ არასწორი ქმედება არასწორი ქმედებაა, გინდა ასე მოქცეულა და გინდა ისე. თუ ხელისუფლება ქვეყანას ქაოსისკენ წაიყვანს, ეს ნაკლები უბედურება ნამდვილად არ იქნება. დიახ, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების ბრალია, ის არის პასუხისმგებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ცამდე მართალია.

- ნიკა გვარამიას "ფეისბუკსტატუსს", რომელშიც ლაპარაკია ხელისუფლების დამხობაზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს განცხადება კარგად გამოიყენა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სახით საზოგადოებას კვლავაც მგლის მოსვლით აშინებს. ხელისუფლების დამხობის იდეა დიდად არც ოპოზიციის მომხრეებს ხიბლავთ. მაშ, რას ემსახურება ამგვარი განცხადებები? - "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები გამიზნულია პროვოკაციაზე, ოღონდ კი ვინმე წამოაგონ და, რას აღარ აკეთებენ. მაგალითად, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს შეუძლია ერთ დღეს ჟურნალისტებს აგინოს, მეორე დღეს ბოდიში მოიხადოს, შეუძლია კამერის წინ პოლიციელს ჩაარტყას, მეორე დღეს კი მოუწოდოს, გვერდით დაგვიდექითო. ეს პოლიტიკური ცინიზმი "ნაციონალური მოძრაობის" დამახასიათებელია, ანუ მუდმივი აპელაცია ხალხზე და მერე ამ ხალხის დიდი ნაწილის ციხეებში ჩაყრა და წამება. შესაძლოა გვარამიას ეს განცხადება იმის მოსინჯვაც იყო, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას, რა ნაწილს მოეწონებოდა მისი იდეა...

რაც შეეხება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობას, ისინი ერთმანეთს აცოცხლებენ და ეს უკვე მექანიკურ ფაზაში გადავიდა - თუ ადრე მათი თანაცხოვრება გარკვეულწილად ხელოვნური იყო და ამაში კოაბიტაცია ეხმარებოდათ, დღეს უკვე მოვლენები თავისით ვითარდება.

ჩემი აზრით, ახლა ბრძოლა იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც ყველა ხერხი მისაღებია, მაგრამ რადგან ამ პროცესებს აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდებიან ისინი, ვისაც ანგარიშს უწევენ მხარეები, ამიტომ მეტ-ნაკლებად ფრთხილობენ. სხვა შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედება გაცილებით რადიკალური იქნებოდა.

თუ ჰგონიათ, საქმეში ჩახედულ პირებს არა აქვთ ინფორმაცია, რა ტიპის მზადება მიდის ოპოზიციაში ქუჩაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისთვის თუ ძალოვან სტრუქტურებში, ძალიან ცდებიან. საქართველო პატარა ქვეყანაა - იციან, ვინ რას ლაპარაკობს, როგორ იქცევა, რა ტიპის შეკრებებს აწყობს. ასე რომ, ჩემთვის, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედულისთვის, ცხადია, რომ ოპოზიცია ექსტრემალური ვითარების შექმნას მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერს აკეთებს, როგორმე ასწიოს დუღილის ტემპერატურა, რათა შემდგომ ამაში ჩართოს ის ხალხი, ვინც კვლავაც მუშაობს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში. ხელისუფლების შეცდომები, მეტიც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის დანაშაული აშკარაა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

- ცხადია, შექმნილი ვითარება გარე საფრთხეებს უფრო ზრდის... - დიახ, თუმცა ისინი, ვისთვისაც მთავარია ძალაუფლება, მეეჭვება, ამაზე ფიქრობდნენ. ახლა მიდის ბრძოლა სწორედ ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის. მინდა საზოგადოებამ ეს კარგად გაიგოს.

მე მაქვს ვიდეოფირი, რომელიც გადაღებულია 1991 წელს, თბილისის ომის დაწყებამდე, და მასზე ასახულია, თუ ვიღაც როგორ ესვრის ავტომატს მთავრობის სახლთან მომიტინგეებს. ეს გადაიღო ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, რომელიც იმჟამად ზვიად გამსახურდიას ჯგუფში იყო. ისვრიან იმ მიმართულებით, სადაც მე ვიდექი კამერით. ჩვენამდე ტყვიები არ აღწევდა, რადგან აშკარად ჰაერში ისროდნენ. ეს იყო ვიღაც კლასიკური პროვოკატორი, ის არც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი გახლდათ და არც ოპოზიციის, ისროდა თავებს ზემოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვითარება უკიდურესად დაეძაბა. ვიმეორებ, ეს არის პროვოკაციის კლასიკური მაგალითი, იმის მაგალითი, რომ ასეთი დაძაბულობისას შეიძლება მესამე მხარემ გაისროლოს.

დღევანდელ აქციებზე ფიზიკური დაპირისპირება გახშირდა და ჩვენ არ ვიცით, ერთ მშვენიერ დღეს როგორ დასრულდება. საზოგადოებაში აგრესია საკმაოდ დიდია, დუღილის ტემპერატურაც მატულობს, რასაც მედიაც ხელს უწყობს, განსაკუთრებით სატელევიზიო.

- მაჟორიტარები, რომლებსაც დაჰბრალდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიან - ჯერ იყო და, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ და ხელმოწერებს აგროვებდნენ, ახლა ორპალატიანი პარლამენტის იდეით გამოდიან... - საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, რაც მოხდა, ივანიშვილთან შეთანხმებით დადგმული სპექტაკლი იყო. ჰოდა, ბევრისთვის ისე ჩანს, რომ ამ ინიციატივებით ისინი სპექტაკლს აგრძელებენ. საზოგადოებას ასე სჯერა და მას ძნელად გადაარწმუნებენ. არის მეორე მხარეც - ის, რომ არსებობდა პროპორციული სისტემის გამო მაჟორიტარების უკმაყოფილება.

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებამდე ცოტა ხნით ადრე პირადად ვესაუბრე რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატს (მათ შორის არ ყოფილა კახა ოქრიაშვილი), რომლებიც ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში აღარ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს, რადგან თავდაპირველად რომ დავთანხმდით, დაგვპირდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში ჩვენს ჩასმაზე იფიქრებდნენ, ახლა კი აღარაფერს გვპირდებიან და ქუჩაში ვრჩებითო.

ეს განწყობა არსებობდა, ამიტომაც მთლად ივანიშვილის მოფიქრებულიც არა მგონია ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იცოდნენ მაჟორიტარების განწყობა და მათი დემარშის პროვოცირება მოახდინეს.

- მოძრაობა "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან ერთად მორიგი ვიზიტით ეწვია მოსკოვს. მიუხედავად მისი არცთუ მაღალი სტატუსისა და რეიტინგისა, ის გავლენიან პირებს შეხვდა. მისი მოსკოვში ვიზიტები აღარავის უკვირს, მაგრამ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიციამ თითქოს საერთო ენა გამონახა, ბევრისთვის მისი ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო... - ითქვა, რომ ბურჯანაძის ვიზიტი იყო წინასწარ დაგეგმილი, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაშიც იცოდნენ. ამაზე თაკო ჩარკვიანის გარდა განსაკუთრებული რეაქცია არავის ჰქონია. ჩემთვის მოულოდნელი ის იყო, რომ ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გაშუქდა. ბურჯანაძის სტატუსი ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ ასეთი ყურადღება დაეთმოთ. რაში დასჭირდათ ეს, არ ვიცი. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვიზიტი შეიძლება რაღაც ოპერაციის ნაწილია. თუმცა ეს ყველაფერი ისე ღიად მოხდა, კონსპირაციის ხიბლიც დაიკარგა. ერთ ვერსიად ითქვა, ეს დაიგეგმა იმიტომ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ამ ვიზიტისთვის დაემთხვიათ და ამით ქულები ბურჯანაძეს ჩაეწერაო, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და ესეც არ მოხდა. ამასობაში გავა ეს ორი თვე და გაფრინდაშვილს ისედაც გამოუშვებენ. მოკლედ, მიჭირს რაიმე ლოგიკის პოვნა ამ ყველაფერში და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს დიდად, ნინო ბურჯანაძე სად წავა და წამოვა, მას, ფაქტობრივად, პარტია არც აქვს, მარტო მაგან და გიგლა ბარამიძემ რა უნდა ქნან?