"ეს ორმოტრიალი საქართველოს მოსარყევადაა წამოწყებული" - კვირის პალიტრა

"ეს ორმოტრიალი საქართველოს მოსარყევადაა წამოწყებული"

თემურ ჩალაბაშვილი: "მათგან არც ერთი არ არის პატრიოტი, ყველას დაკარგული სკამი აწუხებს"

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თემურ ჩალაბაშვილი საუბრობს.

- როცა ქვეყანაში დალხენილი ცხოვრებაა, მწერალი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ, როცა სამშობლო თავზე გვემხობა, დუმილის უფლება არავის აქვს. ვშიშობ, ასეთი ვაიპოლიტიკოსების ხელში ვერ გადარჩება საქართველო; მათგან არც ერთი არ არის პატრიოტი, ყველას დაკარგული სკამი აწუხებს.

რა უფლება აქვს უგულავას, მილიონები რომ გაფლანგა, მე და ჩემისთანა კაპიკებზე მცხოვრებთ საქართველოს სახელით გვესაუბროს?! ვერ დავიჯერებ ამათ პატრიოტიზმს. ფსიქოლოგია გაუმრუდეს ბავშვებს, იმ დამახინჯებულ ბავშვებს, რომელთაც სულში ჩააფურთხეს - ზოგს თვალში მოხვდა ტყვია და ზოგს სად.

- სულ ბოლოს განხეთქილების ვაშლად პროპორციული არჩევნების ჩავარდნა იქცა. - აქ სხვა გაბზარვაა - ჩვენ ვარქმევთ ასე, რა იცით, ზემოთ რა ხდება?! იქ, საიდანაც განაგებენ ბიძინასაც და საიდანაც განაგებდნენ მიშას?

ეს გარეწარი როცა იყო, რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას?!

- ივანიშვილს სიტყვის გატეხვაში ადანაშაულებენ, პარლამენტში პროპორციული არჩევნები ჩავარდა... - ბებიაჩემმა მითხრა ერთხელ - ორთვალგამოთხრილს ცალთვალა სჯობიაო. ჩვენ ზუსტად ასე გაგვჩხირეს ამათ! იქით ვერ გადავდივართ, ესენიც არაფრის მაქნისები არიან! მგონი, ეს საარჩევნო ორომტრიალი საქართველოს მოსარყევადაა წამოწყებული, ეტყობა, დიდი დაფინანსება აქვთ...

დაავიწყდა გუბაზ სანიკიძეს, "2 მილიონიო", რომ ამბობდა?... იქით მიშა ამბობს, ჩამოვალო. როგორ ჩამოვა კაცი, რომელმაც სამშობლო დააქცია?!

ახლა რომ წყლით დაშლის ეშინიათ, 26 მაისს თვითონ რომ ჭერში აყარეს მკვდრები, ის არ ახსოვთ?! ჩვენ კაცი ვეღარ გვიშველის, ღვთის ანაბარა დაგვტოვეს. ერთმა მდიდარმა კაცმა, გაზულუქებულმა მილიარდერმა, მკითხა, ღმერთი არსებობსო? ღმერთი სუფევს, თქვენ არსებობთ-მეთქი, ვუპასუხე. ეს გაიგონ, რომ ღმერთი სუფევს და ჩვენ ვარსებობთ. უფალი გვიშველის, თორემ კაცს, ვისაც მივენდეთ, ყველამ გაგვყიდა. დიდხანს გვიცოცხლოს უფალმა უწმინდესი და უნეტარესი, როგორ დავღალეთ... უნეტარესმა ბევრ ისეთს გადაუსვა თავზე ხელი, რომლისთვისაც არ უნდა გადაესვა, მაგრამ იცით, რატომ? იმიტომ, რომ უძღები შვილის სიყვარული აქვს.

ბიძინა ივანიშვილს მივწერე წერილი, არ ვიცი, თუ წაიკითხა: ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ არა ვართ ახლა გალაკტიონები, ვაჟა-ფშაველები და გიორგი ლეონიძეები, თქვენგან დამისახელეთ დავით აღმაშენებელი ან ერეკლე მეფე რომელია-მეთქი. იქნებ ოდესმე ვინმემ წაიკითხოს ეს წერილიც, საბოლოოდ ყველაფერი იკითხება და განიკითხება.

- რა იქნება ხვალ? - მე მხოლოდ ის მაინტერესებს, ქუჩაში გამოსულმა გაღიმებული კაცი დავინახო. გაღიმებული კაცი ქვეყნის გადარჩენას, გაღიმებულ საქართველოს ნიშნავს. მომავალი თაობის რომ არ მჯეროდეს, გაღვიძებაც აღარ მომინდებოდა.