დავით უსუფაშვილი: "ნიკა გვარამიას განცხადებები ჩემთვის არასდროს ყოფილა პოლიტიკური გზის მაჩვენებელი შუქურა" - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი: "ნიკა გვარამიას განცხადებები ჩემთვის არასდროს ყოფილა პოლიტიკური გზის მაჩვენებელი შუქურა"

"ოცნებას" აქვს შანსი, დღემდე გამქრალ ყოფილ სახელისუფლებო გუნდებზე უფრო სწრაფად გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან და ეს იქნება "ოცნების" ლიდერის და არა ოპოზიციის დამსახურება"

რას მოგვიტანს ვითარების რადიკალიზაცია და სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები, ამ და სხვა საკითხებზე "შენების მოძრაობის" ლიდერს დავით უსუფაშვილს ვესაუბრეთ.

- პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციისა და აღმავლობის ინსტრუმენტად უნდა გამოყენებულიყო და სწორედ ამას ვურჩევდი ხელისუფლებას ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამის ნაცვლად, "ოცნების" უუნარო ხელში პროპორციული არჩევნების საკითხი დაპირისპირების, რადიკალიზაციისა და ესკალაციის იარაღად გადაიქცა.

ყველა, მათ შორის "ოცნების" მომხრეთა უდიდესი ნაწილიც, გაოგნებულია - ეს რა ჩაიდინა ივანიშვილმა? მართლა ვერ ხვდება, რა განსაცდელის წინაშე აყენებს ქვეყანას, თუ მხოლოდ ამით წარმოუდგენია ძალაუფლების შენარჩუნება? საქმე გვაქვს ან წარმოუდგენელ ბოროტებასთან, ან წარმოუდგენელ უგუნურებასთან. სხვაგვარად ვერ აიხსნება 24 ივნისის ინიციატივისა და მისი 14 ნოემბერს დასამარების ეპოპეა.

- 14 ნოემბრის შემდეგ ქვეყანა მწვავე დაპირისპირების ზღვარზე დგას. ამას ემატება რადიკალური მოწოდებები თუნდაც სოციალურ ქსელში. მაგალითად, ნიკა გვარამიამ "ფეისბუქში" დაწერა, რომ ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის მანქურთებიანად უნდა დაამხონ. ასეთი მოწოდებები ხომ არ ართულებს ისედაც კრიზისულ ვითარებას? - სოცქსელებში ათასი რამე იწერება. რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებებს, ეს ჩემთვის არასდროს ყოფილა პოლიტიკური გზის მაჩვენებელი შუქურა და არც მომავალში იქნება. მე და ჩემი კოლეგები ვშრომობთ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა სამართლიან არჩევნებში თქვას თავისი სიტყვა, ხოლო ჩვენი რჩევაა, ხალხმა შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ არა ყოფილი ხელისუფლებით.

- ოპოზიციის აქციების პარალელურად კონტრაქციებს მართავენ "ქართული ოცნების" მომხრეები. არის თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე? - ქვეყანა დიდი ხანია ცივი სამოქალაქო ომის პირობებში ცხოვრობს, რაც ყველაზე თვალნათლივ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლინდა. მას შემდეგ საზოგადოების გამთლიანებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნორმალურ რიტმში გადასვლის ნაცვლად "ოცნებამ" უფრო გაამწვავა დაპირისპირება.

ურემი ჯერ კიდევ არ გადაბრუნებულა, მაგრამ ასეთ რყევებს დიდხანს ვერ გაუძლებს.

- ხელისუფლებას შესწევს უნარი, რომ ეს ყველაფერი თავიდან იქნეს აცილებული? - ხელისუფლებამ ბოლომდე გაფლანგა ქვეყნის მართვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება - მორალური უპირატესობა და ნდობა. მოსახლეობის სულ უფრო მეტ ნაწილს მისი აღარაფერი ესმის და აღარაფრის სჯერა. მეტიც, "ოცნების" ამომრჩევლის უდიდეს უმრავლესობასაც აღარაფრის სჯერა და აღარაფერს ითხოვს, გარდა ერთისა - არ დაბრუნდეს წინა ხელისუფლება. ასეთ ვითარებაში "ოცნებაც" ამ თემას ებღაუჭება - გვერდით დამიდექით, თორემ ბრუნდებაო. კონტრაქციებიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ "ოცნების" ამომრჩეველიც დაინახავს, რომ სწორედ ივანიშვილი უფენს და უსწორებს წითელ ხალიჩას სააკაშვილს.

პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი, "ოცნების" ხელში კი ის გათიშულობის, დაპირისპირების და ქვეყანაში დიდი პრობლემების შექმნის იარაღი აღმოჩნდა. ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს კიდევ სხვა მიმართულებით დაუშვას დიდი შეცდომები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითა და არჩევნებისთვის მზადებით. რადიკალიზაცია, ესკალაცია, პოლარიზაცია ასუსტებს ქვეყანას, ყოველ ოჯახს და ყოველ მოქალაქეს. უაღრესად არამდგრად საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ ვითარებაში არნახული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია გვმართებს და ამის ნაცვლად არნახულად ვართ გათიშული და დაპირისპირებული. "დაგამთავრებ" და "გამოგლევ" კონცეფციებით სადღაც პრესახელმწიფოებრივ ეპოქაში, ათასწლეულებით უკან ვცვივდებით მაშინ, როდესაც წინ ევროპული კეთილდღეობის, თავისუფლების და უსაფრთხოების პერსპექტივა გადაგვეშალა. "ოცნება" ამას რომ აღიქვამდეს, ცხადია, სხვაგვარად მოიქცეოდა - აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად აბრმავებს და აყრუებს.

- "ოცნებაში" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - არსობრივად ეს წმინდა წყლის ბლეფია - პარლამენტში არ არსებობს ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილების გამზიარებელი 113 წევრი. ტაქტიკურად ეს "შიდაოცნებური" ბრძოლების გამოვლინებაა - მომავალ პარლამენტში მოსახვედრად კუნთების თამაში და მამა-მარჩენლისთვის ერთგულების დემონსტრირების მცდელობა.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს "ოცნების" გარღვევის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს? - უმრავლესობამ ქვეყნის დაზიანებასთან ერთად იმდენი თვითდაზიანება მიიყენა, რომ გარდაუვალია შიდა ქაოსი და უთანხმოებები. "ოცნებას" აქვს შანსი, დღემდე გამქრალ ყოფილ სახელისუფლებო გუნდებზე უფრო სწრაფად გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან და ეს იქნება "ოცნების" ლიდერის და არა ოპოზიციის დამსახურება.