გიორგი ვაშაძე: "ჩვენ მშვიდობიანად ვმოქმედებთ, ისინი კი პროვოკატორებს გვიგზავნიან" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "ჩვენ მშვიდობიანად ვმოქმედებთ, ისინი კი პროვოკატორებს გვიგზავნიან"

"თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს ყურად არ იღებს, დავიწყებთ საერთო-ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება ქალაქს და სოფელს, მთელ საქართველოს", - ამბობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

- ვაგრძელებთ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს. ჩავდივართ ყველა რეგიონში და მაქსიმალურად ვეხმიანებით ყველა მოსახლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი და მნიშვნელოვანია, ტყუილზე ხელი უნდა ავაღებინოთ "ქართულ ოცნებას". ველოდებით ასევე ეუთოს დასკვნას, რითაც საბოლოოდ დადასტურდება, რომ გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. თუ ამ ყველაფერს ყურად არ იღებს ხელისუფლება, დავიწყებთ საერთო-ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება ქალაქს და სოფელს, მთელ საქართველოს. ეს უკვე სრულიად ახალი შინაარსის, მოქმედებების პროცესი იქნება.

- მაგრამ ხელისუფლება დათმობას არ აპირებს...

- სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მავნებელი მთავრობა, რომელიც ყველაფერს აზიანებს. ჩვენ მშვიდობიანად ვმოქმედებთ, ისინი კი პროვოკატორებს გვიგზავნიან. მათ ძალადობას ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი ქმედებით ვპასუხობთ.

- სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს რადიკალიზაცია?

- გამარჯვებამდე.

- ამ დროს კი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ამერიკულ მოდელს არეგისტრირებს და არჩევნების ჩატარებას მთლიანად მაჟორიტარული სისტემით ითხოვს. - ეს სიბეცეა. ამერიკული მოდელი კი არა, თავიდან ბოლომდე რუსული მოდელი უდევთ თავში.

- რიგგარეშე არჩევნების ალბათობას თუ ხედავთ? - რიგგარეშე არჩევნები "ოცნებას" არ უნდა, რადგან განულებული აქვს ხალხის მხარდაჭერა. ორი დღეა ქუთაისში დავდივარ და მისით კმაყოფილი ერთი კაციც ვერ ვნახე. რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავენ, იმიტომ, რომ ეშინიათ.

- თუ ხელისუფლებამ არ დათმო, ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას ბოიკოტს გამოუცხადებთ?

- რატომ ბოიკოტი. დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ.

- ამ რადიკალურ ბრძოლაში რამდენად ერთიანია ოპოზიცია? - ყველა ერთიანი ვართ, ერთად ვდგავართ, ჩვენი გეგმაა მშვიდობიანი აქციები და პიკეტირება, რათა რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შევუქმნათ ხელისუფლებას. გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერაც, რაც აიძულებს ხელისუფლებას, ხელი აიღოს ტყუილზე.

- გიგი უგულავას თქმით, "ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე ვართ, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში". - ვიცი, რომ ჭაობში არ გადავეშვებით და საქართველო ბედნიერი ქვეყანა იქნება. ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? - ეს ძალიან მალე, უახლოეს მომავალში მოხდება.