გიორგი კახიანი: "ამ აქციებით ოპოზიცია თავისი თავის დისკრედიტაციას მოახდენს" - კვირის პალიტრა

გიორგი კახიანი: "ამ აქციებით ოპოზიცია თავისი თავის დისკრედიტაციას მოახდენს"

"იმედია, ოპოზიცია მიხვდება, რომ საპროტესტო აქციები უშედეგო იქნება და საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდება"

რას დაუპირისპირებს ხელისუფლება ოპოზიციის აქციებს, არის თუ არაქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, ამ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გიორგი კახიანს ვესაუბრეთ.

- როგორც მივხვდი, მაჟორიტარების ნაწილისთვის ორპალატიანი პარლამენტის არსებობა დააბალანსებს იმ რისკებს, რასაც ისინი პროპორციული არჩევნების მიღებისას ხედავენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამერიკული მოდელის ინიცირება. მე მხარს პროპორციულ სისტემას ვუჭერ. მეტიც, ასეთი სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წლისთვისაც ვითხოვდი. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ეს მოდელი რომც მოგვწონდეს, მას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდება. ამ მოწვევის პარლამენტში კი გამოვრიცხავ ცვლილებებს, იქნება ეს პროპორციული თუ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა.

- თქვენი აზრით, ამერიკული მოდელი "ოცნებაში" განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი გახდება?

- მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარი ფიქრობს, რომ ამერიკულ მოდელზე გადასვლა ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, და ეს განხეთქილების მიზეზი არ არის.

- ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები ხომ არ დატოვებენ უმრავლესობას? - ამ თემაზე დისკუსია უმრავლესობის სხდომაზე გაიმართა, მაგრამ არაფერი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვინმემ უმრავლესობა დატოვოს.

- ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს. რას უპირებს ხელისუფლება ამ პროტესტს? - საქართველო დემოკრატიული სახლმწიფოა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისა და პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ არ შეიძლება, სახელმწიფო ინსტიტუტების დაბლოკვა. სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება. ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ ქუჩის აქციებიდან საპარლამენტო ფორმატში გადმოსვლას, სადაც ვიმსჯელებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. იმედია, ოპოზიცია მიხვდება, რომ საპროტესტო აქციები უშედეგო იქნება და საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდება. მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეს აქციების გაგრძელება, კი ბატონო, შეუძლიათ ჩაატარონ კანონის ფარგლებში. უბრალოდ, უნდა იცოდნენ, რომ თუ ეს დესტრუქციულ ხასიათს მიიღებს, თავს უფრო დაიზიანებენ. ამით ოპოზიცია თავისი თავის დისკრედიტაციას მოახდენს.

- მაგრამ ხელისუფლების დისკრედიტაციაც ხომ ხდება?

- მე ამას ვერ ვიტყოდი. ჩვენ გავაგრძელებთ ძველებურად მუშაობას. მაგალითად, უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, რომელიც არაერთი სოციალური ინიციატივის განხორციელებას მოხმარდება. ასევე მისაღები გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კანონი მიწის რეგისტრაციის შესახებ და ა.შ.