აკაკი ზოიძე: "ოცნება" საზოგადოების გადაგდებისთვის დიდ ფასს გადაიხდის" - კვირის პალიტრა

აკაკი ზოიძე: "ოცნება" საზოგადოების გადაგდებისთვის დიდ ფასს გადაიხდის"

"ოპოზიციას ერთი სული აქვს, პროცესები ქუჩაში გადაიტანოს და "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციით მოვიდეს ხელისუფლებაში, ამის საბაბი კი ჩვენ მივეცით"

"თუ ოპოზიციას მართლა მიაჩნია, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, დაელოდოს არჩევნებს და შეიძლება ამ სისტემითაც დაამარცხოს ხელისუფლება, როგორც ეს 2012 წელს მოხდა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" აწ უკვე ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე.

- პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, გულით - არა. შესაბამისად, სწორად მოვიქეცი თუ არა, ხალხმა განსაჯოს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ნეგატიური დღის წესრიგი და აღარ მაძლევს პოზიტიური საქმის კეთების საშუალებას. პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმების გასატარებლად მოვედი, დარჩენილ ერთ წელიწადში კი ამის საშუალება აღარ იქნება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პოლიტიკას.

ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა უმადური საქმეა. რაც უნდა ცდილობდე კარგის გაკეთებას, მაინც არ ჩანს. საზოგადოება პოლარიზებულია და პოლიტიკოსი ლანძღვისა და სიძულვილის მეტს არაფერს იღებს. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის სურვილზე, ენთუზიაზმსა და მზაობაზე, ემსახუროს ქვეყანას...

- რა გითხრეს კოლეგებმა და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც პარტიის დატოვება გადაწყვიტეთ? - მადლობას ვუხდი კოლეგებს და ხელმძღვანელობას, რომ მომცეს საშუალება, საშვილიშვილო რეფორმაში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებში. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობამ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა, დაგროვებითი პენსია კი ღირსეული პენსიის საწინდარი იქნება ახალგაზრდებისთვის, როცა ისინი ხანში შევლენ.

- ივანიშვილმა რა გითხრათ? - პირადი საუბრები არ არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ყველას გული დასწყდა, მაგრამ ისინი პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას. პოლიტიკა არ არის ქვეყნის სამსახურში დგომის ერთადერთი გზა, არსებობს სხვა სფეროც, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ჩემს ადგილს პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ, ამის დამაგვირგვინებელი იყო პროპორციული არჩევნების ჩავარდნა.

- თავს მოტყუებულად გრძნობთ? - მე ვიყავი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა. შესაბამისად, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ამიტომ წამოვედი. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა, რათა 14 ნოემბერს ტაბლოზე არ გამოსახულიყო ის შედეგი, რომელიც დადგა. მოვძებნე გამოსავალი და კოლეგებს შევთავაზე აბსოლუტურად სწორი გზა - გვეკითხა ხალხისთვის, რომელ საარჩევნო სისტემას ირჩევდა და დაგვესრულებინა დებატები...

ფაქტია, ჩვენ ვერ შევასრულეთ დანაპირები და ამას რაც მოჰყვა, ის არის მთავარი, თორემ სისტემა შერეული იქნება თუ პროპორციული, მნიშვნელობა არა აქვს. უსამართლო სისტემები არ არსებობს - ყველა სამართლიანია... ჩვენ მორალური უპირატესობა დავკარგეთ, პროცესები კი იმ დესტრუქციულ პოლიტიკაში გადაიზარდა. ოპოზიციას ერთი სული აქვს, პროცესები ქუჩაში გადაიტანოს და "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციით მოვიდეს ხელისუფლებაში, ამის საბაბი კი ჩვენ მივეცით.

- რატომ ვერ შეასრულეთ დაპირება, ეს მართლაც მაჟორიტარების აჯანყება იყო? - მნიშვნელობა არა აქვს, რა იყო და რატომ ჩავარდა კანონპროექტი, მთავარი შედეგია.

- გერმანულ მოდელზე რა აზრის ხართ? - როგორც იცით, პლებისციტზე უარი თქვეს, მაგრამ იყო კიდევ ერთი შანსი - გერმანულ მოდელზე გადასვლა. პარტიაში ამ მოდელზე მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა იყო. მეც გავიარე კონსულტაციები და როგორც მითხრეს, ეს სისტემა კონსტიტუციაში ცვლილებებს საჭიროებს. ამასთან, ვთქვათ, ყველა შევთანხმდით და ამ მოდელით ჩავატარეთ არჩევნები. თუ რომელიმე პარტიას არ მოეწონება შედეგები და სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს, დიდი შანსი აქვს, გაიმარჯვოს და შედეგები გაბათილდეს, ეს კი კატასტროფა იქნება...

თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, დაელოდოს არჩევნებს და შეიძლება ამ სისტემითაც დაამარცხოს ხელისუფლება, როგორც ეს 2012 წელს მოხდა,

"ოცნება" კი"საზოგადოების გადაგდებისთვის დიდ ფასს გადაიხდის.

- თქვენ რას აპირებთ? - სოციალური პოლიტიკის რეფორმებით გავაგრძელებ საქმიანობას და ამისთვის პოლიტიკაში ყოფნა არ არის აუცილებელი.