გაიხსნება თუ არა რუსული კულტურის ცენტრი საქართველოში - კვირის პალიტრა

გაიხსნება თუ არა რუსული კულტურის ცენტრი საქართველოში

რუსული ენის შემსწავლელი კურსები თუ კულტურის ცენტრი - რის გახსნას გეგმავს კრემლი საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებში, ჯერ უცნობია. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამასთან კავშირი არა აქვს.

- 28 ნოემბერს შეხვედრაზე მოვისმინე კარასინის ძალიან მოკლე კომენტარი, რომ დეკემბერში სავიზო ცენტრთან რუსული ენის კურსები გაიხსნება. როგორც გავარკვიე, ეს კომერციული ორგანიზაციაა. კარასინს ვუთხარი, საქართველოში დავბრუნდები და დავინტერესდები-მეთქი... გაირკვა, რომ არც ერთ სახელისუფლებო უწყებას არანაირი შეხება ამგვარ იდეასა თუ ინიციატივასთან არა აქვს.

ჩვენი შეხვედრის მეორე დღეს ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რაღაც კულტურის ცენტრი იხსნება, მაგრამ როგორც ვიცი, რუსული ენის კურსებზეა ლაპარაკი, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ისედაც არსებობს.

- აბა, დეკემბერში რა იხსნება? - არაფერი განსაკუთრებული.

- არაფერი განსაკუთრებული?.. - როგორც ვიცი, არც ამ კომერციულ სტრუქტურას აქვს რაიმე გეგმა. ამ ცენტრში აგრძელებენ რუსული ენის სწავლებას და პროფილის გაფართოებას არ გეგმავენ.

- ვინ დგას ამის უკან და თუ აპირებს სახელმწიფო ამ ცენტრის გახსნის აკრძალვას?

- რა ავკრძალოთ, რუსული ენის სწავლების კომერციული კურსები?! იქ რუსულ ენას 2014 წლიდან ასწავლიან.

- და მაინც, საზოგადოება რაიმე სიურპრიზს ხომ არ უნდა ელოდოს? - დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, ეს არის.

- კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ განაცხადა და ეს უცნაური არ არის? - გავარკვევ, რის საფუძველზე განაცხადა ეს კარასინმა.

- ჯერ არ გაგირკვევიათ? - ამას დრო დასჭირდება. კარასინთან ამ საკითხზე მოკლე საუბარი მქონდა, რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლეთ. მითხრა, რუსული ენის შემსწავლელი კურსები იხსნებაო. ვუთხარი, ჩავალ და დავინტერესდები-მეთქი. უკვე მოგახსენეთ, რომ კომერციულ ცენტრს სხვა გეგმები არა აქვს.

- კიდევ რა თემებს შეეხეთ შეხვედრაზე?

- დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილზე ვისაუბრეთ. კარასინმა კომენტარი ქართველი ჟურნალისტებისთვისაც გააკეთა და თქვა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გათავისუფლება. იმედია, ასე იქნება.

- გაფრინდაშვილი არ არის პირველი, ვინც საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს. ჩვენ ტრაგიკული შემთხვევებიც გვახსოვს... კარასინს მკაცრად არ მოსთხოვეთ, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს? - ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგით არ არის განსაზღვრული. ჩვენი შეხვედრები ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხება, მაგრამ ჩემი ინიციატივით ამ საკითხზე მუდმივად ვლაპარაკობთ. კარასინმა თქვა, რომ 11 დეკემბერს ჟენევაში შედგება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი და აჯობებს, ეს თემა იქ განვიხილოთ.

- როდის გეგმავთ კარასინთან მორიგ კომუნიკაციას, რომ ამ ცენტრთან დაკავშირებული რაიმე მოულოდნელობა თავიდან ავიცილოთ? - კომუნიკაცია გვაქვს და გვექნება. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, მორიგი შეხვედრა კი მომავალ წელს გაიმართება, თუმცა, თუ საჭიროება იქნება, კომუნიკაციის პრობლემა არა გვაქვს.