როგორ დასრულდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი და რა ახალი ინიციატივით გამოვიდნენ დიპლომატები? - კვირის პალიტრა

როგორ დასრულდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი და რა ახალი ინიციატივით გამოვიდნენ დიპლომატები?

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი, რომელსაც  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელებიც ესწრებოდნენ, ოთხ საათს გაგრძელდა და კონკერტული შედეგით ვერც ამჯერად დასრულდა, თუმცა გაირკვა, რომ  მილაპარაკების პროცესში, დიპლომატების ინიციატივით გაჩნდა ახალი იდეა. საქმე შეეხება ცვლილებებს არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში, კონკრეტულად კი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით შეცვლას.

"მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  შეხვედრის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში.

„მოლაპარაკების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსიტუციური მოდელის,არსებული სისტემის ფარგლებში, მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მაჟორიტარულ ნაწილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. აქ მოვემზადებით ჩვენ და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მოვიტანთ ამაზეც არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც მუშაობა ისედაც გვქონდა დაწყებული",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელის ცალკეული კომპონენტები უნდა განიხილოს, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

როგორც ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი წინადადება უნდა წარმოადგინოს.

"დღევანდელ შეხვედრას შეგვიძლია დავარქვათ "ქართული ოცნების" იძულება დიპლომატიური კორპუსის მიერ - იყოს კონსტრუქციული და დაანებოს თავი დესტრუქციას, რომელსაც ის ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება შეხვედრის შინაარს, პირველი, გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ ქართულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა კვლავ ძალაშია. მეორე- დიპლომატიური კორპუსის მხრიდან მოხდა შეთავაზება ჩვენი შეთავაზების ცალკეული კომპონენტების დამოუკიდებლად განხილვაზე, მათ შორის, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების დამოუკიდებლად განხილვაზე, რაზეც "ქართულ ოცნებას" არგუმენტი, რა თქმა, არ აქვს, რომ არ შეესაბამება კოსტიტუციას. ამიტომ მათ ითხოვეს დრო, რომ საბოლოო მოსაზრება ამ ცალკეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვას.

შეხვედრა კიდევ იქნება. "ქართული ოცნებისგან" ველოდებით, რომ შემდგ შეხვედრაზე ცალკეულ კომპონენტებზე კონკრეტულად უნდა იყოს განხილვა და მათ უნდა მოგვიტანონ საკუთარი წინადადება", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს არაკოსტრუქციული ქმედებების მცდელობა ჰქონდათ.

"რაც შეეხება შეხვედრას, მცდელობა იყო დესტრუქციული ქმედების. უფრო სწორად, არაკონსტრუქციული ქმედების, რაც ყველასთვის ნათელი იყო, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წაგვეყვანა ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში და შემიძლია ვთქვა, ეს შეხვედრა არის მნიშვნელოვანი წარმატება იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც გვაქვს",- განაცხადა ვაშაძემ.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, რათა "ქართული ოცნება" იძულებული იყოს საზოგადოებას მოუსმინოს.

"რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ეს არის მნიშნელოვანი მექანიზმი "ქართული ოცნების" იძულების, რომ მან მოუსმინოს საზოგადოებას და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს",- განაცხადა ვაშაძემ.