"ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არიან პირები, რომლებიც ცდილობენ მას ინფორმაცია ისე მიაწოდონ, როგორც თვითონ აწყობთ" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არიან პირები, რომლებიც ცდილობენ მას ინფორმაცია ისე მიაწოდონ, როგორც თვითონ აწყობთ"

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ბოლოდროინდელ პროცესებზე "ქართული ოცნება" ორმაგად აგებს პასუხს, რადგან სწორედ პარლამენტართა ყოვლად მოულოდნელი გადაწყვეტილება გახდა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მიზეზი. თქვენი აზრით, რა არის "ქართული ოცნების" შეცდომების მიზეზი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვა? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დავიწყოთ იმით, რაც ცხადად გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არიან პირები, რომლებიც ცდილობენ მას ინფორმაცია ისე მიაწოდონ, როგორც თვითონ აწყობთ, რაც აზარალებს პოლიტიკურ პროცესს,

მაგრამ მე მაინც მინდა დავუბრუნდე ერთ საკითხს - ის, რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდებოდა არჩევნებამდე სხვა მიზეზით. საქმე ის არის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიზანია, ქვეყანაში არეულობა იყოს და ამ ქაოსით მივიდეთ არჩევნებამდე. ეს მათი სტრატეგიული გათვლაა, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სხვა მეთოდით ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", მთელი მათი რესურსის გათვალისწინებით, ვერ დაამარცხებენ.

სწორედ ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლების გადამწყვეტი შეცდომა კოაბიტაცია იყო. ერთმა შეცდომამ სხვა - მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. განაპირობა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნ კანდიდატთა შორის ბევრი ვერ მოხვდებოდა და ეს პრობლემაც მოიხსნებოდა; არც იმ ადამიანების ნაწილი დადგებოდა რუსთაველზე, ვისაც დღეს ვხედავთ, რადგან პატიმრობის მოხდა მოუწევდათ; ასევე არ გვეყოლებოდა უამრავი პორტირებული პირი მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ. ეს ყველაფერი სხვანაირ შედეგს მოიტანდა და ქვეყანა განვითარდებოდა. შეიძლება მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური გარღვევა არ ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება კვლავაც ღირსებაშელახულად არ იგრძნობდა თავს.

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ამ კვირიდან უნდა უყარონ პარლამენტში კენჭი.

- დიახ, და საპროტესტო აქციების მოთხოვნებს მალე დაემატება კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება - ეს არის სამართლიანობის მოთხოვნა. მოსამართლეთა დანიშვნა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა წარდგენილი კანდიდატების გაყვანა, უფრო დიდ წინააღმდეგობას მიიღებს. ამ კანდიდატების დიდი ნაწილის მიმართ უარყოფითად განწყობილია არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ მოსამართლეების არაერთი ჯგუფიც.

- ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამ კანდიდატების გაყვანას გეგმავს?

- არ ვიცი, რას გეგმავს, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ აირჩია ტაქტიკა - უკან არაფერზე დაიხიოს. ვფიქრობ, კომპრომისი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. ხელისუფლებამ რაღაც უნდა დათმოს და თავისი მოქმედება გადააწყოს. ასეთი უკომპრომისობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცამდე მართალი ხარ, ჩვენი ხელისუფლება კი ცამდე მართალი ნამდვილად არ არის.

წიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად