"მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს" - რას სთავაზობს რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს? - კვირის პალიტრა

"მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს" - რას სთავაზობს რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს?

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება ზარდიაშვილის ხელფასს, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

"შევთავაზებ ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება",- განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია "ენერგოტრანსში" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის ხელფასი 14 ათასი ლარია.

შპს "ენერგოტრანსის" 100%-იანი წილის მფლობელი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა".

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი "საპარტნიორო ფონდი" ფლობს. ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს გადაცემული.

"ინტერპრესნიუსი"