"თუ ხელისუფლება იმოქმედებს ხელების გადაგრეხვის პრინციპით, ლეგიტიმურობას დაკარგავს არჩევნები" - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლება იმოქმედებს ხელების გადაგრეხვის პრინციპით, ლეგიტიმურობას დაკარგავს არჩევნები"

ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით, იმ მოდელის თანახმად, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, კონსტიტუცია ძალაშია და მაჟორიტარების ინტერესები დაცულია.

"მთავარია, რომ კონსენსუსი შედგეს და ჩვენ წინ წავიწიოთ. ეს არის გამოსავალი. ჩვენ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში თუ ხელისუფლება იმოქმედებს ხელების გადაგრეხვის პრინციპით, ლეგიტიმურობას დაკარგავს არჩევნები, ჩვენ ვიქნებით მუდმივი არასტაბილურობის ვითარებაში არჩევნებამდე და არჩევნებს ექნება ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეთავაზებული მოდელით, მაჟორიტარების ინტერესებიც არის დაცული, იმიტომ რომ, პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭებათ მაჟორიტარებს და ისინი გადიან ყველა შემთხვევაში და პროპორციულით ხდება, ფაქტობრივად, პარლამენტის შევსება მაჟორიტარული მოცემულობიდან გამომდინარე.

"ასე რომ, კონსტიტუცია ძალაშია, მაჟორიტარების ინტერესები დაცულია. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ეს პროცესი შეაჩეროს არის ხელისუფლების შიში ძალაუფლების დაკარგვის იმიტომ, რომ თავისი კონკურენტულობით ეს მოდელი საკმაოდ ახლოს არის პროპორციულთან", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მან ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმითაც, შეხვედრაზე ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება "გერმანული მოდელისგან". ხუხაშვილის შეფასებით, კობახიძე ცდილობს აქცენტები შეცვალოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს აქამდე სხვა მოდელზე იყო საუბარი.

"სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე თავის ჩვეულ ამპლუაშია, მან იმდენი იძახა ანტიკონსტიტუციურია ეს ყველაფერიო, რომ ახლა ცდილობს გამოძვრეს სიტუაციიდან ისე, რომ სახე შეინარჩუნოს. ცდილობს, რომ აქცენტები შეცვალოს და თითქოს სხვა რამეზე იყო საუბარი. სინამდვილეში, ეს მრავალმანდატიანი მოდელები სოციალურ ქსელში, დაახლოებით, 2-3 კვირაა, ღია სივრცეში დევს. დიდი ხანია არის ეს შეთავაზება მრავალმადატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით და ირაკლი კობახიძის ე.წ გაკვირვება გაკვირვებას აღარ იწვევს, იმიტომ, რომ ის ცნობილია ამ ტიპის საკმაოდ უტიფარი და გაუგებარი კომენტარებით.

იმდენი კომენტარი გაკეთდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს ყველაფერი შეესაბამება კონსტიტუციას, რომ კობახიძეს დასჭირდა გარკვეული მანევრი თან ისე, რომ სახეც შეენარჩუნებინა და გაოცებული სახე, რომ ეს თურმე სულ სხვა რამეა და ეს შეესაბამება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"