"ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის" - "საპენსიო სააგენტოს" დირექტორი თანამდებობას ტოვებს - კვირის პალიტრა

"ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის" - "საპენსიო სააგენტოს" დირექტორი თანამდებობას ტოვებს

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს "საპენსიო სააგენტოს" სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

"სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები,"-განაცხადა სურგულაძემ.

ლევან სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

"ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა რეფორმის წარმატებული იმპლემენტაცია. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ," - აცხადებს სურგულაძე.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა რეფორმისადმი ნდობას სააგენტოს დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, სურგულაძე აცხადებს, რომ რეფორმამ ნდობა მოიპოვა და ის გუნდის მორალურ მხარდამჭერად რჩება.

"თავიდან გარკვეული კითხვები ისმოდა რეფორმის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა და ნდობა მოვიპოვეთ. მჯერა, რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ყოველთვის ვილოცებ", - აღნიშნა სურგულაძემ.

ცნობისთვის, ლევან სურგულაძე "საპენსიო სააგენტოს" დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. ის ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადითაა დამტკიცებული.

იხილეთ ასევე: "ადამიანმა თქვა მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო