"ტყუილად ნუ ამართლებთ, რომ ამ ქალმა ენა არ იცის... მისი განცხადება შეურაცხყოფაა ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - კვირის პალიტრა

"ტყუილად ნუ ამართლებთ, რომ ამ ქალმა ენა არ იცის... მისი განცხადება შეურაცხყოფაა ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების"

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე უამრავი ვეტერანის. ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის "ღია გამოხატულება იმისა, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი, რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს".

"გაყალბებული არჩევნების შედეგად, ივანიშვილის მიერ მოხვეულმა თოჯინამ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ტყუილად ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი მისი მხარდამჭერები, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის - ეს არის შურისძიების პირდაპირი გამოხატულება ჩვენს ჯარზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, რომლებმაც ჩამოაგდეს უამრავი, 13 თუ 14 საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არავის გაუკეთებია.

ეს არის შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც დაჭრა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. მანამდე, არასოდეს მძიმედ არ დაჭრილა მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის გენერალი. ეს იყო შურისძიება იმ ხალხზე, რომელმაც ხელი აღმართა მტერზე, რომელიც შეჩვეულია ყველგან წინააღმდეგობის გარეშე შესვლას. ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენს ქვეყანას და არამხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს ქვეყანას.

ეს არის შეგნებული პოლიტიკის გამოხატულება. რას ნიშნავს არ გვაქვს იარაღი? საქართველო იარაღს აწარმოებდა "დელტაში", ერთ-ერთ ყველაზე კარგ იარაღს თავის კატეგორიაში, საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორს - "დიდგორს", პირველად მსოფლიოში უხმო ყუმბართმტყორცნს.

ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა აფრინა ჰააგაში ე.წ იუსტიციის მინისტრი წულუკიანი თხოვნით, რომ დააჩქარონ ქართული სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომლებიც ივანიშვილის დავალდებით გადასცა და შეუგდო სუს-მა, წულუკიანმა და მისმა უწყებამ.

ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ვარაუდობენ, რომ ეს არის ერთადერთი, რაც მათ გადაარჩენს მომავალი წლის არჩევნებზე. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი არის საქართველოს შენმებული მტერი, ყოველი დღე მათი ხელისუფლებაში ყოფნაში არის ძალიან დამაზიანებელი.

როცა შეიარაღებულ ძალებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს დაჭრეს ქართველი მებრძოლები ავღანეთში. საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები და ისინი, დღესაც დიდი რისკის ქვეშ არიან და ვერანაირი განცხადებები ივანიშვილის მარიონეტების, ამას ვერ შეცვლის", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

იხილეთ ვიდეო