"პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი"

მგონია, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კალაძე აცხადებს, საქართველოს ჰყავს ჯარი და ღირსეული ჯარისკაცები.

"მგონია, რომ პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს, ის არის მთავარსარდალი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები, ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. სხვათა შორის, ჩვენი ჯარისკაცები არიან წარმატებულები და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობენ. მე კიდევ ერთხელ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ გმირს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ.

კონტექსტს რაც შეეხება, შინაარსობრივად განსხვავებული განცხადება იყო. ასე რომ ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება,",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იმ ფონზე როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება ხომ არ იქნება წამახალისებელი რუსეთისთვის, კალაძემ უპასუხა: "ოკუპაციას, რითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ეს არის განათლება, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ძლიერი საქართველო და მგონია, რომ ამ ყველაფრით ჩვენ შევძლებთ დავუბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები".

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

"ინტერპრესნიუსი"