"როცა შეურაცხყოფას აყენებ ჩვენი საამაყო ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ნაძირალა ხარ და უფლება არ გაქვს საკრებულოში დარჩე" - კვირის პალიტრა

"როცა შეურაცხყოფას აყენებ ჩვენი საამაყო ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ნაძირალა ხარ და უფლება არ გაქვს საკრებულოში დარჩე"

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გუშინ დაწერილ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კუხიანიძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, "ამაზრზენი განცხადების" შემდეგ თბილისის საკრებულოში მაღალ თანამდებობაზე დარჩეს.

ამასთან ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კუხიანიძემ არამარტო თანამდებობა, არამედ თბილისის საკრებულოც უნდა დატოვოს.

"თბილისის საკრებულოს ძალიან მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელის, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ერეკლე კუხიანიძის ამაზრზენი განცხადების გამო, ჩვენ, "სამოქალაქო მოძრაობა" და პირადად მე კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანმა დატოვოს, როგორც თანამდებობა თბილისის საკრებულოში, ასევე ზოგადად დატოვოს თბილისის საკრებულო. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს ამგვარი პოზიციის შემდეგ თანამდებობაზე დარჩეს და მოგვაჩვენოს თავი, რომ თითქოს ხალხს, თბილისის მოსახლეობას ემსახურება. როდესაც შეურაცხყოფას აყენებ გმირი და ჩვენი საამაყო ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მათ პროვოკატორებს უწოდებ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებ იმ საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა თავისი ღირსების და პროფესიის, საქართველოს გამო, ხარ ამაზრზენი ადამიანი, ხარ ნაძირალა და არანაირი უფლება არ გაქვს, რომ დარჩე თანამდებობაზე",- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით პოსტი გამოაქვეყნა.

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! "- წერს კუხიანიძე სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"