"ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და..." - რას ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე საკრებულოს წევრის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და..." - რას ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე საკრებულოს წევრის განცხადებაზე

ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას ითხოვს. აღნიშნული განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც მან ასევე აღნიშნა, დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ციხეშია შეზღუდული, ეს ზეიმი ფერმკრთალდება!

"რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა! ამიტომ, ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია.

დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავთ საქართველოს. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება!

რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და "ბოტების" სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება. ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის "კგბ"-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი",-ნათქვამია თამილა ლაფანაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით პოსტი გამოაქვეყნა.

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! "- წერს კუხიანიძე სოციალურ ქსელში

იხილეთ ასევე: ამილახვრების შთამომავალი და ნუცა კუხიანიძის მამა - ვინ არის კაცი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა?

"ინტერპრესნიუსი"