ამილახვრების შთამომავალი და ნუცა კუხიანიძის მამა - ვინ არის კაცი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა? - კვირის პალიტრა

ამილახვრების შთამომავალი და ნუცა კუხიანიძის მამა - ვინ არის კაცი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა?

"ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პოსტმა საზოგადოების გვარიანი აღშფოთება და კრიტიკა დაიმსახურა. კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ "იდიოტებს" უწოდებს.

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც", - დაწერა ერეკლე კუხიანიძემ "ფეისბუკში".

აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები საზოგადეობაში. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კუხიანიძის მიერ საკრებულოს დატოვებას მოითხოვენ. პოსტს გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი. დაკავებული ექიმის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ: "რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და "ბოტების" სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება. ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კე-გე-ბეს. მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ".

ვინ არის ერეკლე კუხიანიძე?

59 წლის ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს წევრია "ქართული ოცნების" რიგებიდან, კონკრეტულად კი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პოლიტიკური საქმიანობის გარდა, კუხიანიძე მსახიობია და ასევე, მღერის. ის იყო ანსამბლ "ოროველას" სოლისტი, ასევე, "ჰელიკონ-იოპერა" და ანსამბლ "იმედის" სოლისტი. 2012 წლიდან ის არის საზოგადოებრივი მოძრაობა ''ქართული ოცნება'' - კულტურის ჯგუფის მუსიკალური განყოფილოების ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ის მუშაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილედ. გადაღებულია რამდენიმე ფილმში.

რაც შეეხება კუხიანიძის ქონებრივ დეკლარაციას, მან ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 23 ნოემბერს შეავსო. კუხიანიძის მფლობელობაშია 101 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე. საანგარიშო პერიოდში, ერეკლე კუხიანიძეს "რესპუბლიკა" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 50 აშშ დოლარი, "ლიბერთი ბანკის" მიმდინარეზე 1800 ლარი და "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე 100 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში, კუხიანიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ჯამში 34 000 აშშ დოლარი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ერეკლე კუხიანიძემ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე აიღო 4160 ლარი. იმავე წლის პირველი მაისიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აიღო 13 800 ლარი. რაც შეეხება თბილისის საკრებულოში მის ანაზღაურებას, 2018 წლის განმავლობაში კუხიანიძემ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ანაზღაურების სახით 37 900 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ერეკლე კუხიანიძემ ბინის გაყიდვით მიიღო 57 000 აშშ დოლარი, ასევე კუთვნილი ბინის გაყიდვიდან წილი აიღო 6 000 აშშ დოლარი. ხოლო საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლის ფულადი კომპენსაციის სახით მისმა გასავალმა შეადგინა 26 000 აშშ დოლარი.

ერეკლე კუხიანიძე მსახიობისა და რჩეულიშვილების ყოფილი რძლის, ნუცა კუხიანიძის მამაა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში კუხიანიძე ამბობს, მისი წინაპრები ამილახვრების შთამომავლები არიან.

"ბავშვობიდან მესმოდა, რომ ჩემი დიდედის, ანუ, დედაჩემის დედის წინაპრები, ამილახვრები იყვნენ. ამაზე ხშირად არ საუბრობდნენ – ოცდაჩვიდმეტი წლის შიში ჰქონდათ გამოყოლილი და მიუხედავად იმისა, რომ საშიში აღარაფერი იყო, დიდედაჩემი ამის აფიშირებას მაინც გაურბოდა. მოკლედ, მისი დედა ამილახვარი იყო. გვიყვებოდა ხოლმე სახლზე, სადაც გაიზარდა; რომ იქ ძალიან დიდი ოთახები იყო, სასახლეს ჰგავდა ყველაფერი. თვითონ იყო ჩოლოყაშვილი, იმ ცნობილი მევენახის, სოლომონ ჩოლოყაშვილის შვილი, რომელმაც მევენახეობის ინსტიტუტი დააარსა საქართველოში, ცნობილი მეცნიერი იყო. დიდედას პაპა გახლდათ ცნობილი გენერალი ივანე ამილახვარი, რომელიც 1905 წელს გარდაიცვალა. უმცირესი ჩინიდან დაიწყო და ბოლოს მთელი ბატალიონი ჩაიბარა, სერიოზული მებრძოლი იყო. ჩეჩნეთში დიდი აჯანყება ყოფილა და რუსეთი მის სისხლში ჩახშობას აპირებდა. ივანემ მოახერხა, ჩავიდა და, მხოლოდ მოლაპარაკებით, სიტყვით დააწყნარა სიტუაცია. ჩეჩენმა ერმა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატა მის მიმართ, როდესაც გარდაიცვალა. სწორედ ეს ივანე ამილახვარი იყო დიდედას პაპის ძმა. დიდედას პაპა ადრე გარდაიცვალა და ამიტომ დიდედას დედა პრაქტიკულად ივანეს სახლში გაიზარდა...", - ამბობდა ერეკლე კუხიანიძე წლების წინ. წყარო

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს

(სპეციალურად საიტისთვის)