ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მონაწილეები? - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მონაწილეები?

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, დასრულდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე, დიპლომატიური კორპუსისგან მიიღეს გზავნილი, რომ ისინი დეტალურად აკვირდებიან ყველაფერს.

"ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო საზოგადოებაში თავისი თავი ამოწურა. მათ დემოკრატიასთან საერთო არაფერი არ აქვთ.

დიპლომატებისგან თხოვნა იყო, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მათი მხრიდან აუცილებლად იქნება რეაგირება. თითოეულმა თქვა, რომ ისინი ამ ინფორმაციას საკუთარ ქვეყნებს აწვდიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულად გვექნება და დარღვევებზე ინფორმაციას მივაწვდით. ასევე, ჩვენ შევთანხმდით, რომ გადავცემთ პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების სიას, რომლებიც სისტემურად არღვევენ კანონს და პოლიტიკური ძალადობისთვის გამოიყენებიან", - განაცხადა ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია დიპლომატებს იმ მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პოლიტიკურ "გაპრავებაშია" ჩართული. მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, რომ მათ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გადაადგილება შეეზღუდოთ.

"დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა ეხებოდა პოლიტპატიმრებს და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ხუმრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბ-ბინად გადაიქცა იმიტომ, რომ ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს არანორმალურ სიტუაციას ქმნის. ამასთან ერთად, სულ უფრო მოხშირდა დაუსჯელი თავდასხმები და პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის პროფილს გავაკეთებთ და საელჩოებს მივაწვდით, ვინც ამ პოლიტიკურ "გაპრავებაშია" ჩართული. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის დავალებას ივანიშვილი იძლევა. ივანიშვილს რომ მისწვდე, ჯერ შედარებით რთულია, სანამ მართლა ქიმიურ ომს არ დაუწყებს საკუთარ ხალხს, მაგრამ იმ პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების წინააღმდეგ, ვინც ამ "გაპრავებაში" არიან ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ, ანუ ვიზას აღარ მისცემენ. ეს მიღწევადი ამოცანაა. დასასვენებლად იქნება თუ გასართობად, ვეღარ წავლენ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, წავლენ რუსეთში ან ისეთ ქვეყნებში, რომელიც მათ საქმიანობას უკეთესად უხდება," - განაცხადა უგულავამ.

საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, ევროკავშირისა და დასავლური ქვეყნების დიპლომატები ყურადღებით ადევნებენ თვალს განვითარებულ პროცესებს.

"ეს იყო შეხვედრა ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ევროკავშირის, დასავლეთის ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატებს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საჭირო სამუშაოების აუცილებლობაზე, რომელიც მომავალ წელს არის დანიშნული, როგორც არჩევნების დღეს ასევე წინა პერიოდში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყურადღებით ვაკვირდებით ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ ფაქტს, რომ ყველა მუშაობს თავისუფალი და სამართლიანი დებატების პირობების შესაქმნელად, იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც საქართველო იმსახურებს. ამ ენით ვესაუბრებით ყველას, ამ ენით ვესაუბრებით ამ პარტიებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას ვესაუბროთ", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით