"ნაცპარტიულ" აქტივისტებს დაფინანსება შეუწყვიტეს? - კვირის პალიტრა

"ნაცპარტიულ" აქტივისტებს დაფინანსება შეუწყვიტეს?

აღარც არჩევნები, აღარც ქეიფები, აღარც ხელფასები...

"ამ ფულით ძველი თბილისიდან მოსახლეობის გაყვანა იგეგმება"

ერთ-ერთი პუბლიკაცია - "ქეიფ-ქეიფით ჩატარებული არჩევნები", რომელიც "კვირის პალიტრის" 2010 წლის 24 მაისს გამოქვეყნდა, ეხებოდა ჟურნალისტურ მოკვლევას, თუ ვისი ფულით ცდილობდა მმართველი პარტია ადგილობრივი არჩევნების წინ მხარდამჭერების დარაზმვას. ჟურნალისტური მოკვლევის მიხედვით (რომელიც, თავის დროზე, ჟურნალისტ ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟმა" ჩაატარა), ქალაქის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ და პრეზიდენტმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გამოყოფილი ფულით პარტიულ აქტივისტებთან ერთად ბათუმში, რესტორან "სან-რემოში" მოილხინეს.

ითქვა ისიც, რომ თბილისის ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების თავმჯდომარეები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხელფასს კი რატომღაც მერიის ბიუჯეტიდან იღებდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტი წარმოგვიდგინა და განაცხადა: ქეიფებს ვინღა დაეძებს, როცა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის აღარც ხელფასებია გათვალისწინებულიო.

ჯაბა სამუშია: - 2010 წელი განსაკუთრებული იყო იმით, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. 2009, 2010-2011 წლების ბიუჯეტებს თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ 2010 წელს არჩევნების  გამო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, 2009 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის 14 მილიონ 846 ათასი გამოიყო. 2010 წელს ეს თანხა 28 მილიონ 170 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2011 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება 600 ათასამდე  შემცირდა.

ვფიქრობ, დასკვნის გამოტანა რთული არ არის. 2010 წელს ამ ფულის სანაცვლოდ ამხანაგობების თავმჯდომარეებს "ნაცმოძრაობის" გარშემო ხალხის დარაზმვა დაევალათ.

ისინი თავადაც ხშირად ჩანდნენ სახელისუფლებო მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატებზეც. ისინი ეწეოდნენ აგიტაციას, თუ რა კარგია ხელისუფლება, რომელმაც მათ კორპუსში ლიფტი შეაკეთა, ფასადი შეღება და ა.შ. აგიტატორებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ფულის გადახდა არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხის აბუჩად აგდებად და დაცინვად ჩაითვლება.

- რამე გაკეთდა ამ ფულით?

- ხელისუფლებამ ხალხის გულის მოსაგებად შენობები შეღება, ამავე თანხით შეკეთდა ლიფტები, ჩატარდა  გარე სამუშაოები... ამ 28 მილიონშივე იყო გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა ხელფასებიც.

- ახლა ამხანაგობების თავმჯდომარეები ხელისუფლებაზე განაწყენებული არიან?

- მაშინ, როცა  ქვეყნის მომავალი წყდება, საზოგადოება გროშებად არ უნდა დახურდავდეს. ისიც გასაგებია, რომ ხალხს ძალიან უჭირს.

ჩემი ინფორმაციით, სამუშაოები არ ჩატარდა იმ კორპუსებში, სადაც შედარებით ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ცხოვრობენ.

საკრებულოს წევრთა უმრავლესობის განმარტებით კი, თუ ადრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით გათვალისწინებული თანხა მთლიანად იყო  დედაქალაქის ბიუჯეტში ჩადებული, ახლა მხოლოდ 600 ათასი ჩავდეთ, დარჩენილი თანხა კი პირდაპირ რაიონებზე გადავანაწილეთო. თუმცა, რაიონებისთვის გადაცემული თანხებიც შემცირებულია, იმდენად, რომ შეუძლებელია მათში გათვალისწინებული იყოს თავმჯდომარეთა ხელფასი.

სხვა რაიონებთან შედარებით გამონაკლისია ძველი თბილისი, რომლისთვისაც საკმაოდ დიდი თანხა - 19 მილიონია(!) გამოყოფილი. ეს კი მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით გათვალისწინებული თანხის სულ სხვა მიმართულებით დახარჯვას გეგმავს. კერძოდ, ამ 19 მილიონით ძველი თბილისიდან მოსახლეობას გაიყვანენ.

ამჟამად ძველი თბილისის მცხოვრებლებთან მოლაპარაკება მიდის და მათ განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ გაიყვანენ უბნიდან, ძველ ბინებს კი დაანგრევენ და ტერიტორიას კომერციული ფართის შესაბამისი ფასებით გაყიდიან. ჩემი აზრით,  ასეთ სარფიან საქმეში 19 მილიონის დახარჯვა ერთგვარი ბიზნესიც კი არის მერიისთვის.