"ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიციის სულელური აქციების გამო მღელვარების საფუძველი არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიციის სულელური აქციების გამო მღელვარების საფუძველი არა აქვს"

"მგონი, ეს სითხე დეპუტატმა დაღვარა და პასუხისმგებლობა ახალგაზრდულმა საპროტესტო ორგანიზაციამ აიღო"

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პროცესები სულ უფრო მოულოდნელად ვითარდება. ამის დასტურია ინციდენტი, როცა პარლამენტში გაურკვეველი ხსნარი შეიტანეს. ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ზოგჯერ უნიჭოდ დადგმულ პერფორმანსსა და მძიმე რეალობას შორის ზღვარი წაშლილია.

- ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დაასხა ის სითხე პარლამენტში, თუმცა არც ის არის დაზუსტებული, ნამდვილად ის სითხეა თუ არა, რაც ბოთლს აწერია. ამ ინციდენტს ვითომ პერფორმანსი უწოდეს, არადა, მიზანმიმართული დანაშაულია. მგონი, ეს სითხე დეპუტატმა დაღვარა და პასუხისმგებლობა ახალგაზრდულმა საპროტესტო ორგანიზაციამ აიღო.

გვახსოვს, როგორ დაიწყო აქციები, თავიდან ეს სწორედ `ნაცმოძრაობამ~ დააანონსა, შემდეგ ახალგაზრდებიც ჩართეს. თუმცა მოგვიანებით ერთმანეთისგან დისტანცირებას ცდილობდნენ, ახლა კი რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. რა გამოდის, ამ უაზრო პერფორმანსს დეპუტატი ატარებს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ახალგაზრდული ორგანიზაცია იღებს?

ეს ძალები ერთად არიან, ერთად აპროტესტებენ სხვადასხვა პროცესს და მათ უკან დგას ის, ვისაც ქვეყნის სათავეში დაბრუნება სურს. ასე მგონია, ოპოზიციის ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ნაბიჯები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როდესაც საპროტესტო აქციები განახლდა, უკეთესი იქნებოდა, სხვა სტრატეგია აერჩია და არა ქუჩის აქციები, რადგან ფაქტია, პოლიტიკური ლიდერები საკუთარი ახლობლებისა და აქტივისტების გარემოცვაში მარტონი დარჩნენ.

- ამავე დროს, საზოგადოება იმედგაცრუებულია და ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს. - ასეა, მაგრამ მის საპირწონედ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სათანადო მხარდაჭერა ექნება. არადა, როგორც ამბობენ, ამ პოლიტიკურ პროცესებში 30-ზე მეტი ორგანიზაციაა ჩართული. როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რამდენად უშედეგოდ ირჯებიან. ჯობდა, ისევ პარლამენტში ემოქმედათ. ხელისუფლებას ოპოზიციაში არა ჰყავს ის პოლიტიკური გუნდი, ვინც მას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ახლა კი პროცესების მარგინალიზაცია მიდის და ხელისუფლებაც მშვიდად არის, იცის, რომ იმ სულელური აქციების გამო მღელვარების საფუძველი ნამდვილად არა აქვს. არა აქვს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტს შტურმით უტევს და მერე ამბობს, შტურმი არ ყოფილაო.

- თუმცა ამ პროცესებზე პასუხისმგებელი მაინც ხელისუფლებაა, რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს - მოატყუა საზოგადოება, აირჩია მოსამართლეები, რომელთაც საზოგადოება არ ენდობა... ამ შეცდომების მიზეზი დაბნეულობაა თუ შეგნებულად უშვებენ? - ძლიერი ოპოზიცია რომ ჰყავდეთ, შეცდომებს ნაკლებად დაუშვებდნენ. შეგნებული შეცდომები მათ ინტერესებში არ შედის, რადგან, რაც უფრო ნაკლებ სისულელეს გააკეთებენ, მეტი მხარდაჭერა ექნებათ და ხელისუფლებაში ყოფნასაც გაიხანგრძლივებდნენ.

რაც შეეხება უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს, ცალკეული გვარი არაფრის მთქმელია, მთლიანად ეს პროცესი დიდი უტიფრობაა.

საზოგადოების გაღიზიანებას მეც ვიზიარებ, მაგრამ თუ სასამართლო სისტემის გაწმენდაზე ვლაპარაკობთ, ამ პრინციპით უამრავი პოლიტიკოსი დღეს არც უნდა იყოს პოლიტიკაში. ოპოზიციის ლიდერები ახლა რიხიან განცხადებებს რომ აკეთებენ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ახლებს მოვიყვანთო, რა გარანტიაა, რომ ისევ მორჩილ მოსამართლეებს არ მოიყვანენ? თან ამაზე ისინი ლაპარაკობენ, ვინც ახლა მოსამართლეებს ურცხვად ეკითხებიან, ხართ თუ არა პოლიტიკური გავლენის ქვეშო, არადა, ისინი მათი მმართველობის დროსაც ხომ იყვნენ გავლენის ქვეშ?

- პოლიტიკური მხარეების დაპირისპირება საზოგადოებაზეც აისახება. როგორ ფიქრობთ, 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად მივაღწევთ? - მივაღწევთ, რადგან საკანონმდებლო და საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთან, ოპოზიციას არა აქვს რესურსი, ხელისუფლებაზე რაიმე ფორმით ზეწოლა მოახდინოს, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. არც საზოგადოების ინტერესშია რევოლუციური სცენარები ან რიგგარეშე არჩევნები. ქვეყანა მშვიდ გარემოში ცვლილებებსა და საარჩევნო ციკლში ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს.

ყველაზე ცუდი, რასაც ამ უმაქნისმა ოპოზიციამ გათავხედებულ ხელისუფლებასთან ერთად მიაღწია, ის არის, როცა საზოგადოებისთვის მიუღებელი თემის გაპროტესტება იწყება, პოლიტიკოსები ქუჩაში გამოსულ 4-5 ათასამდე კაცს რომ დაინახავენ, მაშინვე რევოლუციურ შეძახილებს იწყებენ. არადა, სხვა ქვეყნებში მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გასაპროტესტებლად გამოდიან და შედეგსაც აღწევენ.