"გამორიცხულია, პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, სამაგიეროდ, ხალხს მორალურად აჩანაგებენ" - კვირის პალიტრა

"გამორიცხულია, პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, სამაგიეროდ, ხალხს მორალურად აჩანაგებენ"

"ერთი არაკი მახსენდება: როცა შეიცვალა ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მოვიდა ახალი, მას უთხრა, სეიფში სამ კონვერტს დაგიტოვებ, როცა ძალიან გაგიჭირდება, გახსენიო. დადგა მომენტი, გაუჭირდა და გახსნა პირველი კონვერტი, სადაც წერია: "ყველაფერი დააბრალე ხალხს, რომელიც მხარს არ გიჭერს და ამიტომაც ვერ ახერხებ მართვას". ახალმა უფროსმა დაუჯერა. გავიდა დრო და ისევ გაუჭირდა, გახსნა მეორე კონვერტი, სადაც წერია: "ყველაფერი დააბრალე ძველ დირექტორს, რომელმაც დაგიტოვა ცუდი მემკვიდრეობა და ვერაფერს ახერხებ". მართლაც, დააბრალა ძველს და ამითაც გაიხანგრძლივა ძალაუფლება. ბოლოს მივიდა მესამე კონვერტამდე, სადაც ეწერა, დაუტოვე სამი კონვერტი შენს შემცვლელს და წადიო. ასეა, ყველაფერს თავისი ვადა აქვს. ეს არაკი სწორედ ჩვენს სინამდვილეს შეეფერება. ახლა, მგონი, ივანიშვილს მესამე კონვერტის გახსნამ მოუწია და ღმერთმა ქნას, ისე გახსნას, ქვეყანას არა დაუშავდეს", - ამბობს მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი:

- ოტია იოსელიანის ცნობილი ფრაზისა არ იყოს, თუ შენი ქვეყანა უბედურია, თავი ბედნიერად როგორ უნდა იგრძნო. რაც ირგვლივ ხდება, ქაოსია. სახელმწიფო უნდა წარმართავდეს პროცესებს, რათა ანარქიამდე არ მივიდეს საქმე. ამაზე, ალბათ, ქართული ხასიათიც მოქმედებს. მეორე მომენტი ის არის, რომ ახალგაზრდები არ არიან დასაქმებული. 20-21 წლის ახალგაზრდები პარლამენტთან პლაკატებით დგანან და მოითხოვენ იმას, რაც ზრდასრულმა, არჩევნებით მოსულმა ჭკვიანმა ადამიანებმა კაბინეტებში უნდა გადაწყვიტონ.

- ალბათ, მივეჩვიეთ პრობლემების ქუჩაში გადაჭრას.

- ეს 1988 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა გორბაჩოვმა "პერესტროიკა" გამოაცხადა. მოგვეჩვენა, რომ მოგვეცა თავისუფლად ცხოვრების საშუალება. ვინ წარმოიდგენდა, რომ 30 წელი ქუჩაში დგომა მოგვიწევდა? ახლა ქუჩაში დგანან იმ მოქალაქეების შვილიშვილები, ვინც 1988 წლის ნოემბერში პირველად გამოვიდნენ ქუჩაში. მაგრამ მოგეხსენებათ, ამას რაც მოჰყვა 1989 წლის აპრილში. ამ მოვლენებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ გავთავისუფლდით, დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ის დანგრევაშიც. მაშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ ბრძოლას აზრი აქვს, თუნდაც დიდი სისხლის ფასად. დღეს მოუმზადებელმა და უნიჭო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელთ პოსტები. არსებობს ასეთი გამოთქმა - ჭკვიანი ადამიანი ბევრს რომ წაიკითხავს, ნაკითხი ჭკვიანი იქნება, სულელი წაიკითხავს და, ნაკითხი სულელიო. სულელი არ დაჭკვიანდება. ქვეყანას უნდა მართავდნენ ჭკვიანი და განათლებული ადამიანები და არა უუნარონი. მხოლოდ განათლება არ აძლევს ადამიანს უნარს, სიკეთე აკეთოს.

- 30 წელია ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, როგორ გავარღვიოთ ეს წრე? - სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან პოსტებზე. არ შეიძლება 20-30 წელი ერთი და იგივე სახეები იყვნენ პოლიტიკაში. დავსვამ რიტორიკულ კითხვას: 30 წლის განმავლობაში ამ პარტიებმა რა სიკეთე მოუტანეს ქვეყანას? სიკეთე კი არა, მავნებლობის მეტი არაფერი მოუტანიათ...

- მიმდინარე პროცესები თუ გაგონებთ ჩვენი ისტორიიდან რომელიმე პერიოდს, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს თუ ხედავთ? - რაც 90-იანი წლების საქართველოში მოხდა, იგივე არ განმეორდება მარტივი მიზეზის გამო - მაშინ რუსეთი გამსახურდიასთან დაპირისპირებულ ძალებს იარაღით ამარაგებდა. დღეს ვინ მოამარაგებს ამ ძალებს, რომ შევიდნენ პარლამენტში? გამორიცხულია, პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, სამაგიეროდ, ხალხს მორალურად აჩანაგებენ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ გამოჩნდება ძალა, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას.

- ვინმეში ხედავთ ამის პოტენციალს? - დღეს ამ ძალას ვერსად ვხედავ. ერთი და იგივე, მეორე ძალიდან გამოქცეულები იბრალებენ, ჩვენ ვართ მესამე ძალაო. მოგეხსენებათ, არჩევნებში გამარჯვებისთვის მათ სახსრები სჭირდებათ... ალბათ, ახლაც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

პოლიტიკოსებს ყველანაირი პრივილეგია უნდა მოეხსნათ. პარადოქსია, როცა სკამებს კარგავენ, უკეთესობის შეგრძნებას კიდევ დიდხანს ინარჩუნებენ და იმას ვერ გრძნობენ, რომ ის უკეთესობა სკამმა მოუტანა და არა მისმა ქმედებამ. მიდიან და ამომრჩევლები პასუხსაც არ ვთხოვთ, არა გვაქვს ამის უფლება. ახლა "ნაციონალები" გვარწმუნებენ, ოღონდ ამირჩიეთ და ისეთი აღარ ვიქნები, როგორიც ვიყავიო. სამწუხაროა, როცა სხვა მოცემულობა არ გვაქვს, გარდა ცუდსა და უარესს შორის არჩევნისა.

- პრეზიდენტის სკანდალურ გამოსვლაზე რას იტყვით. - პრეზიდენტისგან, რომელიც იმავდროულად მთავარსარდალია, იმის თქმა, ჯარი არა გვყავსო, პარადოქსია. ჯარი თუ არა ჰყავს, ამხელა თავდაცვის სამინისტრო, ამდენი გენერალი რაში სჭირდება?! აღსაყდრებისა არ იყოს... ალბათ, ინაუგურაცია უნდა ეთქვა. ამით განსწავლულობას გვიჩვენებს? სიტყვა "გაპრეზიდენტება" რა, ჩამორჩენილობას ნიშნავს? დაასკვნეს, ნიჰილიზმს თესავსო. არ არის ის ტიპაჟი, ნიჰილიზმი დათესოს. დარწმუნებული ვარ, ბევრად დიდი პატრიოტული სულისკვეთებითაა განმსჭვალული, ვიდრე ბევრი ჩვენგანი. მაგან კი არა, აქ დაბადებულმა ცხრა თაობის თბილისელებმა არ იციან წესიერად ქართული.

- ამიტომაც დაიწყეთ "ფეისბუკში" ქართული ენის სიწმინდისთვის ბრძოლა? - დღეს უცხო სიტყვების მოძალებაა. სურთ, ამ სიტყვების წარმოთქმისას თავი ვითომ ძალიან განათლებულად წარმოაჩინონ. ამიტომაც შევქმენით "ფეისბუკში" "გრამატიკის" სკოლა, აქ იწერება საკონტროლო წერაც, რომელსაც ვასწორებთ.

ბოლო დროს გატაცებული ვარ სიტყვის ძირების ძიება-ახსნით. სამშობლოს თუ დავშლით და ყველა წინსართს მოვაცილებთ, შუაში გვრჩება ასობგერა შ, რომელიც ყველა ჩვენს ადამიანურ ყოფასთან დაკავშირებულ სიტყვაში გვაქვს - შობა, შვილი, შველა და ა.შ. ამ ერთ ბგერაზე დაემყარა ბევრი რამ და მივიღეთ ისეთი ცნება, როგორიცაა სამშობლო. ეს სიტყვა არასდროს დაკარგავს აზრს - "სამშობლო" ის კატეგორიაა, მოდას რომ არ ექვემდებარება.