ლია მუხაშავრია: "ამ სიტუაციას ერთი სიტყვით შევაფასებ:­ კატასტროფა" - კვირის პალიტრა

ლია მუხაშავრია: "ამ სიტუაციას ერთი სიტყვით შევაფასებ:­ კატასტროფა"

"პარლამენტმა დივერსია მოუწყო ქვეყანას"

რამდენიმეთვიანი საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა 20-კაციანი სიიდან 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. მათ შორის არიან: გენპროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, მაია ვაჩაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე. პარლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები (მოსამართლე ზაზა თავაძემ კანდიდატურა მოხსნა). "კლანმა გაიმარჯვა", "სასამართლო სისტემის უზურპაცია და ოკუპაცია", "საბოლოო ინსტანციაც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ხელშია", "ამ გადაწყვეტილებით "ოცნებამ" "ნაციონალების" სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი", "კლანი უკვე სასამართლოს სამივე ინსტანციას აკონტროლებს" - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისგან ასეთი შეფასებები მოჰყვა უვადო მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის დამტკიცებას. გვესაუბრება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავრია.

- როცა მოსამართლედ ამწესებ პირს, მხოლოდ ის კი არ არის მთავარი, დროულად დაინიშნოს, შერჩევის პროცედურაც მნიშვნელოვანია. როგორი პროცედურითაც ჩატარდა კენჭისყრა, იშვიათი გამონაკლისია - კომიტეტის სხდომა შეწყდა და ჟურნალისტები სხდომიდან გაათრიეს, ატმოსფერო იყო ისტერიკული... ყოველივე ეს გამორიცხავს დანიშვნის სამართლიანობას. უარესი ატმოსფერო იყო საკომიტეტო მოსმენაზე და შეუძლებელია ჩაითვალოს იმ კანონიერ პროცედურად, რითაც უნდა დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს წევრები. ეჭვი მაქვს, ეს პროცედურა გასაჩივრდება ან ევროპული სტრუქტურების ყურადღების ცენტრში მოექცევა.

- არა მარტო ევროპულმა სტრუქტურებმა, აშშ-ის საელჩომაც განაცხადა, რომ კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო იურიდიული ცოდნისა და მიუკერძოებლობის სათანადოდ წარმოჩენა. - როცა ავრალით ხდება მოსამართლეების გამწესება, როცა რამდენიმე თვეა ვაკრიტიკებთ შერჩევის თუ დანიშვნის პროცედურებს, როცა თადუმაძის დიპლომი ეჭვს ბადებს, შეუძლებელია ჩაითვალოს კანონიერად. ამ სიტუაციის შეფასება ერთი სიტყვით შეიძლება - კატასტროფა. ქვეყანა მიიღებს უზენაეს ინსტანციას, რომელსაც არ ექნება საზოგადოების ნდობა, მოსამართლე არ იქნება დამოუკიდებელი, მისი გადაწყვეტილებები იქნება ძალადობრივი. საზოგადოებას რჩება ერთადერთი - ამბოხის და აჯანყების უფლება. ეს კი ქვეყანაში არასტაბილურობას გამოიწვევს. პარლამენტმა დივერსია მოუწყო ქვეყანას. მოვა დრო, როდესაც ამ პარლამენტის დანაშაულად აღიარებენ მის ე.წ. გადაწყვეტილებას მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ.

- ვის აძლევს ხელს ასეთი შემადგენლობა? - როცა დავინახე, გამწკრივებული 8 კაცი როგორ მექანიკურად სწევდა ხელს კომიტეტის თავმჯდომარის შეძახილზე, ვინ არის მომხრეო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მარიონეტებს ანრი ოხანაშვილი ათამაშებდა. ეს იყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი. ვფიქრობ, ეს ივანიშვილის დაკვეთა იყო. ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ვერ აკონტროლებდა, უზენაესი სასამართლო იყო და ამასაც მიაღწიეს.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, ამით "ოცნებამ" "9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის" სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი. თქვენც ასე ფიქრობთ? - მთავარი დაპირება, რის გამოც "ოცნებამ" 2012 წელს საყოველთაო მხარდაჭერა მიიღო, იყო სამართლიანობის აღდგენა. ახლა კი იმაზე ზრუნავენ, მათ, ვისაც სააკაშვილმა დაურღვია უფლება, ვერ მოახერხონ დარღვეული უფლებების აღდგენა. სააკაშვილის მიერ წაგლეჯილი ქონება ახლა ამათ უნდათ თავისთვის. არჩევნებისთვის გაყალბებისა და უკანონობის ხელის დამფარველები სჭირდებათ სასამართლოში, რათა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. უზენაესი სასამართლო ივანიშვილისთვის იმიტომ არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რომ ეს არის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები საბოლოოა. ამიტომაც, მიუხედავად იმ წივილ-კივილისა, რაც კომიტეტის სხდომაზე იყო, მიუხედავად ამერიკის საელჩოს პირდაპირი მითითებისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებისა, ეს კანდიდატები წიხლით გაიტანეს და წიხლით დასვეს უზენაეს სასამართლოში.

- ვინ შეავსებს დარჩენილ ექვს ვაკანტურ ადგილს? - ვფიქრობ, ვენეციის კომისიამაც გაუწია რეკომენდაცია, 20-კაციანი სიიდან ყველა არ დაენიშნათ. სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგი ხელისუფლება გადაწყვეტს.

- უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეებიდან რომელს მიიჩნევთ ღირსეულად? - ავტომატურად გამახსენდა ლალი ფაფიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო და არ ითვლება სკანდალური გადაწყვეტილებების ავტორად. მათ შორის არიან ღირსეულებიც, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი წარდგენა-დანიშვნა კლანსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებით მოხდა. ანუ ყველა მათგანმა უნდა შეასრულოს ხელისუფლებისა და კლანის დაკვეთა.

- თადუმაძის კანდიდატურის კენჭისყრა თავიდანვე ხმაურით წარიმართა. თქვენი აზრით, მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაც გარანტირებული აქვს? - ანა დოლიძემ იხუმრა, ამ კაცმა ამ დიპლომით ჯერ გენპროკურორობა, ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა მოახერხა და ნამდვილი დიპლომი რომ ჰქონოდა, გაეროს მდივნობას გამოჰკრავდა ხელსო. ალბათ, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მშვიდი ძილისთვის საჭიროა პოსტზე პირადი ადვოკატი...

- მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრებზე "ნაციონალების" გალაშქრება რას გეუბნებათ? - მათ კარგად იციან, რომ ეს ხალხი იქით გადაიხრება, საითაც ხელისუფლების სიო დაუბერავს. ამიტომ ეშინიათ ამ მოსამართლეების დანიშვნის... იმ მოსამართლეებს დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ახლა კი მოიპოვეს გარანტიები, იმუნიტეტი და ჯავშნებით აღიჭურვნენ, მაგრამ მათი დანაშაულები ხანდაუზმელია - დადგება დრო, როცა ხელისუფლებაში მოვა კეთილსინდისიერი ძალა და მათ პასუხს მოსთხოვს.

- მაინც რომელ და ვის ხანდაუზმელ დანაშაულებს გულისხმობთ? - ყველა იმ საქმეს, რომლებიც მომჩივნებმა ევროსასამართლოში მოიგეს და აქ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ვინც ამ განაჩენებს ხელს აწერდა, ყველა პასუხისგებაშია მისაცემი. პროცესებზე ნაწამები, დასახიჩრებული პატიმრები მიჰყავდათ, ცუდად ხდებოდნენ და სასწრაფო დახმარებას იძახებდნენ და ამაზე მოსამართლეს რეაქცია არ ჰქონდა. მათი დანაშაული ხანდაუზმელია იმიტომ, რომ სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს წამების აღსაკვეთად.

- რა შეიძლება იყოს გამოსავალი - კონსტიტუციაში ცვლილება, სასამართლო რეფორმის მორიგი "ტალღა" თუ რა, რომ ჯანსაღი სასამართლო სისტემა გვქონდეს? - გამოსავალი ის არის, რომ საზოგადოება კარგად დაფიქრდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მისცეს ხმა 2020 წლის არჩევნებში. როდესაც პარლამენტში კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა მოვა, მას ექნება კონსტიტუციის შეცვლის უფლებამოსილება, სასამართლო რეფორმის გატარებისა და ამ უმსგავსი მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა. ამ ხელისუფლებაში ამის შანსი არ არის და გულიც არ უნდა გავიხეთქოთ, რადგან ეს ხელისუფლება დიდხანს ვერ გასტანს. საქმე ისე მიდის, ვეჭვობ, 2020-მდეც ვერ მიაღწევს.

- ანუ 2053 წლამდე არ მოგვიწევს ამ მოსამართლეების ყურება... - დარწმუნებული ვარ, არ მოგვიწევს.