მამუკა ახვლედიანი: "თუ დასჭირდათ, ჩინჩალაძეს ნებისმიერ დროს მოიშორებენ" - კვირის პალიტრა

მამუკა ახვლედიანი: "თუ დასჭირდათ, ჩინჩალაძეს ნებისმიერ დროს მოიშორებენ"

"სულ არ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებებითაც გაუქმდება კლანის ძალაუფლება და სასამართლო სისტემა მისი წესითა და რიგით იმუშავებს. მაგრამ ამის არც ცოდნა და არც სურვილი არ გააჩნიათ, იმიტომაც არჩევენ საქმეებს კაბინეტებში და არა სასამართლოებში"

ძლიერდება თუ არა ე.წ. კლანი და რა პროცესი დაიწყება სასამართლოსა თუ "ქართულ ოცნებაში", ამ საკითხზე საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გვესაუბრება.

- საბოლოოდ მივიღეთ მახინჯი სასამართლო სისტემა, რაც ძალიან ცუდად იმოქმედებს სასამართლოს ავტორიტეტზე. ასეთ ქვეყანაში ინვესტიციას არავინ ჩადებს. უცხოელ ინვესტორებს აინტერესებთ, დაცული იქნება თუ არა მათი კაპიტალი, თითოეული უავტორიტეტო მოსამართლე კი პირდაპირ მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე. ამ სიმახინჯეს მხოლოდ პოლიტიკური ცვლილება თუ გამოასწორებს. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვა, ის ჯგუფი იზრუნებს მის გაჯანსაღებაზე.

- ახალი ხელისუფლება როგორ მოახერხებს ამას, ეს მოსამართლეები ხომ უვადოდ აირჩიეს? - ძალიან ბევრი მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაისჯება. მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

- რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს? - დღეევანდელი რესურსით ეს შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოში ის პირები მოხვდებიან, რომლებიც "ოცნებამ" გარიყა. მათი და სასამართლოში (ძირითადად, რეგიონებში) შემორჩენილი მცირე ჯანსაღი ნაწილით, შესაძლებელია სისტემის გაჯანსაღება.

- დღეს თუ არიან სასამართლო სისტემაში ისეთი პირები, რომლებიც კლანთან დაპირისპირებას გაბედავენ? - არიან. უარყოფითად განწყობილი ძალიან ბევრია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილები დუმან, მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. თუ ხმას ამოიღებენ, ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ამიტომაც ურჩევნიათ იყვნენ წყნარად მაღალანაზღაურებად სამსახურში და თქვან, ჩვენ ხომ ჩვენს საქმეს ვაკეთებთო, მაგრამ ისინიც იმ ჭაობის ნაწილი ხდებიან. სანამ მდინარის სათავე არ გადაიკეტება, რაც უნდა კარგი მიწა ჩაყარონ, ისიც ჭაობის ნაწილად გადაიქცევა. ასეა სასამართლო სისტემაშიც.

"ნაცმოძრაობის" დროს ამ მოსამართლეებს ვინმე მაინც ხელმძღვანელობდა და ეუბნებოდა "დოქსოპულოებს", ვინ იყო დასახვრეტი და ვინ არა. ახლა უფრო ცუდი პროცესია - ამათი გამკონტროლებელი არავინაა, თვითონ "დოქსოპულოები" დანიშნეს უფროსებად. თუ პოლიტიკურად ვინმე ამოიღეს თვალში, რა თქმა უნდა, დავალებას შეასრულებენ, მაგრამ როცა მათი გადასაწყვეტი იქნება რამე, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. ამგვარი ადამიანებისთვის ამხელა ძალაუფლება ძალიან საშიშია. მეტიც, ბევრ მათგანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

...თალაკვაძეები და კობახიძეები არაფრით განსხვავდებიან ჩინჩალაძეებისგან. საბჭოთა აზროვნების ადამიანები არიან და საერთო ენაც იმიტომ გამონახეს. დარწმუნებული ვარ, ჩინჩალაძეს სარკეში საკუთარი თავის დანახვის ეშინია, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ამართვინებენ სისტემას, იმიტომ, რომ ყველას ხელი გასვრილი აქვს.

- ნუთუ "ოცნება" მოინდომებს ქარის საწინააღმდეგოდ სვლას? - რატომაც არა, თუ დასჭირდათ, ჩინჩალაძეს ნებისმიერ დროს მოიშორებენ. სისტემური პრობლემებია სასამართლოში, რაზეც არავინ ლაპარაკობს, არავინ ამბობს, საიდან იღებს ეს სიმახინჯე სათYავეს და რით იკვებება კლანი. ეს ბერკეტებია ხელიდან გამოსაგლეჯი კლანისთვის, ეს კი საკანონმდებლო დონეზე უნდა ხდებოდეს.

- ვის აქვს ამის ბერკეტი? - იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც ბერკეტი კი აქვს, მაგრამ ცოდნა, განათლება და სინდის-ნამუსი არ გააჩნია. სულ არ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებებითაც გაუქმდება კლანის ძალაუფლება და სასამართლო სისტემა მისი წესითა და რიგით იმუშავებს. მაგრამ ამის არც ცოდნა და არც სურვილი არ გააჩნიათ, იმიტომაც არჩევენ საქმეებს კაბინეტებში და არა სასამართლოებში.

- როგორც "ოცნება" ამბობს, პირიქით, ამით ქართული მართლმსაჯულება კოლაფსს გადაურჩა, რადგან მოსამართლეების დეფიციტი ჰქონდათ, საქმეები გროვდებოდა და ამიტომ ამ საქმეს ვეღარ გადადებდნენ.... - 2013 წლიდან იუსტიციის სკოლის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და ვიცი, ეს კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი. იუსტიციის სკოლაში უნდა ესწავლა 200-300 კაცს, ამის რესურსი იყო, მაგრამ დაამთავრა 30-მა, ისიც მეუღლეებმა და ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა. ბუნებრივია, მათში კონკურენტებს ვერ ხედავდნენ, ან ვისით უნდა ჩაენაცვლებინათ? და ამ უტვინო პროცესში ყველამ მიიღო მონაწილეობა, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, მოსამართლეები შანტაჟზე გადავიდნენ - თუ ჩვენ არ დაგვნიშნავთ, მართლაც დაიწყება სასამართლოს კოლაფსიო.

- თადუმაძის დანიშვნაზე რას ფიქრობთ? - მას არ ვიცნობ ახლოს, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი იყო და ვფიქრობ, ჯერ ამ კითხვებს უნდა გასცემოდა პასუხი. ყველამ იცის, უმეტესობა გამოცდას ჩაწყობით აბარებდა. ტესტებისა და კაზუსების გაჟონვის საქმის გამოძიება არც დასრულებულა. ახლა სწორედ ის მოსამართლეები დაინიშნენ, რომლებიც სწორედ კაზუსების გაჟონვის დროს აბარებდნენ გამოცდას. ალბათ მიხვდით, რატომაც არ იძიებენ ამ საქმეს.