"მოსამართლეების შერჩევისას ჩემი ხმა ყველამ მიიღო" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეების შერჩევისას ჩემი ხმა ყველამ მიიღო"

"ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან იმიტომ კი არ დაჯდა, რომ "ბოქლომა" ადამიანები პიკეტირებას უწყობენ, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან განვიხილავთ ამ მავნებლური ჯგუფის შემოთავაზებებს, რომ მოვძებნოთ გზა, რომელიც ქვეყანას სჭირდება"

როგორ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით და დათანხმდება თუ არა ხელისუფლება მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას? "კვირის პალიტრა" პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა.

- მოსამართლეთა 20-კაციანი სიიდან ზოგს მივეცი ხმა, ზოგს - არა, მაგრამ საბოლოოდ ვინც შეირჩა, ჩემი ხმა ყველამ მიიღო.

- ეს პროცესი უარყოფითად შეაფასა აშშ-ის საელჩომ, ოპოზიციამ კი ეს ხელისუფლებისთვის სილის გაწვნად მიიჩნია. შეცდომა ხომ არ დაუშვით? - არის კრიტიკული ნიუანსები, რაც საყურადღებოა, მაგრამ ამის პასუხი გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძია ის პროცედურები, რომლითაც მოსამართლეთა შემადგენლობა შეირჩა.

ოპოზიციას არ მოსწონს ეს შემადგენლობა იმიტომ, რომ ისინი სააკაშვილის პერიოდში მუშაობდნენ სასამართლოში. სწორედ სააკაშვილის დროს დაგროვდა მოსამართლეებზე უარყოფითი შეხედულებები და ახლა ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს.

არჩევანი იყო ორ ვერსიას შორის. ერთი მიმართულება იყო სასამართლოს სრული მოშლა, ათასობით განუხილველი საქმის დატოვება და კრიზისის შექმნა. მეორე არჩევანი იყო, მიუხედავად საორჭოფო საკითხებისა, შეგვენარჩუნებინა სასამართლოს სტაბილურობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მეორე გზას გავყოლოდით. ვფიქრობ, ამით სასამართლოს რეიტინგი ამაღლდება და ეს სახელმძღვანელო იქნება ბევრი ქვეყნისათვის.

- მაგრამ ასეთი პროტესტის ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ სასამართლოს რეიტინგის ამაღლება? - გარწმუნებთ, ამაღლდება.

- და როგორ? ყველა ეს მოსამართლე ხომ, ფაქტობრივად, დისკრედიტებულია და, როგორც ამბობენ, სასამართლოს კლანი მართავს? - თქვენ ასე ფიქრობთ, მე კი პირიქით მგონია. დამიჯერეთ, სასამართლო სისტემა გაჯანსაღდება.

- ოპოზიცია პიკეტირების გაგრძელებას აპირებს. რას უპასუხებს ხელისუფლება ამ აქციებს? - ეს არის მცირე აგრესიული ჯგუფი და ჩვენ ამ ადამიანების გზას ვერ გავყვებით. პარლამენტმა, ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა ჩვეული რეჟიმით, მიუხედავად მათი აქტიურობისა.

- შესაძლებელია თუ არა მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე შეთანხმება? - მთავარი თემა, რის გამოც ჩვენ დავიწუნეთ გერმანული მოდელი, მისი კონსტიტუციასთან შეუსაბამობა იყო, მაგრამ ამავე დროს, შესაფასებელია, სამართლიანია თუ არა შემოთავაზებული სისტემა. ახლა სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობთ.

- ანუ შესაძლოა მოხერხდეს შეთანხმება? - "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა არა იმიტომ, რომ "ბოქლომა" ადამიანები პიკეტირებას უწყობენ და ბრტყელ-ბრტყელი გამონათქვამებით თავს იწონებენ, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან განვიხილავთ ამ მავნებლური ჯგუფის შემოთავაზებებს, რომ მოვძებნოთ გზა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

- "ქართული ოცნების" საპარლამენტო მანდატი კიდევ ერთმა ადამიანმა დატოვა. - ის არასწორად მოიქცა, მაგრამ ყველას თავისი შეხედულება აქვს. განსაკუთრებული არაფერი ხდება. უმრავლესობა არის მყარი. ადამიანებს თავიანთი პოზიცია აქვთ, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმები, არც საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმება, თუმცა მათი აზრი პატივსაცემია.

- განიხილავს თუ არა "ოცნება" ახალ პროკურორად კახი კახიშვილის კანდიდატურას? - კახი ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ ვმეგობრობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე გადაწყდება. მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

- ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ პატიმრობაში რჩება. რას აკეთებს სახელმწიფო მის გასათავისუფლებლად? - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან მის გამოსახსნელად. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ემოციების მოთოკვას და ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს სასურველი შედეგის მიღწევაში. ახლა ყურადღების კონცენტრაცია საერთაშორისო ძალისხმევის წარმატების ხელშეწყობაზე გვმართებს. ნებისმიერი შიდა შელაპარაკებები და სკანდალური განცხადება უკიდურესად კონტრპროდუქტიულია.