რა გეგმები აქვს ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

რა გეგმები აქვს ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ისეთი ნაღმია, როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის, ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩევნებისთვის ოპოზიცია მუდმივად მზად უნდა იყოს"

შეინარჩუნებს თუ არა არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიანობას და რა პირობებში მოუწევს ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებამდე მისვლა?! ოპოზიციის გეგმებზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს აკაკი ბობოხიძეს ვესაუბრებით.

- ხელისუფლება ჯიუტად განაგრძობს არჩეულ გზაზე სიარულს, მაგრამ ეს არის ჩიხი ხელისუფლებისთვის და, სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც, საიდანაც მერე ყველას ერთად მოგვიწევს მისი გამოყვანა. იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ამ ჩიხისკენ სიარულს 2020 წელს დაასრულებს.

- რა გეგმები აქვს ოპოზიციას, რომ ქვეყანა ჩიხამდე არ მივიდეს? - ოპოზიციის გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ბევრი რამ გვაქვს მოსაფიქრებელი, მათ შორის - სასამართლოსთან დაკავშირებითაც. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ოღონდ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გარემოებების შექმნა. ვნახოთ, დღევანდელი ოპოზიცია 2020 წელს როგორი კონფიგურაციით და რა რაოდენობით შევა პარლამენტში.

ზეწოლას არ შევწყვეტთ. ხელისუფლებას არჩევნებამდე ამ რეჟიმით მოუწევს მისვლა. რაც შეეხება ოპოზიციას, თანამშრომლობის პირობებში უფრო მყარად ვაყალიბებთ პრინციპებს, რომელთა დახმარებით უნდა შევძლოთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. გასაღები ოპოზიციის ხელშია, მთავარია, გვეყოფა თუ არა გონიერება, რომ ეს გასაღები მოვარგოთ საკეტს და გავაღოთ კლიტე. არ არსებობს სისტემა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მოიგებს, თუკი ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, ყველაფერზე არსებობს პასუხი, როგორ უნდა მოიგოს ოპოზიციამ. მთავარია ყველას თანხმობა. ჯერჯერობით ეს თანხმობა არის, თუმცა მესმის, რომ როგორც კი კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, პრობლემები იარსებებს, მაგრამ დაუძლეველ პრობლემებს ვერ ვხედავ.

- მაინც რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი? - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციის ცვლილებას არ დასთანხმდება. მას ვთავაზობთ გერმანულ მოდელს, მაგრამ ესეც არ უნდა. არ გამოვრიცხავ, რომ მან არაფერი დათმოს, მაგრამ მას ამ სისტემითაც დავამარცხებთ, ოღონდ ამას სჭირდება შეთანხმება მაჟორიტარულ კანდიდატებზე მაინც. დღემდე ივანიშვილი ყველა #5-ის წინააღმდეგ იგებდა მხოლოდ ერთი ფორმულით. დღეს ეს ფორმულა მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გამოცდილება. 2016 წელს ივანიშვილს ხმების 38% ჰქონდა - მაშინაც კი ვერ მიიღო მოსახლეობის 50%-იანი მხარდაჭერა; 50 ოლქში გაიმართა მეორე ტური, დღეს კი ბიძინა ივანიშვილი არის გაცილებით სუსტი. მაშინაც მეორე ტური მოიგო ერთი მარტივი მიზეზით - ჯერ კიდევ მუშაობდა ფორმულა "ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ". დღეს ეს ფორმულა პირიქით მუშაობს.

- და ამ ფორმულით შეძლებთ არჩევნებამდე მისვლას? - არ არის ეს რთული. მით უმეტეს, ამაზე უკვე შევთანხმდით. მხოლოდ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, ამა თუ ოლქში რომელი კანდიდატი აჯობებს. ამაზე შეთანხმებულები ვართ ივანიშვილის ყველაზე აქტიურ მომხრეებთანაც კი. ირმა ინაშვილიც კი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილის იარაღი არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, "ქართული მარშის" მსგავსი ორგანიზაციების ინტერესებიც კი შეილახა, როცა ივანიშვილმა პროპორციულ არჩევნებზე უარი თქვა.

- თუ მთლიანი ოპოზიციის შეთანხმება არ მოხერხდა, შესაძლებელია თუ არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" თანამშრომლობა? - "ევროპული საქართველო" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის მთავარი საფრთხე - ბიძინა ივანიშვილი მოვიშოროთ. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, უპირველესად მიიჩნიოს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ივანიშვილის ფორმულას დაემთხვევა. მე მგონი, ამ თვალსაზრისით ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. "ვინც ჩემთან არ არის, მიშაა, ვინც ჩემთან არის, ბიძინაა" - ეს ერთი და იგივეა. "ბიძინა უნდა წავიდეს და მე მოვიდე" - ესეც ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ეს ყველაფერი თანდათან გაქრება და არჩევნებამდე ერთიანი პოზიციით მივალთ.

- ვადამდელი არჩევნების ალბათობა არის? - ვადამდელი არჩევნების ალბათობა ყოველ წუთს დგას. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ისეთი ნაღმია, როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის, ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩევნებისთვის ოპოზიცია მუდმივად მზად უნდა იყოს.