“ქართული ოცნება" თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა?- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა - კვირის პალიტრა

“ქართული ოცნება" თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა?- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა

ცუდ დღეში არიან, ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც რაიმე შანსი ექნებათ ხელისუფლების შენარჩუნების,- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილება "ქართულ ოცნებასაც" სურს, თუმცა მმართველმა გუნდმა კონკრეტული პოზიცია ვერ წარმოადგინა.

ვაშაძის ინფორმაციით, შეხვედრის მომდევნო რაუნდი, სავარაუდოდ, შემდეგ პარასკევს გაიმართება.

"დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით. პირველი, რაზეც შევთანხმდით იმაზე, რომ “ქართული ოცნება" თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. მეორე, მათ ითხოვეს მეტი დრო იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა. მესამე, რომ, სამწუხაროდ, მე ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დახაზეს მოდელი, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ერთადერთი, რაც აღელვებთ ამ ადამიანებს, არის ხელისუფლების შემარჩუნება და ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ხშირ შემთხვევაში არგუმენტების გარეშე დარჩენილები. ის კი არ აწუხებთ, ქვეყანაში რა ხდება, ხალხს რა პრობლემები აქვს. არც ის აწუხებთ, რომ ქუჩაში ასეთი დაძაბულობაა, არც ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ერთადერთი, რაც აწუხებთ ისაა, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება და დრო ითხოვეს იმისთვის, რომ იმის გამო, რომ ვერ მოხაზეს მოდელი, როდესაც თანხმდებიან დიპლომატების წნეხის ქვეშ, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებითაც ითხოვეს, დამატებითი დრო, პოზიციები ვერ მოვისმინეთ კონკრეტული ვერაფერი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდ დღეში არიან. ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც რაიმე შანსი ექნებათ ხელისუფლების შენარჩუნების და კი ბატონო, მივცემთ პარასკევამდე დროს და ველოდებით მათი მხრიდან შემოთავაზებას”,- განაცხადა ვაშაძემ.

ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები რომლის მიხედვითაც, მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების რიგით მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არგუმენტების გათვალისწინებით, ამ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან დიალოგი გრძელდება.

"განვიხილეთ მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ არსებული წინადადება, როგორც გითხარით, ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვადგინეთ ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით. რეალურად დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომლის მიხედვითაც მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობის შანსებს და ინტერესებს რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი აირჩიონ. მეორე პრობლემა არის ის, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შემთხვევაში, ხდება ოლქების გამსხვილება, ძალიან დიდი ოლქები უნდა იყოს შემოღებული, რაც თავისთავად ართულებს თვითონ მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე გაერთიანება ახლაც არსებობს და ამან 2016 წლიდან უკვე წარმოშვა პრობლემები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ეს დამატებით და ბევრად უფრო გაართულებს მაჟორიტარების საქმიანობას და ზოგადად მაჟორიტარული ფუნქციის განხორციელებას. არგუმენტების გათვალისწინებით შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"