თავისუფლების საზღვარი ოძისთან
თავისუფლების საზღვარი ოძისთან
"ერთი პრინციპული ადამიანი თავისი შინაგანი თავისუფლებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე იმპერიულ საძირკვლებზე მდგარი რუსეთი"

თვეზე მეტი გავიდა, რაც ქართველი ექიმი ცხინვალის ციხეშია. ოჯახისა და ქართველი საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, მის გათავისუფლებას ოსური მხარე არ ჩქარობს, ამასობაში კი ვაჟა გაფრინდაშვილის მხურვალე მხარდაჭერასთან ერთად, საჯარო მოხელეების "არაორდინარული" მოსაზრებებიც გავრცელდა.

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუკის" გვერდზე ექიმის ოჯახს პროვოკატორს უწოდებს...

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით -
როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ, ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპ­ირდება, ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!"(?!)

თბილისის საკრებულოს წევრის შეურაცხმყოფელ პოსტს წინ უძღოდა
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადება და არაეფექტიან მოქმედებაში ხელისუფლების დადანაშაულება, რის გამოც, მათი აზრით, ექიმი ამდენ ხანს ტყვეობაში რჩება.
ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა და შვილმა 13 დეკემბერს თქვეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არაკოორდინირებულად მოქმედებენ, ერთმანეთს ინფორმაციას ეფექტიანად ვერ უცვლიან; სწორედ ამიტომ მოითხოვეს უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა.

"ამ არაადამიანურ რეჟიმთან ვაჟა ექიმი უკვე გამარჯვებულია"


რუსეთის მოქმედებას - სამარცხვინოს, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს კი უსუსურს უწოდებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი:
- 13 დეკემბერს უდანაშაულო ექიმის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება არის დღევანდელი რუსეთის სახე. ცხინვალის ე.წ. სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილება არღვევს ყველა ადამიანურ ზღვარს... რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ ათავისუფლებენ ექიმს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საუბარია უდანაშაულო ადამიანსა და მის შელახულ უფლებებზე. თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი - როგორ იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ. გარდა იმ განცხადებებისა, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან გაისმოდა, ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა, ფაქტია, კარგად რომ ემუშავათ, ასეთი შედეგი არ იქნებოდა.

- ე.წ. სასამართლო ერთი კვირით გადაიდო იმ მიზეზით, რომ ქართველი ექიმი "საზღვრის გადაკვეთას" არ აღიარებს.
- დიახ, თუმცა, არ ვიცი, ობიექტურია თუ არა ეს ინფორმაცია... ერთი პრინციპული და მტკიცე ადამიანი თავისი შინაგანი თავისუფლებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე იმპერიულ საძირკვლებზე მდგარი რუსეთი.

- და რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის, მუდმივი აქტიურობის, მოწოდებების მიუხედავად, გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.
- ასეთია რუსეთი და არც ცდილობს, უკეთესი გახდეს. ეპოქაში, რომელშიც კაცობრიობამ მთავარ ღირებულებად ადამიანის უფლება და თავისუფლება აღიარა, რუსეთი მის მიერ ვითომ აღიარებულ კვაზისახელმწიფოდ წოდებული გაურკვეველი წარმონაქმნის დახმარებით საქართველოსა და მთელ ცივილიზებულ სამყაროს უღირსად, ცინიკურად, დამალობანას ეთამაშება... თვეზე მეტია, მხოლოდ იმიტომ ჰყავს პატიმრობაში, რომ არ აქვს პასუხი, რატომ ჩაიდინა ეს. აბსურდულ, სასაცილო მდგომარეობაშია, მაგრამ, რაც მთავარია, ამ უზნეო საქციელს არად დაგიდევს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სასაცილო მდგომარეობაშია თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიომ დაინახა, როგორი კომპლექსების ტყვეა ეს უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილი, თუმცა, ყოველგვარი ღირებულებებისგან შორს მყოფი სახელმწიფო. რუსეთისგან არაფერი უნდა გვიკვირდეს, თუმცა მაინც მიკვირს მათი ასე დამცრობა...

- რას ელოდებით შემდეგ სასამართლო პროცესზე?
- ველოდები, რომ ქართველი ექიმი ხვალ თუ ზეგ გათავისუფლდება. ეს ღირსეული ადამიანი, რომელიც მსოფლიოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა არსებობას რუსეთისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც არ აქვს, თვეზე მეტია, ახსენებს, რომ ცხინვალის გაყინულ საკანში მყოფ კაცს, მეტი პრინციპულობის გამოჩენა შეუძლია, ვიდრე ათობით ახმაურებულ ორგანიზაციას. თავის დროზე რუსეთის ზღვარს გადასულ არაადამიანურ ქმედებებზე დასავლეთის ენის მოჩლექით საუბარმა გამოიწვია ეს შედეგი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არც ევროპა და ის ორგანიზაციები არიან კარგ დღეში, რომელთაც ერთი უზნეო სახელმწიფო თვალში ნაცარს აყრის და არც თვითონ რუსეთი, რომლის წარმომადგენლებს მსოფლიო ისე უყურებს, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო აგრესორებს, რომლებიც, საქართველოზე პოლიტიკური მოტივით გაბოროტებულები, უდანაშაულო ადამიანს ებრძვიან... მაგრამ ამ არაადამიანურ რეჟიმთან ვაჟა ექიმი უკვე გამარჯვებულია. რაც შეეხება კუხიანიძეს, არ მგონია, ქართველებს მოღალატეები და სულმდაბლები გვიკვირდეს, რომლებიც სწორედ ყველაზე რთულ პერიოდში იღებენ ხმას.

"უსუსურია ხელისუფლების უხერხემლო, ვითომ დიპლომატიური პოლიტიკა"

რატი ამაღლობელი, პოეტი: - რუსეთის პოლიტიკა ასეთია - ყველა მოსაზღვრე ქვეყანა აკონტროლოს და თუ სხვა გზებით არაფერი გამოუვა, მას აქვს გეგმა­ "ბე" - ძალა, რომელიც აღმართს ხნავს. ამის დამტკიცებას ცდილობს ახლაც და არ ესმის, რომ ყოველთვის არ გაუვა. არჩილ ტატუნაშვილიც - უდანაშაულო ადამიანი, წამებით მოკლეს და კარგა ხანს ოჯახს ცხედარსაც არ აძლევდნენ. მზარავს იმის წარმოდგენა, რომ დასჯის ასეთი მექანიზმი ადამიანის გონებაში იხარშება...
ასეთ მძიმე რეალობაში უსუსურია ჩვენი ხელისუფლების გაუგებარი და უხერხემლო, ვითომ დიპლომატიური პოლიტიკა.

- ანუ საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები და მოწოდებები ეფექტიანი არ აღმოჩნდა, რადგან მეორე მხარეს რუსეთი დგას?
- ამდენი ხანია, გვარწმუნებენ, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი გამართლებულია. მაშინ გვაჩვენონ შედეგი! თან ვიღაცები მხარს უბამენ - რას ვიზამთ, დათვია, ძალა აღმართს ხნავსო. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასეთ შემთხვევებში შედეგი იქნება მაშინ, როცა ყველაფერი კოორდინირებულად ხდება, ამას მთელი ნიჭი და ენერგია ხმარდება და მესიჯები შენი ქვეყნის მოქალაქის დასახსნელად გულწრფელია. ამიტომ გააკეთა ექიმის მეუღლემ გულისმომკვლელი განცხადება, რომლის მოსმენისას უსუსურობის განცდა დამეუფლა - ახლა საქმე ყველამ ერთად გავაკეთოთო, საზოგადოებას სთხოვა დახმარება... არადა, ვაჟა გაფრინდაშვილი იმის გამო ისჯება, რასაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს - რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი როკის გვირაბსა და ფსოუზე გადის.

- "ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა ქართველ ექიმსა და მის ოჯახთან დაკავშირებით, რასაც, ჩვენდა გასაოცრად, ვიღაცებმა მხარი აუბეს...
- კუხიანიძის განცხადება არის "კაგებეშნიკური" ნარატივი. ეს ადამიანი საჯარო მოხელეა, რომლის კეთილდღეობა ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. როდესაც ადამიანი პატიმარია, ვინც არ უნდა იყოს ის, განცხადებებში სიფრთხილეა საჭირო. ეს ელემენტარული მორალია. თუმცა, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ შენ თბილი კაბინეტიდან ლანძღავ კაცს, რომელმაც ქართველებს ღირსება შეგვინარჩუნა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არ არის საჯარო მოხელის ტერმინოლოგია, მაგრამ როდესაც ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, უნამუსო ადამიანთან გვაქვს საქმე, არც მისი სიტყვები უნდა გვიკვირდეს... ჩვენ რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ვიყოთ, კუხიანიძე ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდეს - იმიტომ კი არა, რომ მას თავს დაესხმიან, არამედ ხალხში გამოსასვლელი პირი არ უნდა ჰქონდეს. თანამდებობაზე ყოფნაზე აღარაფერს ვამბობ. ახლა ამ "ტროლებმა"­ და "ბოტებმა" ყველაფერი მიატოვეს და მთელი სახელმწიფო სამსახური ამაზეა გადართული, როგორ მოსცხოს ჩირქი გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

"ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. ჩვენ გვინდა, გავუშვათ ეს თეთრი ხალათი ჰაერში, რათა გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ ყველას, რომ ექიმებს საზღვრები არა აქვთ არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს! დააბრუნეთ ექიმი სახლში!" - ასე მიმართეს ოს ექიმებს 15 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ექიმის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც ექიმის ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა თეთრ ბუშტებზე გამობმული თეთრი ხალათი ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაუშვეს.

ერთ-ერთი ოსი ჟურნალისტის, ზარინა სანაკოევას თქმით, ახალგორის ე.წ. რაიონულ სასამართლოში 13 დეკემბერს დანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე მან ოდნავ შეღებული კარიდან მოჰკრა თვალი ქართველ ექიმს, რომელიც დაკავებულებისთვის განკუთვნილ საკანში იყო.

"გაუპარსავ მამაკაცს ხელბორკილი დაადეს და უკანა კარით გაიყვანეს. ის საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს, რომლის ფოტო ინტერნეტით გავრცელდა..."

სანაკოევა ამბობს, რომ დაკავებული ექიმის ადვოკატთან დაკავშირების მცდელობამაც უშედეგოდ ჩაიარა, რადგან ვლადიმირ ფიდაროვს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს.

"ვაჟა თავისი სამშობლოს ციხეში ზის"

თამილა ლაფანაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: - მინდა ვთხოვო ჩვენ გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, მრავალი საუკუნე ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს. მჯერა, ის გაუგებრობა და პრობლემები, რაც გვქონდა, მოგვარდება პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. ვაჟას საქმიანობა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვაა. წარმოუდგენელია, რომ ის ჰუმანური მისიის გამო საშინელ პირობებშია. ვაჟა თავისი სამშობლოს ციხეში ზის. ჩვენ ეს გვანადგურებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, დასაფიქრებელია, რადგან შეიძლება მის საზიანოდ მოტრიალდეს...

რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც აქამდე გადადგეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა. ამიტომ მოვითხოვეთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა, რომ მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია.
რაც შეეხება ჩემს განცხადებას ევროსაბჭოსთან დაკავშირებით, ეს დღე ნამდვილად საზეიმოა, მაგრამ ამ ორგანიზაც­იაში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი­ პრინციპი არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქისა და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება! ამაზრზენია ცალკეული თანამდებობის პირებისა და "ბოტების" ცილისწამება და ყველა ამ ადამიანს სასამართლოში პასუხისგება მოუწევს.

"ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება!"

ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა:

"მთელი ცივილიზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფლებას უკავშირდება. საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს, ამით კი ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის. არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას! არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან! დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზება და ამით მანიპულირება, მით უფრო - ქართველი ექიმის ოჯახის საპირისპიროდ. ოჯახის სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ. მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება!"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები