"ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევა გვარიანად აეჭვებდეს" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევა გვარიანად აეჭვებდეს"

15 დეკემბერს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, მანამდე კი "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა... გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც ცდილობენ ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას. რით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გამო პრობლემა ექმნება. ალბათ, გუნდის შიგნითაც იკითხეს, სად მიდიოდა ეს კაცი, რა უნდოდაო?.. სწორედ ეს განწყობა გამჟღავნდა ახლა. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს 14 დეკემბრისთვის, ანუ მათი აქციისთვის გაათავისუფლებდნენ, რის შემდეგაც მიტინგზე გამოიყვანდნენ და გმირად გამოაცხადებდნენ. რადგან ეს არ მოხდა, არენაზე გამოვიდა კუხიანიძე და ექიმი პროვოკატორად გამოაცხადა. მათი მორალი ნახეთ! თუ გაფრინდაშვილი მათ რიგებში აღმოჩნდებოდა, ის გმირი იქნებოდა, თუ არა და... ხომ ხედავთ, მათი პარტიული გაგებით რა მანძილია გმირობიდან პროვოკატორობამდე...

- საინტერესოა, რომ 14 დეკემბრის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს ვაჟა გაფრინდაშვილზე...

- კალაძემ და გახარიამ გააკეთეს განცხადებები და, როგორც ჩანს, ეს საკმარისად მიიჩნიეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევა გვარიანად აეჭვებდეს. მას, სავარაუდოდ, აქვს კითხვები, რომლებზეც უსაფრთხოების სამსახური დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ სცემს. ალბათ, რაღაც თეორია ექნება... არ გამოვრიცხავ, ისიც "ნაციონალად" მიიჩნიოს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად