"ეს აქცია დაჭეჭყილ გენერატორს ჰგავდა... ივანიშვილი კი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის სამართალმემკვიდრე გახდა" - კვირის პალიტრა

"ეს აქცია დაჭეჭყილ გენერატორს ჰგავდა... ივანიშვილი კი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის სამართალმემკვიდრე გახდა"

ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ჯერი მმართველ პარტიაზე მიდგა - 14 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა "ქართული ოცნების" აქცია, რომელიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს მორიგე თავმჯდომარის სტატუსის მიღებას მიეძღვნა. ღონისძიება ხალხმრავალი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველმა ძალამ გვარიანი თანხა და ძალისხმევა დახარჯა მასზე საკუთარი პარტიული აქტივისა თუ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისთვის. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ეს იყო კარგად ორგანიზებული აქცია. რეგიონებიდან ბევრი ხალხის ჩამოყვანა შეძლეს. ეს "ქართულ ოცნებას" არც გაუჭირდებოდა - მათ ხომ, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აქვთ!

ამგვარ აქციაზე ადამიანის წასაყვანად არ არის საჭირო მუქარა, რადგან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა იცის, რომ თუ არ წავა, შეიძლება პრობლემები შეექმნას. ეს არ ყოფილა სახალხო შეკრება. თვითონ კი ცდილობენ, ეს აქცია ძალის დემონსტრაციად წარმოაჩინონ, მაგრამ ასეც ნუ დაიიმედებენ თავს! თვითონ ყველაზე კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ეს ხალხი თავისუფლების მოედანზე. ეს იმ მუხტის აქცია არ ყოფილა, დიდხანს რომ გაჰყვეს "ქართულ ოცნებას". მოგეხსენებათ, არსებობს ახალი კვების წყარო, მაგრამ გვინახავს ენერგიისგან დაცლილი კვების წყაროც, რომელსაც ჭეჭყავენ. ეს აქცია სწორედ დაჭეჭყილ გენერატორს ჰგავდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, კარგად გამოჩნდა, რომ მას 2012 წლის ნოსტალგია აქვს, იმ დროში უნდა დაბრუნება, როცა ის ხალხს უყვარდა და კომფორტულად გრძნობდა თავს. ივანიშვილს ბევრი ხალხის დანახვა ესიამოვნა, თუმცა, ალბათ, ხვდება, რომ ეს არ არის ის, რაც 2012 წელს იყო. მისი განცხადება - ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ 2012 წლის იდეალებისო, ცინიკურია. რა იდეალებზეა ლაპარაკი, როცა არც ერთი მაშინდელი დაპირება "ქართულ ოცნებას" არ შეუსრულებია?! ეს განსაკუთრებით დამცინავად ისმის მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სამართალმემკვიდრე გახდა. საინტერესოა, რომელ იდეალს უერთგულა? მაშინ "ქართული ოცნების" საბრძოლი დროშაზე გირგვლიანი ეწერა, დღეს კი გირგვლიანის საქმის მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უვადო მოსამართლედ არის გამწესებული... არ ვიცი, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ძველი იდეალების ერთგულია. გულში შეიძლება კარგ რამეებს ფიქრობს, მაგრამ საქმით მან ნამდვილად უღალატა 2012 წლის იდეალებს.

ბიძინა ივანიშვილს ძალიან აშინებს ძალაუფლების დაკარგვა. პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობით მან ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მისთვის სიტყვის კაცის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძალაუფლების დაკარგვის შიში იმხელა აღმოჩნდა, ამაზეც კი უარი ათქმევინა.

როცა მას წინ დაუდეს ე.წ. ამბოხის სცენარი და არწმუნებდნენ, ხუნდაძე ამბოხდება და პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე გადავა, შენკენ კი ხელს არავინ გამოიშვერსო, მან დაიჯერა, დაიჯერა, რომ საზოგადოება ამას "ჭამდა" და ის საქმიდან სუფთად გამოვიდოდა... მას რეალობის ოდნავი შეგრძნება რომ ჰქონოდა, ამას არ დაიჯერებდა... ადამიანებმა, რომლებიც მას უქმნიან ალტერნატიულ რეალობას, დაინახეს, როგორ ეშინია ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის და მას შესთავაზეს ე.წ. გამოსავალი. ამ პროვინციული სპექტაკლის სცენარის ეფექტურობაში დაარწმუნეს და გადაადგმევინეს მისთვის, როგორც ხელისუფალისა და პოლიტიკოსისთვის კი არა, როგორც პიროვნებისთვისაც ფატალური ნაბიჯი.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად