"ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია" - ერეკლე კუხიანიძის საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია" - ერეკლე კუხიანიძის საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

"ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია "სამოქალაქო მოძრაობის" მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის დეპუტატობისთვის შეუფერებელია.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ "იდიოტებს" უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ "იდიოტები ან პროვოკატორები არიან".

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც", - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აქციაზე ასევე ხმაური იყო - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეკამათება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის რამდენიმე წევრს საკრებულოში შესვლის უფლება არ მისცეს.

აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს ცენტრალური შესავლელიდან გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც კარის გაღება და შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არც ამ შემთხვევაში მისცა. აღნიშნული აქციის მონაწილეებმა კარზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ადგილზე ნაგვის ურნაც მიიტანეს, რაც მათივე თქმით, არსებულ ვითარებას ასახავს.

აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატის , ერეკლე კუხიანიძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვენ.

"ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია. მას არაფერი ესაქმება საკრებულოში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"