"აჩიკო, მონათა ბაზრის დირექტორი ხარ" - თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძეს დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

"აჩიკო, მონათა ბაზრის დირექტორი ხარ" - თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძეს დაუპირისპირდა

მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი. იმიტომ არ შემოვდივართ და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და პასუხი მოითხოვა, რატომ არ აძლევს არჩილ თალაკვაძე უფლებას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული პატიმრები მოინახულოს.

„მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი. პარლამენტი კი არ არის, მონათა ბაზარია მართლა. იმიტომ არ შემოვდივართ პარლამენტში და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა. აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენი უფლებით ვისარგებლოთ და ივანიშვილის რეჟიმის პატიმრები მოვინახულოთ. აქ ბორკილებს რომ ათამაშებთ ბატონო არჩილ და შოუებს დგამთ, იცით რა უნდა გააკეთოთ? ციხეში უნდა შეგვიშვათ.

ქალბატონი სოფიო აქ რომ ზის ხოლმე და დღეს წაბრძანდა ციხეში, 6 თვე რატომ არ დაინტერესდა პოლიტპატიმრების ბედით? რატომ არ შემოუშვეს ზურაბ ბუდაღაშვილის და ბესიკ თამლიანის დედები? რატომ გვეჯიკავნენ სუს-ის წარმომადგენლების დავალებით რიგითები, სამ ქალს, ყავარჯნიან ქალს და დედას და არ გვიშვებდნენ პარლამენტში? მერე ქალბატონი სოფიო კილაძის დავალებით გაიცა საშვი იმიტომ, რომ ჩვენ მეორე რანგის დეპუტატები და მოქალაქეები ვართ ყველა, ვინც არჩილ თალაკვაძე არ არის, სოფიო კილაძე არ არის და ვინც ბიძინა ივანიშვილს არ ემონება და ამ მონათა ბაზარში არ უნდა მონაწილეობის მიღება.

რა აკადრეთ გიორგი რურუას, რომელსაც იარაღი არცკი ჩაუდეთ, მერე მიიყვანეთ ადამიანი და უთხარით, რომ ეს იარაღი უნდა იყოს ის, რომელიც ჩაგიდეთო. დიახ, არცკი უნახავს ის იარაღი და ამ ადამიანთან არ მიშვებთ უკვე მრავალი კვირის მანძილზე თქვენ. არ მიშვებთ ბუდაღაშვილთან, მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მანამდე ბოკუჩავამ უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა და მას "მონათა ბაზრის დირექტორი" უწოდა. „აჩიკო, შენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლების უკან რომ იმალები, მონათა ბაზრის დირექტორი ხარ,"- მიმართა ბოკუჩავამ თალაკვაძეს. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბოკუჩავა ეპატაჟის მოწყობაში დაადანაშაულა. "მიკროფონის ჩართვის უფლებამოსულება რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ ილაპარაკებთ. თითი დაუქნიე ბიძინა ივანიშვილს. ეპატაჟი ხარ შენ,"- მიმართა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს. თავის მხრივ თალაკვაძემ მას და "ევროპული საქართველოს" წევრს სერგო რატიანს თავიანთი ადგილების დაკავებისა და "ღვედების შეკვრისკენ" მოუწოდა.

ბოკუჩავას ამ გამოსვლამ უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი გააღიზიანა, რომელმაც დეპუტატს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„კორექტულად ილაპარაკე ან გაჩერდი! გააჩერეთ, რა უფლება აქვს ასეთი ლაპარაკის?, - განაცხადა ყაველაშვილმა.