"ივანიშვილის პოლიტიკური ბედი განსაზღვრულია, თუ ასლანის გზას გააგრძელებს, ასლანის ვარიანტი მისთვის უკეთესი იქნება" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის პოლიტიკური ბედი განსაზღვრულია, თუ ასლანის გზას გააგრძელებს, ასლანის ვარიანტი მისთვის უკეთესი იქნება"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, სასამართლოში დღეს ჩატარებულ დაკითხვაზე ახალი არაფერი გაუგია.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საქმეზე რაზეც პროკურატურამ ძიება დაიწყო და რასაც გრიფი ადევს, გასაიდუმლოებელი არაფერი იყო. ბოკერიას თქმით, ვერ მოისმინა ვერანაირი ლოგიკური ახსნა," ხუთი წლის თავზე, რატომ გაახსენდათ ეს საქმე" .

"იქ არის ფორმალური ვალდებულება, გრიფი ადევსო და ამიტომ, დეტალებზე არ ისაუბროო. თუმცა, შემიძლია გითხრათ, არაფერი ისეთი იქ, არ დასმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ შეიძლება გრიფით საიდუმლო ჰქონდეს. თუ რამე ისეთი არის, სენსიტიური იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ჩემი მდივნობის დროს ეწეოდა, ახლა, იმ სენსიტიურ რაღაცებზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს არცერთ შემთხვევაში ჩემგან ინფორმაცია არც ექნებათ იმაზე მეტი, რაც დოკუმენტებშია. ამიტომ, ჩემი აზრით, აქ არაფერი იყო გასასაიდუმლოებელი, რაზეც შიგნით იყო საუბარი",-განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, მისი დაკითხვის საჭიროებას ვერანაირად ხსნის.

"მე ვარანაირად ვხსნი საჭიროებას. ეს საჭიროება ვნახე მათგან. რეალურად, მთავარი გარემოება, რაც "შეიცვალა" არის ის, რომ მაშინ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე ჩათვალეს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ფოკუსირება. ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების რეჟიმის და ამიტომ, ფრთები უფრო ფართოდ გაშალეს. ამ დევნაში მე არც პირველი ვარ,არც მეორე და არც მესამე",- განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გაფრთხილებულია, ფორმალურადაც ვერ ისაუბრებს კითხვებზე, რითაც გამოძიება დაინტერესდა.

"გაფრთხილებული ვარ და ფორმალურად არ შემიძლია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამით არაფერს კარგავთ", აღნიშნა ბოკერია.

ამასთან, მისივე თქმით, მან არაფერი იცის იმაზე, თუ რა ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.

"ხომ იცით, არ მიყვარს რაღაც ვიქტიმიზაცია. ამიტომ, გეუბნებით, რომ ჩემი პერსონის საკითხი არ ცვლის იმ სურათს, რაც ისედაც გვქონდა, როცა პოლიტიკური ლიდერების მთელი წყება, მედია ლიდერების, ვინც ხელისუფლების ოპონენტია გამოძიების ქვეშ არის. ციხეში არის ბრალდებული. ამიტომ, ეს ამ სურათის, იმ ილუზიის ნაწილია, რაც ივანიშვილს აქვს, რომ ამ მეთოდებით შეიძლება ის ლეგიტიმური აღშფოთება და ბრაზი, რაც საზოგადოებას მის მიმართ აქვს გადაგდებისა და შეურაცხყოფების შემდეგ, რაც მან ხალხს მიაყენა, რომ ეს ამით გაქრება. ეს არის სრული სიბრიყვე. ახლა, ახალი გარემოება, რომ ეს კრიზისია, ჩემი აზრით, საღი აზრის ფარგლებში ყველასათვის ნათელია", - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ელის თუ არა ბრალის წარდგენას, ბოკერია პასუხობს, რომ ის არაფერს ელის.

"მე არაფერს ველოდები. ჩემი, როგორც აქტიური მოქალაქის, პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ ამ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა თავისი შეურაცხყოფით ქვეყანა შეიყვანა, ჩვენ ნაკლები ზიანით გამოვიდეთ. ივანიშვილის პოლიტიკური ბედი განსაზღვრულია, ოღონდ შეიძლება ბევრად უფრო დამძიმდეს. თუ ასლანის გზას გააგრძელებს, ასლანის ვარიანტი მისთვის უკეთესი იქნება, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის არა ეს, არამედ ის, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანი და რისკის გზით, მშვიდობიანი, პროპორციული და სამართლიანი არჩევნებით ეს კაცი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. იქამდე მან გადადგას ნაბიჯი, რომ უკან წაიღოს ეს შეურაცხყოფა. ჩემი მოლოდინი და ამოცანა ეს არის. ამ აგონიაში მყოფი რეჟიმი რამდენ სისულელეს ჩაიდენს ამის პროგნოზირება რთულია", - განაცხადა ბოკერიამ.