"ერეკლე კუხიანიძე შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და "ქართულ ოცნებას" ვერ უარვაყოფინეთ, ასეთი არაფერი გამიგია" - კვირის პალიტრა

"ერეკლე კუხიანიძე შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და "ქართულ ოცნებას" ვერ უარვაყოფინეთ, ასეთი არაფერი გამიგია"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "შემდეგი გაჩერება იქნება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი და მის კაბინეტშიც აუცილებლად დაიდგმება კარავი". ამის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც დაცვამ საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

მისივე თქმით, კარავი ყველა დეპუტატის ოთახში დაიდგმება და ბრძოლა არ გაჩერდება.

"ვინც ვაპროტესტებთ ისინი გარეთ უნდა გამოგვყაროს პოლიციამ ძალის გამოყენებით და ტყვე რომ არის ჩვენი მოქალაქე, მას ვინც წიხლს მიაყოლებს, საკრებულოში უნდა იჯდეს? შვილს აღარ უნდა კუხიანიძე, შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და "ქართულ ოცნებას" ვერ უარვაყოფინეთ. ასეთი არაფერი გამიგია", - აცხადებს ხაბეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ხაბეიშვილს ხელზე დაზიანება აქვს, რომელიც მისივე თქმით, "პოლიცია რომ ეფერებოდა", იმ დროს მიიღო.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს შენობაში ხმაურია. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ კუხიანიძეს თანამდებობა დაატოვებინონ. მათ ოთახში კარავი აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ. დაცვის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია მათი ოთახიდან გაყვანას ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"