"ერეკლე კუხიანიძე "პატარა გავრილოვია", ის სოსო გოგაშვილის და სუს-ის კადრია და ივანიშვილი მფარველობს" - კვირის პალიტრა

"ერეკლე კუხიანიძე "პატარა გავრილოვია", ის სოსო გოგაშვილის და სუს-ის კადრია და ივანიშვილი მფარველობს"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე სოსო გოგაშვილის და სუს-ის კადრია და მას ბიძინა ივანიშვილი მფარველობს.

როგორც ხატია დეკანოიძემ საკრებულოს შენობაში განაცხადა, ისინი ითხოვენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მივიდეს და ერეკლე კუხიანიძეს დაატოვებინოს დეპუტატის მანდატი.

"ეს ადამიანი არ არის თბილისელების ნდობით აღჭურვილი. ის არის მტერი, "პატარა გავრილოვია" და უნდა წავიდეს. ჩვენი ინფორმაციაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს ამ ადამიანს და სწორედ ამიტომაა მთელი "ქართული ოცნება" გადაფარებული მასზე და ამიტომ გვასხამს ლაფს ეს კაცი, ესაა სიმართლე. სოსო გოგაშვილის და სუს-ის კადრია, ამიტომ იმყოფება ბიძინა ივნიშვილის მფარველობაში. ახლა მთელი სუს-ი აქაა, მთელი პოლიცია. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ძალადობს ადამიანებზე. ჩვეულებრივი "ფეისბუქ ტროლია" ეს კაცი, ამაში იღებს გასამრჯელოს. ირაკლი ნადირაძეს ხელი აქვს გადახსნილი. კუხიანიძის გამო ხდება ეს ამბავი. ესაა ის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი", - აღნიშნა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა კარავი გაშალეს, რა დროსაც მათსა და საკრებულოს დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, საკრებულოში დაპირისპირებისას პოლიციამ შენობიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანა, რამდენიმეზე კი ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. მისივე განმარტებით, ისინი საკრებულოს შენობაში არღვევდნენ წესრიგს, რის გამოც, პოლიციამ შენობიდან მათი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"