"მე არსად წასვლას არ ვაპირებ!" - კვირის პალიტრა

"მე არსად წასვლას არ ვაპირებ!"

"არ ავიღებ პასუხისმგებლობას სისხლის ღვრაზე და ჩემს შვილებს ამ ცოდვას არ ავკიდებ"

იყო დრო, "ეროვნული ფორუმი" "სახალხო კრების" ინიციატორებს აკრიტიკებდა, დღეს კი "ფორუმი" "სახალხო კრების" ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტია. "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ამ სტრატეგიას ორი ხელით ჩხუბს უწოდებს.

- "ფორუმს" აუცილებლად უნდა მიეღო კრებაში მონაწილეობა, რადგან ვერაფრით დავუშვებდით მის კრახს. ვფიქრობ, "ფორუმის" იქ მისვლით პოზიტიური რამ მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე შევთანხმდით და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ.  მთავარი იყო, 25 ნოემბერს კრება ჩატარებულიყო. კრება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოოდ ყველამ იქ უნდა მოიყაროს თავი.

- ხომ არ ეწინააღმდეგება "ფორუმი" საკუთარ თავს, როდესაც როგორც კრების სუბიექტი ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობს, უნდობლობას უცხადებს და ამავე დროს მონაწილეობს ხელისუფლებასთან დიალოგში საარჩევნო გარემოს შეცვლაზე.

- ეს ხელს არ უშლის ჩვენს სტრატეგიას. ხელისუფლება ამ ქვეყნის მტერია და დე იურე არ ვცნობთ. მაგრამ ეს ხელისუფლება დე ფაქტო არსებობს და მას ამიტომ ველაპარაკებით.

რაც შეეხება "ფორუმის" სტრატეგიას,  ეს იყო და არის ორი ხელით ჩხუბი. ერთია საარჩევნო გარემო და მეორე - "სახალხო კრების" გაძლიერება და ფეხზე დაყენება. კრება რაც უფრო ქმედითი, გავლენიანი და ძლიერი იქნება, მით  შედეგიანი იქნება საარჩევნო გარემოზე დიალოგი. როდესაც "ფორუმი" ამ საქმეში ჩაერთო, ქართველი საზოგადოება ფეხზე დადგა და ნაცვლად იმისა, სააკაშვილი კედელთან მიგვეყენებინა, ლაპარაკი დავიწყეთ, აქედან არაფერი გამოვაო.

კრება იძლევა საშუალებას, რომ მის სუბიექტებს ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ. ჩვენ შევთანხმდით, -  ეს ხელისუფლება გასაშვებია, მაგრამ ნურავის ეგონება, კრებაში ყველა ერთ ჭკუაზე ვართ და ნურავინ ჩათვლის ამას განხეთქილებად. ჩვენთან ხომ ყოველთვის ასეა, ოდნავ განსხვავებული აზრი თუ გამოთქვი, არიქა, ეგენი დაიშალნენო.

- ისე, კრების კი არა, "ფორუმის" დაშლაზეა ბოლო დროს ლაპარაკი.

- წიგნი უნდა გამოვცე - "ჭორები ფორუმის შესახებ". აღარ დაადგა საშველი ამ ჭორაობას.

- "ფორუმიდან" ირაკლი მელაშვილის მოულოდნელ წასვლაზე საზოგადოებამ დასაბუთებული ახსნა ვერ მიიღო.

- ირაკლიმ თავად მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. იმედია, ის დაუბრუნდება პოლიტიკას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჭორიკანებმა მეც გამიშვეს "ფორუმიდან", კახა შარტავაც, რეზო შავიშვილიც და ნოდარ ჯავახიშვილიც.

ირაკლი მელაშვილი ისეთი ადამიანია, ვისი გაშვებაც ასე ადვილი არ არის, თანაც ფორუმში "გაშვებები" არ ხდება. ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს.

- მაგრამ რატომ გადაწყვიტა წასვლა მელაშვილმა?

- იყო საკითხები, რაზეც ირაკლის "ფორუმის" სხვა წევრებისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა და ამიტომაც  მიიღო ეს გადაწყვეტილება.

- რა საკითხზე ჰქონდა განსხვავებული პოზიცია?

- აღარ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. დავამთავროთ.

- მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი "სახალხო კრებას" ანაქრონიზმს უწოდებს და პარალელს ავლებს ნოვგოროდის ვეჩესთან.

- როგორ მაინტერესებს, ვინ გაავლო ეს პარალელი? რა იციან, რა იყო ნოვგოროდის ვეჩე? ნოვგოროდი ჰანზის (ჩრდილოევროპული სავაჭრო ქალაქების) კავშირის წევრი იყო. "სახალხო კრება" მარტო ვეჩე არ არის, ბატონო უწიგნურო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებო! "სახალხო კრებით" იარა დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში. ასე იყო ათენი, სპარტა, რომი. XX საუკუნეში ასეთი იყო ინდოეთის ეროვნული კონგრესი. სხვა რამეები მოიფიქრეთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებო!

- თქვენ კრების წარმატებაზე ლაპარაკობთ, მაგრამ საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ კრება მარცხით დამთავრდა.

- კრებას ბევრი უყურებს გამომცდელი თვალით. ქართველებს გვაქვს ასეთი თვისება: ერთი შევხედავ, რა გამოვა და თუ გამოვა, მერე დავდგები მის მხარეზეო. იყავით ასე მომლოდინეები. გარწმუნებთ, ამ ზამთარში კრება ძალიან სერიოზულ ორგანიზაციად გადაიქცევა და ვიღაც-ვიღაცებს რჩევას მივცემ,  ნუ დაიგვიანებენ.

- ირაკლი ოქრუაშვილმა  განაცხადა, რომ "სახალხო კრების" სახით მორიგი საპნის ბუშტი გასკდა.

- ყველას აქვს უფლება, კრება შეაფასოს. შევეცდები, ძალიან მალე ბატონი ირაკლი (საქმით) გადავარწმუნო.

- მაგრამ, როდის აპირებთ ამ ყველაფრის მოსწრებას? გაგახსენებთ, "კვირის პალიტრასთან"   ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, 2010 წლის მერე "ფორუმი" პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავსო. ორი კვირა დარჩა.

- მუხტის ასაწევად პოლიტიკოსმა შეიძლება ასეთი უტრირება გააკეთოს. მინდა მტერიც და მოყვარეც დავამშვიდო, არსად წასვლას არ ვაპირებ. "სახალხო კრება" ისეთი ორგანოა, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

- გგონიათ, კრიტიკოსებიც ასე ახსნიან,  მუხტის ასაწევად თქვა ის ფრაზა გუბაზ სანიკიძემო?

- ჩემს ნათქვამს ქვეყანა არ დაუზარალებია. ხალხი არ მომიტყუებია და არც შეცდომაში შემიყვანია. პოლიტიკაში თუ ვინმეს ნაკლები ტყუილი უთქვამს, გუბაზ სანიკიძეა.  ეს ტყუილი კი არა, გულწრფელი განცხადება იყო. "ფორუმს" უნდა, ძალიან მალე და ეფექტურად შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება, თანაც, განცხადება, 2010 წლის მერე "ფორუმი" პოლიტიკაში თავს ვერ ხედავსო, გაკეთდა "სახალხო კრებამდე".

როდესაც მზად ვიქნებით, დაუმორჩილებლობასაც გამოვაცხადებთ. ვთქვათ სიმართლე: 25 ნოემბერს კრება კარგად ჩატარდა, მაგრამ ხალხი მზად არ იყო დაუმორჩილებლობის გამოცხადებისათვის. ვინც აქტიურ ქმედებებს ითხოვდა, მათი ნაწილი პროვოკატორი იყო, ნაწილი - გულუბრყვილო. მილიონნახევრიანი ქალაქია თბილისი, მაგრამ "სახალხო კრებაზე" 20 ათასამდე კაცი მოვიდა. მათგან თბილისელი 10 ათასი იყო.

ძვირფასო თბილისელებო, თუ სააკაშვილი არ მოგვწონს და ვგმინავთ მისი უღლის ქვეშ, მხოლოდ 10 ათასი კაცი არ უნდა გამოდიოდეს. თუ ვინმეს აინტერესებს, ლიდერები მზად ვიყავით თუ არა,   ვიტყვი, რომ მზად ვიყავით.

- რისთვის?

- თუ უფრო მეტი ხალხი მოვიდოდა, აქციების დასაწყებად თუნდაც იმ ღამესვე.

- აქციებში ცალკეული შენობის პიკეტირებასაც გულისხმობთ?

- არ გვინდა დაკონკრეტება. ნუ დამღალეს ამ ყიჟინით. გეგმაც  გვქონდა და ისიც ვიცოდი, რაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მოვიდა ხალხი და რა ვქნა? 50 ათასზე მეტი რომ მოსულიყო, სხვა გარემო შეიქმნებოდა. საყვედურს არ ვამბობ, მაგრამ მე რა ვქნა, მეტი აღარ შემიძლია. კრებამდე "მაესტროზე" გამოვედი და ვთქვი: არის ორი გეგმა. მოდის ნაკლები რაოდენობის ხალხი, ტარდება მხოლოდ კრება და პროცესი ჭიანურდება, მოდის ბევრი ხალხი, მაშინ ქმედებების დრო მოკლდება.

ბევრი მეუბნება, კი გამოვალ, მაგრამ რომ მეშინიაო? ავიღოთ კონკრეტული თემები, თუნდაც ის, რომ ნავთობკომპანიები სისხლს სწოვენ ხალხს. ერთი დღე დავთქვათ და თბილისის მოსახლეობა ნუ ჩაისხამს ბენზინს. ამის გამო მერაბიშვილი ხომ არ დაგიჭერთ, ჩემო ძვირფასებო?! თუ ასეთ თითქოსდა უმნიშვნელო და განსახორციელებლად ადვილ ქმედებაზე ვერ ავიყოლიე მოსახლეობა, რევოლუციასა და ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე წამოვა? მაინტერესებს, არის ჩვენი ხალხი ბრძოლისუნარიანი და წინააღმდეგობის გამწევი.

არის იმ ხავერდოვან რევოლუციაზე წამომსვლელი თუ არა. "ნაცმოძრაობას" ჰქონდა ხავერდოვანი რევოლუციის მოხდენის უფლება და ჩვენ არ გვაქვს, თუ როგორ არის ეგ ამბავი?

- ანუ ხავერდოვანი რევოლუცია...

- რა თქმა უნდა, ხავერდოვანი, აბა, მე ავტომატებით ვინმეს დევნასა და სისხლის ღვრას არ ვაპირებ. ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს რევოლუციის უსისხლობას. ბევრი ხალხი თუ იქნება, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდება. თუ ცოტა მოვა, გამორიცხულია, ის სადმე წავიყვანო. არ ავიღებ პასუხისმგებლობას სისხლის ღვრაზე და ჩემს შვილებს ამ ცოდვას არ ავკიდებ.

მე წაგებულ ბრძოლაში ვერ წავიყვან ხალხს.  შეიძლება თავი გადავდო, მაგრამ არავის გავწირავ.

კრიტიკა და რჩევები გასაგებია, მაგრამ ლანძღვა-გინება პირადად მე დავამთავრე და არც ხელისუფლების ლანძღვას ვაპირებ, რადგან გალანძღულიც მყავს და შეფასებულიც:

ერთი თვის განმავლობაში 20 ათას კაცს შევხვდი. ყველა შეხვედრას ერთი შეკითხვით ვამთავრებდი: რომ დაგიძახოთ, გამოხვალთ? კიო, 20 ათასივე ამბობდა, მაგრამ სად იყო ეს  ხალხი?

- ოპოზიციამ რამდენჯერაც დაუძახა, იმდენჯერ გამოვიდა ხალხი.

- გავიგე, რომ მიქარა მაშინ ოპოზიციამ და უამრავჯერ მაქვს ჩვენი ხალხისთვის ბოდიში ამისთვის მოხდილი. ოპოზიცია მაშინ არ იყო მზად, მაგრამ ახლა მე ვარ მზად. დავანახოთ ჩვენი ძალა სააკაშვილს.

გაზაფხულზე აქციებს დავიწყებთ, გაზაფხულამდე, იანვარ-თებერვალში, ე.წ. წერტილოვანი აქციები იქნება.

- თქვენ მნიშვნელოვანი უწოდეთ 25 ნოემბრის აქციას, მაგრამ ხელისუფლებამ ეს თავყრილობა არც კი შეიმჩნია. მთელი მთავრობა ბათუმში წავიდა.

- ჰო, იმ დღეს მთავრობა მუსიკალურ ხელოვნებას ეზიარებოდა და სამთავრობო შენობები ცარიელი იყო, - მოდით, შემოცვივდითო. ხელისუფლებასაც სწორედ ეს უნდოდა, რომ მერე ყველაფერი მოეტაფა და  ჩანასახშივე მოემთავრებინა.

დროულად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ სააკაშვილი გადადგება და უგულავა ან ბაქრაძე გახდება პრეზიდენტი. როგორც კი ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი, მისი უფლებები შეიზღუდება, სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრი გახდება. ეს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, დათმობაზე წამოვიდეს, თუ არა და, უნდა გავუშვათ. ამას გინდ ხავერდოვანი რევოლუცია დაარქვით და გინდა ტაშ-ფანდური.