ინტერნეტი გადაარჩენს საქართველოს - კვირის პალიტრა

ინტერნეტი გადაარჩენს საქართველოს

"ჯერ ისევ მიშას ტელესირინოზები და ვიდეოჯადოქრები გვიმღერიან სიმღერას: "ვ ბაგდადე ვსიო სპოკოინოო"

ჩვენში ცხოვრებას ტელევიზორი უშლის ხელს. იმიტომ არა, რომ ბევრი დრო მიაქვს ამ ყუთის ყურებას და თვითგანვითარებას ვერ ვახერხებთ. არც იმიტომ, რომ ზოგიერთი მოქალაქის აზრით, ტელევიზია ზნეობას გვიმრუდებს. უბრალოდ, ძალზე ბევრი ტყუილი ისმის დღეს ეკრანიდან. სახელისუფლებო არხებმა პარალელურ საქართველოს მიაგნეს, "გაბრწყინებულ ივერიას", ქვეყანას, რომელმაც დაამარცხა რუსეთი (თითქმის), განავითარა ეკონომიკა; ქვეყანას, სადაც გრანდიოზული კონცერტები იმართება, სადაც ნოემბრის შუა რიცხვებშიც ბანაობენ ზღვაში. ეს ტყუილი შხამია. ხანდახან ვგრძნობ, როგორ იღვენთება წვეთ-წვეთად ჩემში.

ვხედავ, როგორ აძინებს საღ გონებას დიქტორთა აგიტაციურ-პროპაგანდისტული ტექსტები. ამ დროს  მახსენდება ბავშვობაში ნანახი საბჭოთა ფილმი "ალადინის ჯადოსნური  ლამპარი" (კობერიძე თამაშობდა ფადიშაჰს). იქ არის ასეთი სცენა: მეფესა და მის მხლებლებს, რომლებიც პრინცესის შინ წასაყვანად მოვიდნენ ალადინთან, ჯადოქარი სამ მაგიურ სიტყვას ეტყვის: – "ვ ბაგდადე ვსიო სპოკოინოო".

ეს სიტყვები ჰიპნოზივით იმოქმედებს მეფესა და მის ამალაზე: აცმუკდებიან, დაიწყებენ კუნტრუშს და სიმღერ-სიმღერით, "ვ ბაგდადე ვსიო სპოკოინოო", გაეცლებიან იქაურობას. დღევანდელი სახტელერადიო კომიტეტის არხები სწორედ ამ სიმღერას უმღერიან ხალხს. ვერც "მაესტრო" და ვერც "კავკასია" ვერ ახშობენ ამ "სირინოზის" ხმებს.

თუმცა მალე შეიძლება ტელევიზიის მონოპოლიის დრო დამთავრდეს. ინტერნეტი  ქმნის ახალ ზღაპრულ სამყაროს, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ნატვრისთვალის პოვნა.

ინფორმაცია XXI საუკუნის ჟანგბადია, ის უფრო მეტია, ვიდრე ამბები, ცნობები, ის ჩვენი სასიცოცხლო გარემოს მაკონსტრუირებელია. ინტერნეტტექნოლოგიები კი ამ ჟანგბადის შეუფერხებელი მომწოდებლები არიან.

განა ასანჟმა თავისი "ვიკილიკსით" არ მოახდინა სასწაული? განა არ დაამტკიცა, რომ მცირე რესურსის გამოყენებითაც შეიძლება გიგანტური ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მონსტრის - ამერიკის შერყევა. ვიღას ახსოვს ყოვლისშემძლე მედიაკორპორაციები, სუპერტელევიზიები?! ინფორმაცია ვირუსივით სწრაფად ვრცელდება. ცენზურას, შეზღუდვას აზრი ეკარგება, თუ ავტორიტარულობას აწვები, ან ირანივით უნდა აკრძალო ინტერნეტი, ან უნდა დანებდე.

შესაბამისად, სულ მცირე ხანში უნდა ველოდოთ ქართულ "ვიკილიკსებს", ვინმე გორელ ასანჟს, რომელიც ინტერნეტში გამოკიდებს სკანდალურ დოკუმენტებს. და რას იზამენ მიშას ტელევიზიები? რაიმე შოუთი გადაფარავენ თუ ქვეყნის მორიგ წარმატებას გვაუწყებენ?

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ახალ ამბებს ორი სატელევიზიო არხით იღებს, მაგრამ ის ხალხი, რომელიც აქტიურია, აქვს განსჯისა და კომპეტენტური დასკვნის გამოტანის უნარი, ტიპები, რომლებიც ახდენენ მათ გარშემო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, ინტერნეტით იღებენ ინფორმაციას. სოციალური ქსელებით, ბლოგებით, ინტერნეტმაუწყებლობის მეშვეობით საკუთარი შეხედულებების ტირაჟირებას ბევრი ფული არ სჭირდება.

ეს ჯინია, რომელიც ბოთლიდან გამოუშვეს. ხუნდება სტუდიების ბრწყინვალება, პროპაგანდა ფუჭი ხდება და თავისუფალი ინფორმაციის მაცოცხლებელი ჟანგბადი შვებას გგვრის.

თუმცა ეს ჯერ ადრეა. ჯერ ისევ მიშას ტელესირინოზები და ვიდეოჯადოქრები გვიმღერიან სიმღერას: "ვ ბაგდადე ვსიო სპოკოინოო".

შალვა რამიშვილი