"ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება" - ამერიკელმა კონგრესმენებმა "ქართული ოცნება" "დატუქსეს" - კვირის პალიტრა

"ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება" - ამერიკელმა კონგრესმენებმა "ქართული ოცნება" "დატუქსეს"

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია უკვე რამდენიმე დღეა აშშ-ში ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებიან. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. გამართულ შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის წევრებმა ყურადღება დაუთმეს ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, დეოკუპაციის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხების განხილვას. მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ. ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრების შემდეგ, საქართველოს მთავრობისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, უცხოელმა პარტნიორებმა საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს.

"ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება- ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი",- ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ქართული დელეგაციის წევრებთან - ირაკლი კობახიძესთან, კახა კუჭავასთან და ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ადამ კინზინგერმა ისაუბრა მისი და მისი კოლეგის ჯერალდ კონოლის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართეს და განაცხადა, რომ ის პოლიტიკაშია და მიჩვეულია, რომ "ყველა კმაყოფილი ვერ იქნება“.

"მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არცერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაჰპირდნენ და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ , ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს", - აცხადებს კინზინგერი.

კონგრესმენის თქმით, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა, საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ, მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი,მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია", - ამბობს ადამ კინზინგერი.

შეხვედრების შემდეგ კომენტარი გააკეთა მერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმაც. მისი თქმით, "საქართველოში პოლიტიკურ მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით".

როგორც დევიდ პრაისი "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, აღნიშნულს დიდი ძალისხმება სჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ შედეგი პოზიტიური იქნება.

"ჩვენ ვიცით რომ საქართველოში პოლიტიკური მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა ჭირდება. იმედი გვაქვს, შედეგი პოზიტიური იქნება... მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ ოპოზიციასთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ღირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში", - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი დევიდ პრაისი.

ამერიკელი პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება:

"მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ".

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

"დათმობა არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი მოდელი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს და ამისკენ იქნება ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართული. შესაბამისად, პარასკევს ჩვენ ალბათ, გვექნება საინტერესო დისკუსია ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ ეს შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოს სტაბილური განვითარება გაგრძელდეს.

"მათი [ამერიკელების] სურვილია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება, არ წარიმართოს პროცესები არასწორი მიმართლებით, მაგალითად , მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში, არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ, რაც ბუნებრივია არის ამერიკულ ინტერესებში", - აცხადებს კობახიძე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით